მარიტა, დარინა, შორენა კოლონკელიძე... - ვინ არის ქალი, რომელმაც ყველასთვის საყვარელი კინოგმირები გაახმოვანა? - კვირის პალიტრა

მარიტა, დარინა, შორენა კოლონკელიძე... - ვინ არის ქალი, რომელმაც ყველასთვის საყვარელი კინოგმირები გაახმოვანა?

"1956 წელს ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა. წამყვანებად მხოლოდ ლამაზებს ეძებდნენ. მე კი არ მივეკუთვნებოდი ლამაზთა კატეგორიას, ძალიან გამხდარი ვიყავი, რაც სრულიად არ იყო იმ დროის შესატყვისი; ხუჭუჭა თმა მქონდა - არც ეს იყო მოდური. ამიტომაც ჩემი მცდელობა, გავმხდარიყავი ტელევიზიის დიქტორი, უშედეგო აღმოჩნდა, დამიწუნეს. თუმცა, გავიდა ხანი, გარეგნობას კიდევ ბევრი სხვა მოთხოვნა დაემატა და გავიმარჯვე"

შორენა კოლონკელიძე, მარიტა, დარინა... იცოდით, რომ ყველა ეს პერსონაჟი ერთი ქალბატონის ხმით საუბრობს? ყველა მათგანს თინა მგალობლიშვილი ახმოვანებს. შედარებით უფროსები ქალბატონ თინას იცნობენ როგორც "მოამბის" წამყვანს. პარალელურად 600-მდე როლი აქვს გახმოვანებული. რადიო, ტელევიზია და კინოსტუდია - ჩემს ცხოვრებაში სამი დაუვიწყარი გზააო, ამბობს ქალბატონი თინა.

- ჯერ იყო თეატრალური ინსტიტუტი. არაჩვეულებრივი გარემო, საოცარი ურთიერთობები, ბრწყინვალე პედაგოგები - ყველა დიდი მსახიობის აღმზრდელი მალიკო მრევლიშვილი, კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე და თვით სერგო ზაქარიაძე. ჯგუფიც განსაკუთრებული მყავდა, ზანდა იოსელიანი, ლია თოხაძე, ცისანა კობახიძე, მე, ნუგზარ ჯუღელი და კახი კავსაძე. სანამ მაყურებელი გაიცნობდა, ჩვენ ვიყავით კახის იუმორის მსხვერპლი. იქ გატარებული დღეები, წლები, ახლა მხოლოდ მეოცნებება.

1956 წელს, მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა. წამყვანებად მხოლოდ ლამაზებს ეძებდნენ. არადა, არასდროს მივეკუთვნებოდი ლამაზთა კატეგორიას, ძალიან გამხდარი ვიყავი, რაც სრულიად არ იყო იმ დროის შესატყვისი; ხუჭუჭა თმა მქონდა - არც ეს იყო მოდური. ამიტომაც ჩემი მცდელობა, გავმხდარიყავი ტელევიზიის დიქტორი, უშედეგო აღმოჩნდა, დამიწუნეს. თუმცა, გავიდა ხანი, გარეგნობას კიდევ სხვა მოთხოვნები დაემატა და გავიმარჯვე. კიდევ ერთი კონკურსი, ახლა რადიოში. კიდევ წარმატება. ტელევიზია, რადიო, კინოსტუდია - სამი დაუვიწყარი გზაა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მუდმივი პარტნიორი დავით სოკოლოვი იყო.

დათო მიკროფონთან იმდენად მობილიზებული იყო, ვერას დააკლებდი, სამაგიეროდ, თავად არ დაგინდობდა. ვთქვათ, ვკითხულობთ წყვილში (რადიოს ვგულისხმობ), ის ამთავრებს ინფორმაციას, მე ვემზადები, ჩემი რიგი დგება. ამ დროს დათო მოტრიალდებოდა, ჩემს ტექსტებს სულს შეუბერავდა და აქეთ-იქით გააფრენდა. მე სტუდიაში დავრბოდი ფურცლების ასაკრეფად, ამ დროს კი დათო მიკროფონს გამორთავდა და გულიანად დამცინოდა, მე კი ხმასაც ვერ ვიღებდი, მეშინოდა, ჩემი მიკროფონი არ ჩაერთო. თუმცა, ასეთ ხრიკებს დათო ტელევიზიაში ვეღარ მიმართავდა.

ტელევიზიის თითქმის ყველა რედაქციასთან ვთანამშრომლობდი. ერთ-ერთი გადაცემის თემა ქართული ხალხური პოეზია გახლდათ. მონაწილეობდნენ ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსი ჭინჭარაული, მურმან ლებანიძე, გურამ საღარაძე, ავტორი მარიკა ჩხარტიშვილი-ბაქრაძე იყო. ეს გადაცემა იყო საწყისი იმ ულამაზესი საღამოებისა, რომელიც შემდგომში ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს მიჰყავდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ბატონმა არმაზ სანებლიძემ სწორედ ეს გადაცემა ნახა და ჩათვალა საჭიროდ, მე წამეყვანა "მოამბე". ვფიქრობ, იმედი არ გავუცრუე. ამის დასტურია, შარშან, საზოგადოებრივ არხზე კოლეგებთან ერთად ჩემი ვარსკვლავის გახსნა.

- კინოსტუდიაში მუშაობის წლებიც გაიხსენეთ...

- დაახლოებით 600 როლი მაქვს გახმოვანებული. შემიძლია ვთქვა, რაც კი ეკრანზე ძველი ქართული მხატვრული ფილმი გამოდის, თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი გოგონა ჩემი ხმით საუბრობს, "რაჭა, ჩემო სიყვარულოში" - დარინა, "მხიარულ რომანში" - ეკა, "როცა აყვავდა ნუშში" - თინა, "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" - ტატა, "ჩარირამაში - ნელი... ვამაყობ, რომ ოთარ იოსელიანის სამივე შედევრში - "გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი" და "პასტორალი" - მთავარ როლებზე შერჩეულ ულამაზეს მსახიობებს მე ვახმოვანებ.

"გიორგობისთვის" ერთ-ერთ ეპიზოდზე ვმუშაობთ მე და ლამზირა ჩხეიძე. ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის. იოსელიანი, რამდენადაც უშუალოა ცხოვრებაში, იმდენად მკაცრი იყო მუშაობისას. სანამ არ გაისმოდა მისი მაგიური სიტყვა "ჟელეზნა", ვერ ამოისუნთქავდი. ვწვალობთ, ვაგრძელებთ მუშაობას, გახდა ღამის 2 საათი. ვეუბნები ოთარს, არ გამოგვდის, შეგვცვალე-მეთქი. გათენდება და შეგცვლითო. გათენდა, მიაღწია თავისას და აღარ შევუცვლივართ.

მქონდა ბედნიერება მემუშავა ვახტანგ ტაბლიაშვილთან - "დიდოსტატის მარჯვენაში" შორენა კოლონკელიძე გავახმოვანე, თენგიზ აბულაძესთან - უმშვენიერესი ლიკა ქავჟარაძის მართლაც არაამქვეყნიური სილამაზის მარიტა.

იმ დროს ლიკა 18-19 წლის იყო, მე მასზე ბევრად უფროსი ვიყავი. ლიკას ხმის ტემბრი მაღალი, წკრიალა ჰქონდა, როგორიც ჩემი წარმოსახვით ანგელოზს აქვს. ხმებითაც არ ვგავდით ერთმანეთს. მუშაობისას აბულაძემ მითხრა: - თინა, შეხედე (და მაჩვენა სცენა, წყაროსთან ლიკა რომ იხედება პროფილით), რა ღვთაებრივი სილამაზეა, შენ მის სულიერ სიღრმეებში უნდა შეხვიდეო. ალბათ, თენგიზ აბულაძის შესაძლებლობებმა, ლიკა ქავჟარაძის მართლაც გამაოგნებელმა სილამაზემ მომცა ძალა, გადამელახა სიძნელეები და ორგანულად შერწყმოდა ჩემი ხმა მარიტას გამოსახულებას.

ფანტასტიკურია გედიასა და მარიტას შეხვედრის სცენა. ხმის რეჟისორი თენგიზ ნანობაშვილი მეუბნებოდა, როდესაც ფილმს ვწერდით, ბატონ თენგიზს იმდენად მოსწონდა, მთხოვდა, გედიასა და მარიტას სცენა კიდევ და კიდევ მომასმენინეო. ვფიქრობ, მარიტას როლი ჩემი კინოსტუდიაში მუშაობის გვირგვინია.

- მთელი ყურადღება და სიყვარული როლის შემსრულებელზე მოდის და არა მის გამხმოვანებელზე. ამის გამო გული არ დაგწყვეტიათ?

- ეკრანზე იმდენად ხშირად ვიყავი, მაყურებლის ყურადღება არ მაკლდა. გააზრებული მქონდა, რომ ყველა ქულა მსახიობს რჩება.

მოკლედ, დავრბოდი აქეთ-იქით, გამოთვლილი მქონდა დრო, მაგრამ სადღაც მაინც მაგვიანდებოდა. ძია კოტე დაუშვილი ამბობდა, თინა ძალიან მიყვარს, კარგი გოგოა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, 5-10 წუთს აგვიანებსო. თუმცა, მხოლოდ მე არ ვიქცეოდი ამგვარად. ბატონი სიკო დოლიძე აყვირდა ერთხელ, ეს მსახიობები და "მალიარები" ერთი და იგივე ხალხია, ცხრა სამუშაო ერთად უნდათო.

- არ ნანობთ, ერთი როლი მაინც რომ არსად შეასრულეთ?

- გულწრფელად გეუბნებით - არა.

ეკა სალაღაია