უცხო მიწაზე დაკარგულები - კვირის პალიტრა

უცხო მიწაზე დაკარგულები

მივიწყებული საფლავების სევდა

"მგზავრო, შეჩერდი და ილოცე, რათა სამოთხე იყოს მისი სამარადისო სასუფეველი"

ისინი უცხო მიწაზე დაიკარგნენ,  სამშობლოს მონატრებაში ამოხდათ სული. მათი სხეულები უცხო მიწამ შეიფარა და სამუდამოდ გააქრო. მაგრამ ზოგიერთის საფლავის ქვას ისევ ათბობს ტკბილი ქართული ანბანი. მას თვალს შეავლებ თუ არა, დარდი მოგეძალება, რომ  დასანთები გაქვს მათი მოსახსენიებელი სანთლები.

ბატონი ზაურ მჭედლიშვილი ქართველთა მივიწყებულ  საფლავებს თურქეთში, შვიდი წლის მანძილზე, კონსულად ყოფნის დროს ნახულობდა და სადაც ხელი მიუწვდებოდა პატივს მიაგებდა. ჩვენ ქართველების დაკარგულ საფლავებზე მასთან ერთად მოგიყვებით...

- ქალაქ აქჩაბადში მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში გურიის უკანასკნელი მთავრის მეუღლის, სოფიო გურიელის საფლავია. ახლა საფლავი ისეთ მდგომარეობაშია, თუ არ იცი, ვინ არის დაკრძალული, ყურადღებასაც არ მიაქცევ. 2003 წელს გარდაიცვალა ის მოხუცი თურქი ქალი, რომელსაც ახსოვდა, როგორი იყო უკანასკნელი გურჯი ქალბატონის თავდაპირველი სამარე, - სოფიო გურიელიც რუსებს გაექცა თურქეთში. თან ვაჟი და 60-კაციანი ამალა გაიყოლა. შემონახულია მისი ბოლო წერილი თურქეთის სერასკირისადმი (უმაღლესი სამხედრო წოდებაა თურქეთში): ურუსმა იმძლავრა, ამისმა შემხედვარემ დავთმე ჩემი ქვეყანა და თქვენს განკარგულებაში გეახელითო...

ხოლო სტამბოლში, აია სოფიას ტაძრის პირდაპირ, 6-მინარეთიანი მეჩეთის ეზოში, სულთნის საფლავის გვერდით განისვენებს გურჯი დიდვეზირი მეჰმედ ფაშა... სულთნების დიდვეზირთაგან რვა ქართველი იყო, მათ შორის უმთავრესი და უძლიერესი - გურჯი მეჰმედი. არაერთი გამარჯვება მოუპოვა ფადიშაჰებს ჩვენმა სისხლმა და ხორცმა, ამიტომ დაკრძალეს მეჩეთის ეზოში, თორემ სულთნის გვერდით დასაფლავება, ხშირად მათ ვაჟებსაც არ ღირსებიათ...

KvirisPalitra.Geქართველი იყო კაფუდან-ფაშაც - სულთან სელიმის ყველაზე სანდო და რეფორმისტული სულით გამსჭვალული ადამიანი. იგი, 1792-1794 წლებში რუსეთის საგანგებო ელჩის, შემდგომში მთავარსარდლის, მიხეილ კუტუზოვის დაახლოებული პირიც ყოფილა. კუტუზოვი სუვოროვს სწერდა:

ქუჩუკ ჰუსეინი ნამდვილი ქართველია, კოხტა და ლაზათიანი, ჯიშიანი ცხენების პატრონი, კარგი მუსიკის მოყვარული და თანაც ფულების უზომოდ მფლანგველიო. ქუჩუკ ჰუსეინი დასაფლავებულია სტამბოლის პრესტიჟულ „დიდ მოკვდავთა სასაფლაოზე“ და მისი საფლავის ქვაზე ეპიტაფია ასე სრულდება - "მგზავრო, შეჩერდი და ილოცე კაფუდან-ფაშას სულისათვის, რათა სამოთხე იყოს მისი სამარადისო სასუფეველი".

- ამ ბრწყინვალებასთან შედარებით, ალბათ რა შესაბრალისად გამოიყურება უბრალო ქართველების საფლავები...

- ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარი დაახლოებით 1250-60 წლებშია აშენებული და მის არქიტექტურაში ქართული საეკლესიო არქიტექტურის ორნამენტებია. ეს კი იმის ფიქრის უფლებას გვაძლევს, რომ მის მშენებლობებში ქართველი ოსტატებიც მონაწილეობდნენ. მით უფრო, რომ ტრაპიზონის იმპერია თამარის ხელდასხმით შეიქმნა და მისი ხელდასხმითვე სხდებოდნენ ტახტზე ტრაპიზონის იმპერატორები. ამ იმპერიის პირველი იმპერატორი ალექსი კომნენოსი (1204-1222) და მისი ძმა დავითი თამარ მეფის სასახლის კარზე აღიზარდნენ.

თამარივე მიავლინებდა ტრაპიზონში სამსახურისთვის წარჩინებულ სულიერ მამებს. სწორედ ამ მამათა ორი საფლავის ქვა კედელზეა მიყუდებული აია სოფიას ტაძრის ეზოში, რომელიც თურქებმა დიდი ხნის წინ (1461 წ.) მეჩეთად, ხოლო 1962 წლიდან მუზეუმად გადააკეთეს.

სარფიდან 300-400 კილომეტრის დაშორებით კი, ორდუს ვილაიეთში დღეს 140-მდე ქართული სოფელია, უზარმაზარი საგვარეულო საფლავებით. აქ, კაბაკდაღში ყოველ წელიწადს ქართულ ენაზე იმართება ფესტივალი, სადაც ამ სოფლებისა და მთელი თურქეთის ქართველობა იყრის თავს. ამ სოფლებში ქართველები და აფხაზები 1877-78 წლებში ჩასახლდნენ, როცა ბათუმი შემოუერთდა საქართველოს და მუსლიმანებს რუსებმა მუჰაჯირობისკენ უბიძგეს.

მუსლიმანი ქართველები და აფხაზები მაშინ თურქეთში გადაიხვეწნენ და მას შემდეგ დღემდე ძმებივით ცხოვრობენ. აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სოფელ დუზჯესა და ადაფაზარიში აფხაზებმა ტკივილით მითხრეს, - ხომ ნახე, აქ ძმები ვართ, ერთიანი ოჯახები და ერთი სასაფლაო გვაქვს. რა მოგივიდათ გურჯისტანში, რატომ ხოცავთ ერთმანეთსო...

ვუთხარი, რაც უნდა მეთქვა, მაგრამ განა ჩემი სიტყვები გააქარწყლებდა იმ საწამლავს, რაც ამ ომში იყო ჩაღვრილი? მაგრამ იმედი მაქვს, გული მეძახის, რომ ჩვენი საერთო ფესვი გაძლიერდება და ამ საწამლავს ის მოერევა.