ძალიან კარგი ამბავი! - კვირის პალიტრა

ძალიან კარგი ამბავი!

"პირველი პროდუქცია სექტემბერში მთლიანად გავყიდეთ გამოფენებზე"

"ორასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი აღმოვაჩინე. არც ერთმა არ დამიჯერა, რომ მათთვის სამუშაოს მიცემა შემეძლო. როცა თავს მოვაბეზრებდი, ზოგიერთი სახლიდანაც კი მაგდებდა გაღიზიანებული, - ჩვენ არავის ვჭირდებითო! მაგრამ მე არ ვეშვებოდი და ჩემსას ვუმტკიცებდი"

ერთ კარგ ბიჭზე მინდა ძალიან კარგი ამბის მოყოლა.…დათო პარკაძეს ერთადერთი საყრდენის, მამის ძალა გამოეცალა ხელიდან - კაცი, რომელიც ყველას იმედი იყო, მძიმე ავადმყოფობამ სავარძელს მიაჯაჭვა. დათო უმაღლესის დამთავრებისთანავე კასპში დაბრუნდა, პატარა ქალაქში, სადაც ცხოვრების პერსპექტივას ბევრი ვერ ხედავს... ფიქრობდა, აქ სერიოზულ საქმეს წამოიწყებდა და პირველ რიგში საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს დაასაქმებდა. არავინ დაუჯერა, მშობლებმაც კი, გარდა ძმისა, რომელიც, ცხადია, ასევე მეოცნებედ ჩათვალეს. ხალხი მხოლოდ ზრდილობისთვის უქნევდა თავს, ალბათ გულში ეცოდებოდათ კიდევ ერთი კარგი ბიჭი, რომელსაც უსახურ რეალობასთან შეგუება მოუწევდა. არადა, მან ყველაფერი…შეძლო!

- რაც მამა დაუძლურდა, ხშირად ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ერთ დროს ყველაფერი შეეძლოთ, მაგრამ სნეულებამ ყველაფერი დააკარგვინა... არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მათ დახმარებას მოინდომებდა. ელემენტარულსაც კი - თუნდაც ეტლი რომ ეყიდა, რათა საწოლს რამდენიმე მეტრით მაინც მოშორებოდნენ, მზე მაინც დაენახათ. ამიტომაც განვიზრახე, კასპში საწარმო შემექმნა და ეს ხალხი დამესაქმებინა; ოღონდ არა უბრალო, ე.წ. სოციალური საწარმო - მათ ნაწარმს მხოლოდ შეზღუდული პირების სიბრალულით რომ ყიდულობენ, არამედ უნდა შემექმნა პროდუქცია, რომელიც გაიყიდებოდა და მოგებას მოიტანდა.

- ბიზნესი და მოგება არც ერთ შშმ პირების საწარმოს არა აქვს, შენ, გამოუცდელს, როგორ უნდა შეგექმნა?

- მამაჩემი ეკონომისტია, მეც ეკონომისტი ვარ. რისკები ერთად გავთვალეთ. შეზღუდული შესაძლებლობის პირების საწარმოთა შეცდომა ის არის, რომ მოგებაზე არასოდეს ფიქრობენ! განა შეუძლებელია, რომ ეტლს მიჯაჭვულმა ადამიანებმა ისეთი რამ გააკეთონ, რაც გაიყიდება?! ბევრს სიარული არ შეუძლია, მაგრამ ხელები და გონება ხშირ შემთხვევაში ფანტასტიკურ რამეს გააკეთებს!

მოკლედ, რისკ-ფაქტორები შევამცირე, ისეთი პროდუქციის წარმოება მოვიფიქრე, რომელიც კარგად გაიყიდებოდა. ეს იყო ტირიფისაგან დაწნული კალათები და სხვა ნივთები, ისეთები, რომელიც უსათუოდ სჭირდება ადამიანს, თანაც შეხედავ და გაგახალისებს.

ასე რომ, დღე არ იყო, დოკუმენტაციით ხელში ქუჩიდან ქუჩაზე, კაბინეტიდან კაბინეტში არ მერბინა. ამ ზაფხულს ქუჩებში ისეთ პაპანაქებაში ვირბინე, როცა გარეთ ადამიანის გამოსვლა არ შეიძლებოდა და ყველა აგარაკზე იყო წასული. დამიჯერებდნენ თუ არა, დიდად არ მედარდებოდა, მთავარი იყო, დამემტკიცებინა, რომ მართლაც შემეძლო მსგავსი რამის გაკეთება.

- თავად შშმ პირები თუ გიჯერებდნენ?

- მათ მოსაძებნად მთელი კასპი მოვიარე. ორასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი აღმოვაჩინე. არც ერთმა არ დამიჯერა, რომ მათთვის სამუშაოს მიცემა შემეძლო. როცა თავს მოვაბეზრებდი, ზოგიერთი სახლიდანაც კი მაგდებდა გაღიზიანებული, - ჩვენ არავის ვჭირდებითო! Mმაგრამ მე არ ვეშვებოდი და ჩემსას ვუმტკიცებდი. ბოლოს, მოვძებნე ოთხი ორგანიზაცია, მათ შორის, უცხოელებიც, რომლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს. Aასე მივიღე 45 ეტლი და მივუტანე იმ ადამიანებს, რომლებიც წლობით იწვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეტლი არ ჰქონდათ. შემდეგ კასპის ცენტრში შენობა გავარემონტე, კალათების მოწვნის ოსტატს შევუთანხმდი, რომ ამ ხალხისთვის ეს ხელოვნება ესწავლებინა.

პირველი კვირა ჯოჯოხეთური აღმოჩნდა, - ხისთვის კანის გაცლით დავიწყეთ, რაც თითქოს ძალიან მძიმე არ მოსჩვენებიათ, მაგრამ ოსტატმა მაშინვე გამაფრთხილა, - ესენი წნულის გაკეთებას ვერ შეძლებენ, ტყუილად ცდილობო! უნდა შეძლონ-მეთქი! თავი გადააქნია და გაჩუმდა; მაგრამ როგორც კი შეგირდებს კალათების ძირი დაურიგა ამოსაწვნელად, მათ ხელები ჩამოუშვეს. ოსტატმა, - აი, ამას გეუბნებოდიო! რა უნდა მექნა, დავჯექი და ვუთხარი, - ჩვენ ერთად მოვედით ამ საქმის გასაკეთებლად, მაგრამ ახლა მტოვებთ... თვითონვე იცით, არავის სჭირდებით, შეუზღუდავი და ჯანმრთელი ადამიანებიც არავის სჭირდება, აირჩიეთ, სამუდამოდ გინდათ მიტოვებულები იყოთ, თუ ადამიანურ ცხოვრებას და პატივისცემის მოპოვებას ეცდებით-მეთქი. ამის თქმა მწარე იყო, მაგრამ აუცილებელი. ამას იქიდან მივხვდი, რომ ყველამ თავის სატკივარს მოხსნა თავი და ათწლეულობით დაგროვილი სათქმელი თქვა. ერთმა ისიც კი გაიხსენა, - ათი წელი ვიწექი და ამ ხნის განმავლობაში ფანჯრიდან მხოლოდ კლდის ნაწილს ვხედავდი. შემდეგ კარის სახელურს მოვაბი თოკი, ჩავეჭიდე და საწოლიდან გადავხოხდი, ფანჯარასთან მივხოხდი და ეზო დავინახე. ათი წლის განმავლობაში, პირველად იმ დღეს დავინახე სიცოცხლეო... სულ რამდენიმე დღეში ეს ხალხი კალათების ოსტატს აქეთ ასწავლიდა რაღაც-რაღაც დეტალებს - სხვანაირად სჯობია გაკეთებაო.

- ანუ ათეულობით წლების ჩაკეტილი შესაძლებლობები ერთბაშად გაიშალა.

- თანაც როგორ! ცხელ ზაფხულში, სხვებს რომ სუნთქვა არ შეეძლოთ, ეს ხალხი შეუსვენებლივ მუშაობდა. ასე რომ, პირველი პროდუქცია სექტემბერში მთლიანად გავყიდეთ გამოფენებზე. ალბათ მთელი სიცოცხლე მეხსომება ჩვენი პირველი მყიდველი პატარა გოგონა.

სულ მალე ამ ხალხმა ნახევარი თვის ხელფასი აიღო - 280 ლარი და გაოგნდა. მათი სახეებიც მთელი სიცოცხლე მეხსომება, საკუთარი ხელით შექმნილის საფასური არასოდეს ენახათ.

ახლა ყველაფერი ინტერნეტით იყიდება. მაგრამ ჩვენ კალათებზე არ გავჩერდებით, მალე წნული ავეჯის გაკეთებას ვიწყებთ. უკვე აღარავის დარწმუნება აღარ დამჭირდება, არც ეს ხალხი შეწყვეტს საქმეს. ზოგიერთი ღამეც კი მუშაობს და დღე-ღამეში 700 წნულს აკეთებს. ხელფასებს ყველა ერთად ვარიგებთ, მე ფულის დარიგებაში გამოცდილება არ მქონდა და მათგან ვისწავლე, - საოცრად ზუსტად და სამართლიანად არიგებენ. სამაგიეროდ, ქვეყანა არ არის მათ წინაშე სამართლიანი - ამ ხალხს სოციალური დახმარება აქვს, სამედიცინო მომსახურება და ოპერაციებიც სჭირდება, რასაც ხელფასი ვერ დაუფარავს. როგორც კი მათ სახელზე ხელფასი გაჩნდა, ყველას სოციალური დახმარება და სამედიცინო მომსახურება შეუწყვიტეს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში რომ დავაყენე ეს საკითხი, ისეთი მშრალი თვალებით მიყურებდნენ, მივხვდი, ვერაფერი გავაგებინე.

სხვა რაღა დამრჩენოდა და იმ ხალხს შევხვდი, რომელსაც კანონის შეცვლა შეუძლია, - ეტლს მიჯაჭვულებს, ხელფასების გამო დახმარებას არ უნდა უხსნიდნენ!

- ჩვენს პირობებში კანონის შეცვლას წლები და განუწყვეტელი ყაყანი სჭირდება, შენ კი ისე ამბობ, ვითომც არაფერიო. რაღაცით წიქარას მაგონებ, რომელიც ბიჭის გამოსაყვანად ციხის კარებს სათითაოდ ტეხდა, თუმცა, ბოლოს ხომ იცი, რაც მოხდა?

- რქა მოსტყდა, არა? მე ამას არ ვაპირებ. პირიქით, მე და ჩემს ძმას რამდენიმე საწარმოს გახსნა გვინდა, მათ შორის, სამკერვალოსი, სადაც ტანსაცმელს შევკერავთ და გავყიდით. აქ ღატაკი ადამიანები დასაქმდებიან.

- რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ყველაფერს მიაღწევ?

- იცით, რამდენი კასპელი მოსწავლე მოდის და გვეუბნება, - ყველაფერში დაგეხმარებითო. ამ ბავშვებმა დაინახეს, თუ გულით გინდა, არ გეზარება, ნებისყოფა გაქვს, საქმე აუცილებლად გამოვა. ვერ წარმომიდგენია, არ გამოვიდეს - თუ რაიმის გაკეთება გინდა, ხელს ვერაფერი შეგიშლის!

ეთერ ერაძე