რა არის "იტალიური სინდრომი", რომლითაც ქართველი ემიგრანტი ქალები ხშირად ავადდებიან? - კვირის პალიტრა

რა არის "იტალიური სინდრომი", რომლითაც ქართველი ემიგრანტი ქალები ხშირად ავადდებიან?

ქართველი ემიგრანტებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ემიგრაცია ერთი დიდი ჭაობია, სადაც თუ ფეხი ერთხელ მაინც მოგიხვდა, მერე თავის დაღწევა წარმოუდგენლად რთულია... მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, რომელსაც სამშობლოსა და ოჯახს მოწყვეტილი ადამიანები ყოველდღიურად და ყოველწამიერად განიცდიან, ისინი ვერ და არ ბრუნდებიან საქართველოში და ამისათვის არაერთი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი არსებობს.

ხშირად გაიგონებთ აგრეთვე, რომ ამ წლების განმავლობაში, სწორედ ემიგრანტებმა იხსნეს ქვეყანა და ოჯახები შიმშილისაგან, მაგრამ აღარც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ საკუთარ სახელმწიფოს და ხშირ შემთხვევაში ოჯახებსაც, ნაკლებად აინტერესებთ საქართველოს გადამრჩენელ "ბანკომატ ქალებს" (ხაზს ვუსვამ სქესს, რადგან შრომითი მიგრანტების თითქმის 90 პროცენტს მდედრობითი სქესი წარმოადგენს. - ავტ.), რის ფასად უჯდებათ ემიგრაციაში ცხოვრება. დაბრუნების შემთხვევაში კი, ეს ადამიანები ვეღარ ახერხებენ ადგილის პოვნას. ხშირად, ფსიქიკა და ჯანმრთელობა შერყეულნი ბრუნდებიან, რაც უფრო ართულებს მათ რეინტეგრაციას ოჯახებსა და ქართულ საზოგადოებაში.

არ ვაპირებ რომელიმე კონკრეტული ემიგრანტული ისტორიით აგიჩუყოთ გული, მინდა ძალიან სერიოზულ პრობლემაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც ნამდვილად განგაშის საფუძველს იძლევა. საუბარია დაავადებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, ემიგრანტ ქალბატონებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უვითარდებათ, როდესაც დიდი მონატრებით და უდიდესი მოლოდინებით ბრუნდებიან ოჯახებში, მაგრამ წლების განმავლობაში მათ მიერ ნალოლიავებ და ნაკოწიწებ სახლებში და ახლობლების გულებში მათი ადგილი აღარ არის. საუბარია დაავადებაზე, რომელსაც უკრაინელმა ფსიქიატრებმა "იტალიური სინდრომი" უწოდეს.

ინტერნეტში გავრცელდა შრომითი მიგრანტების კონსულტანტისა და მათი უფლებების დამცველის, მასიმო ჯაკომინის ვიდეო, რომელიც შეშფოთებულია დაავადების გავრცელების ტემპით. AMBEBI.GE ჯაკომინს დაუკავშირდა. მან კმაყოფილება გამოთქვა საკითხით ქართული მედიის დაინტერესების გამო, რადგან როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, პრობლემაზე საუბრის დაწყება მისი გადაჭრის გზის დასაწყისს ნიშნავს.

"ჩემთვის, როგორც იტალიელისათვის, განსაკუთრებულად მტკივნეულია იმის ცოდნა, რომ არსებობს დაავადება, რომელიც ჩემი ქვეყნის სახელს ატარებს. პირველად ეს მოვლენა, როგორც დაავადება, უკრაინაში 2005 წელს დასახელდა ორი ფსიქიატრის მიერ. მათ შეამჩნიეს, რომ იტალიიდან დაბრუნებული ემიგრანტების უმრავლესობას, რომელთა უდიდესი ნაწილი ოჯახებში მოსამსახურეებად და მოხუცების მომვლელებად მუშაობდნენ, ერთი და იგივე სიმპტომები უვითარდებოდათ.

რა არის "იტალიური სინდრომი"? ეს არის ერთგვარი დეპრესიული მდგომარეობა რთულ ფორმებში. იგი ნელ-ნელა მთელს ევროპაში ვრცელდება. დაავადებით განსაკუთრებულად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ქალები იტანჯებიან, რომლებიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ძირითადად "ბადანტეებად", ანუ მოხუცების მომვლელებად მუშაობენ.

როდესაც ემიგრანტები სამშობლოში, წლების წინ დატოვებულ ოჯახებში ბრუნდებიან, ავლენენ შემდეგ სიმპტომებს: მუდმივი გადაღლილობა, უძილობა, წონის მკვეთრი კლება, უხასიათობა, თვითმკვლელობაზე ფიქრი", განმარტავს ჯაკომინი და იქვე დაავადების მაპროვოცირებელ მიზეზებზეც საუბრობს:

"ჩემთვის სრულიად გასაგებია რატომ მიდიან ეს ქალბატონები ამ მდგომარეობამდე. ხშირად, ისინი უმაღლესი განათლების მქონე, დიდი კულტურის მატარებელი პიროვნებები არიან - მასწავლებლები, ინჟინრები, ექიმები, მათ ფინანსური პრობლემების გამო უწევთ დატოვონ მაღალკვალიფიციური სამსახურები, ოჯახები, მცირეწლოვანი შვილები, ჩამოდიან იტალიასა და სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში და უმეტესწილად შინამოსამსახურეებად, ან მომვლელებად მუშაობენ, რაც მათი კვალიფიკაციის ადამიანისათვის ხშირად თავმოყვარეობის გათელვის ტოლფასია..." (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები