როცა სტალინმა "არსენა" ნახა, იმდენად აღფრთოვანდა სპარტაკით, ბრძანება გასცა, რომ... - ქართული კინოს ლეგენდა
როცა სტალინმა "არსენა" ნახა, იმდენად აღფრთოვანდა სპარტაკით, ბრძანება გასცა, რომ... - ქართული კინოს ლეგენდა
ხალხი დღემდე ლეგენდებს ჰყვება სპარტაკ ბაღაშვილზე. ეს მართლაც იშვიათი შემთხვევა იყო, - ხელოვანმა იმდენად გაითავისა როლები, რომ ცხოვრებაშიც "როლში" დარჩა. ხალხმა დაიჯერა, რომ ამ როლების შემსრულებელი ცხოვრებაშიც ასეთია - სულით ავადმყოფი თუ არა, ყველასგან განსხვავებული და "არც ისე ბუნებრივი". გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მსახიობი მართლა ავად გახდა - მას კინოში აღარ იღებდნენ, ამას კი სპარტაკი ძალზე განიცდიდა.

ჩემს თაობას ბაღაშვილი ფილმიდან "ხევისბერი გოჩა" დაამახსოვრდა. ბავშვურად მჯეროდა, რომ ადრე მართლა ხევის წინამძღოლი იყო. ჩემი მშობლების თაობისთვის კი ის სახალხო გმირი, კეთილი,
ვაჟკაცი და სამართლიანობისთვის მებრძოლი არსენა ოძელაშვილი გახლდათ. როცა სტალინმა "არსენა" ნახა, იმდენად აღფრთოვანდა სპარტაკით, რომ მაშინვე ბრძანება გასცა, დაეჯილდოებინათ მსახიობი სახელმწიფო პრემიით, რომელსაც მაშინ "სტალინური პრემია" ერქვა. მოგვიანებით ახალგაზრდა მსახიობი სტალინმა თავისთან, აგარაკზეც მიიწვია, მაგრამ ამას უფრო მოგვიანებით გიამბობთ, ახლა კი ის გავიხსენოთ, როგორ შემოაბიჯა სპარტაკ ბაღაშვილმა ქართულ კინოსამყაროში.

1937 წელი იდგა - სუსხით, გაურკვევლობითა და შიშით აღსავსე პერიოდი. სტალინის რჩეული რეჟისორი კი ფილმს იღებდა. მიხეილ ჭიაურელი "არსენას" გადაღებას იწყებდა და სახალხო გმირის სახეს ქუჩა-ქუჩა დაეძებდა, რადგან ცნობილ მსახიობთა შორის არც ერთი არ ესადაგებოდა მის
წარმოდგენაში შექმნილ გმირს. ერთხელ, სეირნობისას, მუშტიდის ბაღთან მომხიბვლელ ჭაბუკს მოჰკრა თვალი. უცნობს ორი გოგონა ახლდა. რეჟისორი მიუახლოვდა მას და ჰკითხა, ვინ ხარო? წარბი ასწია ჭაბუკმა, - რაში გაინტერესებს, ვინ ვარ? გოგონები მახლავან და თუ ჩემთან რაიმე ანგარიში გაქვს, მეორე მხარეს გადავიდეთ და იქ ვილაპარაკოთო... რეჟისორმა თავისი გვარი უხსენა - ჭიაურელი ვარო... იმან კი, არც აცია, არც აცხელა, - ვინც გინდა, ის იყავიო და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას... რეჟისორი იდგა და კარგა ხანს უცქერდა მის ვაჟკაცურ აღნაგობას. შინ მისულმა ახალგზარდამ მამას უამბო "ერთი ახირებული კაცის" ამბავი. სიხარულით ფეხზე აღარ იდგა თურმე ლევან ბაღაშვილი. ის იმხანად მუშათა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობდა და მიხვდა, რომ სახელოვან რეჟისორს მისი შვილი, სპარტაკი მოეწონა.

მეორე დღესვე მიუყვანა ჭიაურელს თავისი ვაჟი. რეჟისორმა მაშინვე მხატვრული კითხვის ოსტატთან გაგზავნა ჭაბუკი და როცა ორი თვის შემდეგ სპარტაკმა ოტელოს მონოლოგი წაუკითხა, რეჟისორი მიხვდა, რომ არსენა იპოვა. ფილმმა დიდი წარმატება მოუტანა ბაღაშვილს. იმ დღიდან იგი კინოთი "მოიწამლა". არადა, სკოლის დამთავრების შემდეგ მან სულ სხვა სფერო აირჩია - სატყეო ტექნიკის (მაშინ ასე ერქვა) ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ ფილმის გამოსვლის მერე მიხვდა, რომ სხვაგან ვეღარ იმუშავებდა.

1944 წელს სპარტაკმა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სკოლა დაამთავრა. ასე გახდა პროფესიონალი მსახიობი. გაიტაცა ლიტერატურამ და მხატვრულმა კითხვამ. თეატრს არ ეკარებოდა, რატომღაც კინო ერჩივნა.…ამის მერე გადაიღეს ფილმში "აკაკის აკვანი", სადაც მან პირველად ქართული კინოს ისტორიაში სამი როლი - გამზრდელი, მეწისქვილე ესტატე და ვაჟა-ფშაველა განასახიერა.

რეჟისორები აღფრთოვანებულები არიან მისი ტალანტით. იწვევენ იმ როლების შესასრულებლად, რომელიც მკაფიო ჟესტებსა და მიმიკას, პათეტიკას მოითხოვს. სწორედ ასეთია მისი ღვთისია თენგიზ აბულაძის "ვედრებაში", იური მალფერი ფარაჯანოვის ფილმში "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები", მწყემსი მარტია ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას "თეთრ ქარავანში"... და როცა "სულ სხვა" მოთხოვნილება გაჩნდა კინოში - უფრო ბუნებრივის, უშუალო ადამიანის სახის ჩვენება, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, სპარტაკი კინოცხოვრების მიღმა დარჩა. მას ხშირად ხედავდნენ ქუჩაში ნასვამს. დადიოდა თბილისის ქუჩებში და მინისპექტაკლებს მართავდა, კითხულობდა გოგლა ლეონიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის ლექსებს. ერთხელ რეზო ინანიშვილს შეხვედრია და თავისი ბიბლიური ხმით უთქვამს: ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს, რა ელის ცხოვრებაში, მას ვერანაირი ძალა ვერ გამოიყვანს დედის საშოდანო. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?