"როდესაც მე და ია ვხვდებით ერთმანეთს, თითქოს ისევ ის ბავშვები ვართ" - მაია კანკავას "ვერის უბნის მელოდიები" - კვირის პალიტრა

"როდესაც მე და ია ვხვდებით ერთმანეთს, თითქოს ისევ ის ბავშვები ვართ" - მაია კანკავას "ვერის უბნის მელოდიები"

"ერთხელ გიორგი შენგელაიამ მთხოვა, მაიკო, ბუბასთან დარეკე და შეახსენე, რომ ხვალ 9 საათზე გადაღებააო. დავრეკე, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ირამ აიღო ყურმილი. გამარჯობა, თუ შეიძლება, მამას სთხოვეთ-მეთქი. ვინ კითხულობსო? - ხმა გაებზარა. მისი შვილი ვარ, თამრო-მეთქი"

მიუხედავად იმისა, რომ 5 ფილმშია გადაღებული, მაია კანკავას სახელი დღესაც "ვერის უბნის მელოდიებში" ნანახ ონავარ გოგონასთან ასოცირდება, რომელიც ეკრანულ დასთან ერთად ტანცკლასში" მოხვედრაზე ოცნებობს. როგორ გახდა მედროგე პავლეს ქალიშვილის, თამროს როლის შემსრულებელი, როგორ წარიმართა მას შემდეგ მისი ცხოვრება, მაია კანკავა გვესაუბრება:

- ცხოვრებაშიც ისეთივე ვიყავი, როგორიც ფილმში ვარ. სახლში უზარმაზარი ძველებური სარკე გვქონდა, რომელიც მთელ ჩემს შემოქმედებით თუ წარმოსახვით შექმნილ ცხოვრებას ირეკლავდა. ნაცნობ თუ გამოგონილ პერსონაჟებს პლასტიკით, მუსიკალური ბგერებთ ვასახიერებდი. ჩემს სარკეს ბევრი რამ ახსოვს...

კლასიკური მუსიკა და ჯაზი ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ჰაერი. დედა მუსიკოსი მყავს, მამა ლიტერატორი იყო. ჩემს ძმას ინტერესის ფართო სპექტრი ჰქონდა და ამდენად მეც მათთან ერთად ვიტაცებდი ყოველივე ახალს და მნიშვნელოვანს ხელოვნებაში. ჩემს ბავშვობაში მიუზიკლების ბუმი იყო. მამას ხშირად დავყავდი კინოთეატრებში, ვუყურებდით ევროპულ და ამერიკულ კლასიკას, მიუზიკლებს.

- გიორგი შენგელაიამ სად აღმოგაჩინათ?

- გიორგისა და ჩემს მშობლებს საერთო წრე ჰქონდათ. როდესაც დედას მეგობარს, ჟუჟუნა რევიას, წაუკითხავს ფილმის სცენარი, უთქვამს, გიორგი, ვერის უბანში ცხოვრობს პატარა მაიკო, რომელიც საოცრად მაგონებს ამ ფილმის პერსონაჟსო. ქალბატონმა ჟუჟუნამ წამიყვანა ქასთინგზე. იმ დღესვე დამამტკიცეს. მერე ია ნინიძეც შემოგვიერთდა. ასე შედგა ჩვენი დუეტი.

ახლა, როდესაც ვხვდებით ერთმანეთს, თითქოს ისევ ის ბავშვები ვართ. გვახსენდება ბავშვური სიგიჟეები. მყუდრო პავილიონი, სადაც მიმდინარეობდა გადაღება, ის გასაოცარი ატმოსფერო, რომელსაც გენიალური მსახიობები ქმნიდნენ.

არასდროს ვთვლიდი თავს მსახიობად, რადგან მე ფილმში კი არ ვთამაშობდი, ვიყავი ისეთი, როგორიც ვიყავი ცხოვრებაში.

- ეკრანულ მშობლებთან როგორი დამოკიდებულება გქონდათ?

- ერთხელ გიორგი შენგელაიამ მთხოვა, მაიკო, ბუბასთან დარეკე და შეახსენე, რომ ხვალ 9 საათზე გადაღებააო. დავრეკე, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ირამ აიღო ყურმილი. გამარჯობა, თუ შეიძლება, მამას სთხოვეთ-მეთქი. ვინ კითხულობსო? - ხმა გაებზარა. მისი შვილი ვარ, თამრო-მეთქი. ბუბას თურმე მეუღლესთან ახსნა-განმარტება დასჭირდა, თუ ვინ იყო მისი შვილი თამრო.

ძალიან გვიყვარდა ალისა ფრეინდლიხი. გადაღების დასრულების შემდეგ, პეტერბურგში რომ გაემგზავრა, გემრიელი ვაფლის ტორტი გამოგვიგზავნა. თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ ამ ჟესტით რამდენი რამ თქვა და გამოხატა...

ერთხელ დაუკითხავად ავედით მედროგე პავლეს დროგზე, მოულოდნელად ცხენი დაფრთხა და გაგვაქანა. ამ დროს გიორგი ცხენს ფეხებში შეუვარდა და უნაგირი მოქაჩა - საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და გადაგვარჩინა.

- დადგა პროფესიის არჩევის დრო...

- 4 წლიდან ვიზრდებოდი როგორც პიანისტი, ეს ჩემი ოცნება იყო.

- არადა, ბავშვების უმრავლესობას არ უყვარს ინსტრუმენტთან საათობით ჯდომა.

- არ დაგიმალავთ, "ჩემთვის წამება იყო. არადა, შრომას მოაქვს პროფესიონალიზმი. კონსერვატორიაში ჩავაბარე, კლასიკურ ვოკალს ვეუფლებოდი. შემდეგ ნოვოსიბირსკის მსოფლიო ჯაზფესტივალზე მივიღე მონაწილეობა და ჩემდა საბედნიეროდ, ცნობილ ამერიკელ მომღერალ ჯო კარტერთან ერთად საუკეთესო შესრულებისთვის უმაღლესი პრიზით დამაჯილდოეს. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მეცადინეობა შესანიშნავ პედაგოგთან, დავით ამირანაშვილთან განვაგრძე.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა და პიანისტმა ზურა რამიშვილმა კონსერვატორიაში ჯაზის ფაკულტეტი დააარსა, სადაც სტუდენტებს ვოკალურ ტექნიკას ვასწავლი. ამასთან, ვმღერი ჯაზს ჯაზკაფეში. ძალიან გამიმართლა, რომ ვთანამშრომლობ შესანიშნავ მუსიკოსებთან, გია რაქვიაშვილთან (პიანისტი), გიორგი სამსონაძესთან (ბასისტი) და შუქრი ბონდარენკოსთან (დასარტყამი ინსტრუმენტი). ჯაზი საინტერესო ფენომენია მუსიკალურ სივრცეში, სადაც ერთდროულად შემსრულებელი და თანაავტორი ხარ. ყოველი ჩემი გამოსვლა, სიმღერა, ჩემთვის ექსპერიმენტია, შემოქმედებით თამაშს წააგავს.

- ყოველდღიურობაში როგორი ხართ?

- ოპოზიციონერი ვარ, ყველა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში ვიყავი და მადლობა ღმერთს, ყოველგვარი იზმისგან თავისუფალი ვარ. ადამიანი არ უნდა იყო პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული, გვერდიდან უნდა შეაფასო მოვლენები, მაშინ შესაძლებელია რეალურად დაინახო ის პოლიტიკური თამაში, რაც მოვლენების მიღმაა.

გული გწყდება, ერთ დროს ულამაზესი ქალაქი უსახო, ჩაბეტონებულ ქალაქად რომ გადაიქცა. ნადგურდება ტყეპარკი, რეკრეაციული ზონები. გული გწყდება, როდესაც საზოგადოების ხმას თუ აზრს ხელისუფლება უგულებელყოფს.

სამწუხაროა, როდესაც სახელმწიფო თვითონ არღვევს კანონს და უძლური ხარ, რამე შეცვალო.

- თვითონ თუ მოხვიდოდით პოლიტიკაში?

- ღმერთმა დამიფაროს! ბედნიერი ვარ, რადგანაც იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. ისე კი ვთვლი, რომ პოლიტიკაში უნდა მიდიოდეს განათლებული, გონიერი ადამიანი ძლიერი მორალური ფასეულობებით. საბჭოთა კავშირმა და მისმა ყალბმა იდეოლოგიამ მძიმე დაღი დატოვა დღევანდელი ადამიანის ცნობიერებაზე, დაუკარგა გადაწყვეტილების მიღების უნარი, სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამ იდეოლოგიის დანატოვარია მანკიერება, რომელსაც, ალბათ, საფუძვლიანი განათლებითა და ეკონომიკური აღმავლობით უნდა დაუპირისპირდე. საქართველო უნდა გამოვიდეს ამ ჩაკეტილი წრიდან, რათა სხვა სივრცესა და სხვა ფსიქოლოგიურ რეალობაში ვიცხოვროთ. ჩარჩე იქ, სადაც ვიყავით, რუსეთს ვგულისხმობ, დამღუპველია. და კიდევ მნიშვნელოვანია, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების პერსპექტივა გაქვს, რომ შედგე, როგორც ინდივიდი, როგორც თავისუფალი ადამიანი და მოქალაქე თავისუფალი, შემდგარი ქვეყნისა.

იხილეთ ასევე: "არავის მივცემ უფლებას, ჩემს ერზე ცუდი თქვას, ამას ვერავინ გამიბედავს!" - როგორ გააოცა ია ნინიძემ ირინა პონაროვსკაია?!

ეკა სალაღაია