"ჩემს გამარჯვებას საქართველოს მივუძღვნი" - კვირის პალიტრა

"ჩემს გამარჯვებას საქართველოს მივუძღვნი"

"ჩემს ნომერში მთელი აზიური სამყარო გავაერთიანე"

ცოტა ხნის წინ 25 წლის ქართველმა მოცეკვავემ, იზაბელ ყარყარაშვილმა ბერძნულ "ნიჭიერში" მოსინჯა ძალები. მის მიერ შესრულებული აღმოსავლური ცეკვების ყოველ მოძრაობას მაყურებლის ტაში და ჟიურის აღტაცება ერთვოდა. "ეს არის საუკეთესო ნომერი, თუკი რამ შესრულებულა საბერძნეთის ტელევიზიით" - ამ სიტყვებით გააცილა სამკაციანმა ჟურიმ სამი "კი"-თ ქართველი ქორეოგრაფი.

- 18 თვიდან საბერძნეთში ვიზრდები. დედას მეუღლე ბერძენია - მამინაცვლის გაზრდილი ვარ. მყავს უმცროსი და, რომელიც ჩემი დიდი გულშემატკივარია.

- არადა, კარგად საუბრობთ ქართულად.

- ამაში დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს და ჩემს ნათესავებს, რომლებიც ხშირად მმასპინძლობენ საქართველოში...

ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე, თუმცა არ დამისრულებია - ჩემი დრო, გონება, უნარები და ოცნება მოიცვა ცეკვამ. რომ იცოდეთ, რამდენ ენერგიას მოითხოვს ეს ერთი შეხედვით ჰაეროვანი და მოხდენილი მოძრაობები. საბერძნეთში ფუნქციონირებს სპეციალური ქორეოგრაფიული სტუდიები, რომლის დასრულების შემდეგაც ჯერ ბრინჯაოს დიპლომი დავიცავი, შემდეგ - ვერცხლის, ბოლოს კი - ოქროსი. ასე ვიქეცი პროფესიონალ მოცეკვავედ. ახლა თვითონ ვასწავლი ცეკვას სტუდიებში. გარდა ამისა, ვმონაწილეობ მსოფლიო და ევროპულ ჩემპიონატებში. ზოგიერთ ქორეოგრაფიულ შეჯიბრებებში ჟიურის ფუნქციასაც ვითავსებ.

- თქვენმა ნომერმა ყველა აღაფრთოვანა.

- მითხრეს, რომ არა მხოლოდ ლამაზი შოუ და დახვეწილი ცეკვა ვაჩვენე, დაინტერესდნენ ჩემი წარმოშობითაც და შემიქეს უაქცენტო ბერძნული... მოვუყევი, რომ ქართულ ქორეოგრაფიას ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს - ჩემი დეიდები "სუხიშვილებში" ცეკვავდნენ. დედაჩემი კი, რომელიც ისტორიკოსია, ბავშვობიდან მიამბობდა ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების შესახებ. ალბათ, ამის გავლენით დავინტერესდი ეგვიპტური ცეკვებით, თუმცა, კონკურსზე შევასრულე ცეკვა, რომელიც შეიცავს თურქულ, სირიულ და სხვა აზიური ცეკვების ელემენტებსაც. ჩემს ნომერში მთელი აზიური სამყარო გავაერთიანე. ჟიურის წვერმა მითხრა: არაერთი აღმოსავლური ცეკვა მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი, იგრძნობა, რომ დამუშავებული გაქვთ მთელი აღმოსავლური ცეკვების ფილოსოფიაო.

- ქართულ ცეკვებს არ ცეკვავთ?

- ქართული ცეკვების უკეთესი მაყურებელი ვარ, ვიდრე შემსრულებელი. ვგრძნობ, ჩემია და ვამაყობ, რომ ამ გენის ნაწილი ვარ. საქართველოს ყოველი კუთხე მოვლილი გვაქვს. განსაკუთრებულად მომწონს კახეთი და რაჭა.

უნდა გაგიმხილოთ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს ველი და საქართველო დამესიზმრება, ისე ემთხვევა, ვიმარჯვებ. ამ კონკურსის წინაღამესაც ნერვიულობისგან ვერ ვიძინებდი, არ ვიცი, რამდენ ხანს ჩამთვლიმა და სიზმარში რაჭაში ნაქერალას უღელტეხილს მივუყვებოდი მაღლა ღრუბლებისკენ. კარგად მენიშნა და ამიხდა კიდეც.

ჩემმა მამინაცვალმა, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემზე, შემომთავაზა მისი გვარი მეტარებინა. შესაძლოა, ბევრად ადვილი ყოფილიყო პაპაკანელოს გვარით გამეგრძელებინა ცხოვრება საბერძნეთში, მაგრამ ვისურვე, რომ ორი გვარი მქონოდა - ყარყარაშვილი-პაპაკანელო, თუმცა პროექტში მხოლოდ ქართული გვარით წარვდექი. საბერძნეთში ქართველის ხსენებაზე უჩნდებათ მედეას, სტალინის, აგვისტოს ომის ასოციაცია... ფიროსმანსა და ჩვენს მრავალხმიანობასაც იცნობენ. სამწუხაროდ, კრიმინალითაც ცნობილები ვართ. დედამ მიამბო, მაღაზიაში ქალბატონი ჰყვებოდა, ქართველი კრიმინალების ამბავმა დამზაფრა და კიდევ კარგი, ტელევიზორი არ გადამირთავს, იმავე არხზე ცოტა ხანში ქართველმა გოგომ ისე იცეკვა, გამომიკეთა გუნებაო. ასე რომ, ბერძნები მაფიოზურ საქართველოსაც იცნობენ, პოლიტიკურსაც და კულტურულსაც.

ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის, ბევრს ვმუშაობ, თავს არ ვზოგავ, რომ საუკეთესოდ წარვდგე. თუ გამიმართლა, ჩემს გამაჯვებას საქართველოს მივუძღვნი.

ეკა სალაღაია