თითებზე ამოტვიფრული სიყვარული - კვირის პალიტრა

თითებზე ამოტვიფრული სიყვარული

ხანგრძლივი ზუმერის შემდეგ აბონენტმა უპასუხა, როგორც იქნა!

- ალო!

- გამარჯობა, სალომე! მე ზურა ვარ, ხიზანიშვილი.

რა თავდაჯერებულია ეს ბიჭი, რატომ უნდა ვიცოდე, ვინ არის ზურა ხიზანიშვილი? იქნებ, ვიცნობ და... არა, არც მსმენია," - გაიფიქრა სალომემ და..

- რა გნებავთ?

- მინდა, გაგიცნო.

ზურა ხიზანიშვილი ცნობილი ფეხბურთელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, იმ პერიოდში რომელიღაც პრესტიჟული უცხოური გუნდის "საკუთრება", სალომე ღვინიაშვილი კი თბილისში ცნობილი, პოპულარული გოგონა - მაღალი, ლამაზი, ეშხიანი და თანაც - მოდელი. მართლა არ იცოდა სალომემ ზურას ვინაობა, ფეხბურთი არ უყვარდა და არც აინტერესებდა, აი, ზურა კი კარგად იცნობდა მშვენიერ მოდელს. თურმე, სალომესადმი ინტერესსა და სურვილს წლების განმავლობაში ჩუმად ატარებდა გულით.

მერე გოგონა გათხოვდა - სხვას გაჰყვა ცოლად! არ გაუმართლა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც სალომე ღვინიაშვილი ქმარს გაეყარა, ზურამ გაბედა, გადაწყვიტა, სალომეს დაურეკა და... ხანგრძლივი ზუმერის შემდეგ აბონენტმა უპასუხა, როგორც იქნა!.. სატელეფონო საუბრებმა ხშირი, სისტემატური სახე მიიღო.

როცა პირველად გათხოვდა სალომე, 17 წლის არც იყო. ახლაც არ იცის, რამ გადააწყვეტინა ოჯახის შექმნა, ალბათ, თავი დიდი და დამოუკიდებელი ეგონა. მიუხედავად იმისა, რომ გააზრებულად არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი და მალევე დაენგრა ოჯახი, არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას. პირველი ქორწინებიდან ყველაზე მთავარი და ძვირფასი - შვილი დარჩა.

ვერ იტყვის, რომ იმ პერიოდში თავს ცუდად გრძნობდა და პირველი ქმრის გვერდით უბედური იყო. ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია. მაშინაც ბავშვი იყო, როცა ოჯახი დაენგრა. ბუნებრივია, განიცადა, თუმცა ეს ტრაგედია არ ყოფილა - ასაკმა მალე გადაატანინა ტკივილი.

ზურა ხიზანიშვილი სალომე ღვინიაშვილის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელით მოხიბლული ფეხბურთელი ჩასაფრებული იყო და სასურველი ქალის პირად ცხოვრებას თვალს ადევნებდა. სალომე ზურამ პირველივე შეხვედრისთანავე მოხიბლა. მშვენიერი მოდელი მიხვდა, რომ ზურას გარეშე ვერ იცხოვრებდა.

აბონენტმა ორიოდე ზუმერის შემდეგ უპასუხა... კარგია!

- ალო!

- სალომე, უშენოდ აღარ შემიძლია! ერთ კვირაში საქართველოს ნაკრების თამაშზე ჩამოვდივარ და...

ზუსტად ერთ კვირაში დაიწერეს ჯვარი - ცერემონია მოკრძალებული იყო, წრე - ვიწრო. სალომე ღვინიაშვილი ზურა ხიზანიშვილთან ერთად საქართველოდან წავიდა. სად? ხან სად და ხან... გააჩნია, რომელ საფეხბურთო გუნდში თამაშობს ზურა.

ახლა ლონდონთან ახლოს, პატარა პროვინციაში ცხოვრობენ. მოდელის ფეხბურთელი ქმარი, "მანჩესტერიდან" "ბლექბერნმა" "ინათხოვრა". ოჯახმაც გუდანაბადი აიკრა და ლონდონში გადასახლდა. რთულია სახლიდან სახლში, ქალაქიდან ქალაქში გადაბარგება, თუმცა სალომე ბედს უკვე შეეგუა.

მოდის ბიზნესში ვეღარ აქტიურობს, საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. თბილისში ეადვილება პროფესიისა და ოჯახის შეთავსება, აქ ბევრი დამხმარე ჰყავს, იქ კი სრულიად მარტოა, ორ მცირეწლოვან შვილზე, ქმარზე ზრუნავს, უფროსი - დათუნა, ახლა რვა წლის არის, თბილისში ცხოვრობს. სალომეს გამუდმებით ენატრება შვილი, ცდილობს, ხშირად ჩამოვიდეს საქართველოში, თუმცა ზურას გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს.

ამიტომ, დათუნა თავად ჩადის ხოლმე დედასთან სტუმრად. სალომე ღვინიაშვილი ოცდახუთი წლის არის და სამი შვილი ჰყავს, დიდი მონაპოვარია! თუმცა ამის გამო ჩამოშორდა მოდელის პროფესიას, გამუდმებული "მოგზაურობის დამსახურებით" ვერ ახერხებს სწავლას. მანჩესტერში ცხოვრებისას, ფეშენდიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ ისევ გადაბარგება... სწავლა ვერ დაასრულა. მერე პროფესიული მეიქ-აფის კურსებს დაეუფლა. ახლა ერთ-ერთი ახალგამოცემული თბილისური ჟურნალისთვის სტატიებს წერს - ლონდონურ ცხოვრებაზე. ზოგჯერ, მეგობრების თხოვნით, პოდიუმზეც გამოდის - თბილისის ფეშენ-ვიქზე სალომე ღვინიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ "გამოფინა" საკუთარი სილამაზე.

მოდის სფეროს წლების შემდეგ დიზაინერის სტატუსით მოევლინება. მანამდე დრო დიდია, საქმე და სასწავლი - კიდევ უფრო მეტი. აპირებს, ლონდონში სან-მარტინის უნივერსიტეტში ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლას.

ყველაზე დიდი აღტაცებითა და ემოციით ზურაზე ლაპარაკობს. "ხიზანას" ეძახის, ის - "სალოს". არ შეუძლია, სახლში მყოფ ზურას გვერდი გულგრილად აუაროს და არ ჩაეხუტოს. სიყვარული დროსთან ერთად იზრდება, ეს უსასრულოა თითქოს...

სალომე ახლაც ვერ ერკვევა ფეხბურთში, ზურა კი კარგად გაცნობიერდა მოდის სფეროში. იმდენად არ უყვარს ქმარს შოპინგის დამღლელი პროცესი, რომ სალომე ამ პასუხისმგებლობასაც თავის თავზე იღებს - ზურას ჩაცმულობაზე თავად ზრუნავს.

ერთმანეთს ყოველი დღით ანებივრებენ, ყოველი დღე უხარიათ. ზოგჯერ, როცა სამივე შვილს ერთად შესცქერის ხოლმე სალომე, გული უჩუყდება და ხვდება, რომ ყველაფერი დროებითია ცხოვრებაში, შვილების გარდა - ეს მისი მომავალია.

და კიდევ, ახლახან, ლონდონში, შეყვარებულმა ცოლ-ქმარმა სამუდამო დაღი დაუსვა ერთმანეთს - სალომეს და ზურას საქორწინო ბეჭდის ქვემოთ, თითებზე აქვთ ამოტვიფრული:

ფეხბურთელს - "სალო".

მოდელს - "ზურა".

სიმბოლურია...

თამამი...

უცნაურიც -

თითებზე გამოხატული ერთმანეთი...

თითებზე ამოტვიფრული სიყვარული...

ჟურნალი "ბომონდი" ივნისის ნომერი