"თბილისში -20 გრადუს ყინვას უნდა ველოდოთ" - რეალური პროგნოზი თუ "მწვანე მკითხავი"?
19-11-2017
"თბილისში -20 გრადუს ყინვას უნდა ველოდოთ" - რეალური პროგნოზი თუ "მწვანე მკითხავი"?
"2030 წლისთვის წყლის მარაგი შეგვიმცირდება. იქნებ ესეც გაუკვირდეს ვინმეს?! მყინვარი, სადაც ჩვენი წყლის მარაგებია, დნება და მარაგიც იკლებს"

"2017 წელს უკანასკნელად გვექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური კლიმატი. გაისიდან კი მკვეთრ ცვალებადობას უნდა ველოდოთ. ევროპული პროგნოზით, ტემპერატურა ძალიან დაეცემა. გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულება, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კონტინენტზე გამყინვარება იწყება. ვიცი, რომ სომხეთის ჰიდრომეტენტრმა მეტად არასახარბიელო განცხადება გააკეთა - ერევანში -30 გრადუსი იქნება. ასეთ დროს ჩვენთან -10 გრადუსია. ასე რომ, თბილისში -20 გრადუს
ყინვას უნდა ველოდოთ, რაც სერიოზული პრობლემაა თბილისისა და ზოგადად საქართველოსთვის", - განაცხადა "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" ლიდერმა ნინო ჩხობაძემ­ რადიო "პალიტრის" ეთერში.

ნინო ჩხობაძის განცხადებას საზოგადოების ნაწილის მძაფრი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ნაწილმა მწვანეთა ლიდერი პოპულისტური განცხადებების შეთხზვაში დაადანაშაულა, ნაწილი კი მისმა
მართლაც არასახარბიელო პროგნოზმა შეაშფოთა.


ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნების დაცვის სამინისტრომ საკუთრ ვებგვერდზე განცხადება განათავსა:

"ამინდის პროგნოზის მსოფ­ლიოს მოწინავე ცენტრები გრძელ­ვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე­ 10-15 დღით ადრე. სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე.

ამ ეტაპზე საფუძველი­ არ არსებობს მომავალი ზამთრის­ ანომალიურობის შესახებ ინფორმაცი­ის დასადასტურებლად. სხვადა­სხვა წყაროთი გავრცელებული­ პროგნოზი, შესაძლოა, ცალკეული მეცნიერის ვარაუდი იყოს და მათი ოფიციალურ წყაროდ მიჩნევა შეუძლებელია".

აღსანიშნავია, რომ პირველი­ ცნობები გოლფსტრიმის დინების მიმართულების შეცვლის შესახებ XXI საუკუნის დასაწყისიდან გამო­ჩნდა, თუმცა, არც მაშინ გამოხატავდა მეცნიერთა საერთო აზრს.

ჩვენ დავუკავშირდით ცნო­ბილ­ გლაციოლოგ ლევან ტიელიძეს. ის წარმატებით თანამშრომლობს გამყინვარების დარგში მოღვაწე მსოფლიო მეცნიერებთან.
- მე არ მაქვს ინფორმაცია,­ რომ გოლფსტრიმმა მიმართულება შეიცვალა. მსგავს თემებზე თითქმის ყველა სამეცნიერო დასკვნას ვეცნობი და, გარწმუნებთ, გოლფსტრიმის დინების შეცვლის შესახებ არაფერი წამიკითხავს, თუ არ ჩავთვლით იმ ორიოდე კვირას­, როდესაც სამეცნიერო ექსპედიციაში ვიყავი და მსგავს ინფორმაციებს თვალყურს ვერ ვადევნებდი.

- ორიოდე კვირაში ალბათ, გოლფსტრიმი მიმართულებას ვერ შეიცვლიდა.

- გოლფსტრიმის დინება დედამიწის კანონზომიერებების რიგში დგას და მისი დინების შეცვლა ორიოდე კვირაში­ კი არა, ოციოდე წელიწადშიც ვერ მოხდება! თუ ოდესმე მართლაც ასე მოხდა, ისეთი­ შედეგები მოჰყვება, რაც ასე იოლად არ გაითვლება, როგორც ქალბატონი ნინო ბრძანებს. ხანძრებმა წაიღო წელს ყველაფერი და გოლფსტრიმის დინების შეცვლას და ევროპაში გამყინვარებას რითი ვასაბუთებთ?! ამ საკითხს მეტი გამოძიება სჭირდება!

მწვანეთა ლიდერის განცხადების შეფასებისას უფრო მკაცრი აღმოჩნდა პროფესორი გიორგი ბაღათურია:

- ეს განცხადება თავის გამოჩენაზე დაყურადებულ კაცს მაგონ­ებს, რომელიც ფიქრობს, აბა, რა ვთქვა ისეთი, ყურადღება რომ მომაქციონო! რომელ გოლფსტრიმის დინების შეცვლაზეა ლაპარაკი, როცა გვალვებმა გადაწვა მსოფლიო და მათ შორის, ჩვენივე­ უხეირობით! საკუთარი პოპულარიზაციისა და კუჭის პრობლემა გვაღელვებს, თორემ ახლა გოლფსტრიმის გაქრობაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, მსოფლიო გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ, რომ როგორმე გვალვებისგან თავი დავიცვათ. ვინმემ იცის, აყვავებული დომენიკის რესპუბლიკა და ჰაიტი,­ რომლებიც ერთსა და იმავე კუნძულზეა, რატომ განსხვავდება­ ერთმანეთისაგან? პირველი სამოთხეა, მეორე - გადაბუგული და უსიცოცხლო. ეს იმიტომ, რომ დომენიკის რესპუბლიკაში პრიორიტეტი ტყეების­ გაშენებაა, ჰაიტიზე კი გაჩეხა!

ჩხობაძე ცოტა ხნის წინ დათბობაზე აკეთებდა განცხადებებს და ახლა ეს გოლფსტრიმი და გამყინვარება რის საფუძველზე წამოატივტივა?! ერთ ნაცნობ სოფლელ მკით­ხავს მაგონებს - ქალ­ებს­ ეუბნებოდა, უეჭველად ბიჭი გეყო­ლებათო, მაგრამ გოგო რომ შეეძინებოდათ და მიადგებოდნენ, - რატომ მოგვატყუეო, რვეულს გადაშლიდა, აი, აგერ მაქვს ჩაწერილი, რომ გოგო გეყოლებოდა და რას მომადექი კარსო?!

ნინო ჩხობაძე, მწვანეთა პარტიის ლიდერი:
- ვერ გამიგია, რა ვთქვი ასეთი, რომ ჩემს გამოსვლას აურზაური მოჰყვა, მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროშიც. გეგონება, სახელმწიფო წყალგაუვალ პროგნოზებს გვთავაზობდეს! მე ვთქვი ის, რაზეც მეცნიერები საუბრობენ და რეალური მონაცემებიც გვაქვს.

- თქვით, რომ გოლფსტრიმი მიმართულებას იცვლის და იწყება გამყინვარება. არადა, გლობალური დათბობის ყველა ნიშანი გვაქვს...

- ძალიან კარგად ვხედავ ამ ნიშნებს, მაგრამ დათბობის პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ მთელ დედამიწაზე დათბება - ზოგან აცივდება კიდეც და ამაში ალბათ,­ არავინ შემეწინააღმდეგება. ამ მონაცემების მიხედვით, მკვეთრი აცივებაა მოს­ალოდნელი ევროპის­ კონტინენტზე, რომლის ნაწილ­იც­ ჩვენ ვართ და სწორედ გოლფსტრიმის დინების გამო!

- როგორ უნდა შეიცვალოს მილიონობით წლის მანძილზე ჩამოყალიბებულმა გრანდიოზულმა ნაკადმა მიმართულება?!

- ისე, როგორც ხდება გლობალური დათბობა, რომელიც წლიდან წლამდე ჩქარდება! სწორედ გლობალური დათბობა ქმნის­ იმ გარემოებას, რომ გოლფსტრიმმა მიმართულება შეიცვალოს. ეს გასააზრებლად არც ისე რთული სქემაა - ათასწლოვანი მყინვარების დნობა ოკენეებში წყლის დონის აწევას იწვევს, რაც თავისთ­ავად ცვლის თვით გოლფსტრიმის გრანდიოზული დინების მიმართულებასაც. ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა, მათ შორის შვეიცარიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს დასკვნა, რომელიც, სამწუხაროდ, არ გახმოვანდა.

- კვალიფიციური დასკვნები რატომ არ უნდა გახმოვანებულიყო,­ რა უშლიდა ხელს?

- ალბათ ძალიან ბევრი რამ. სახელმწიფოებს გააჩნიათ თავიანთი ინტერესი, რომელიც ამ დასკვნების გამოქვეყნებას გადაეფარა­ და ახლა ჟონავს. მეტიც, მას შემდეგ, რაც საქარ­თველო მსოფლიო კლიმატის ჩარჩო-კონვენციას მიუერთდა, ჩვენ მოგვდის შემაშფოთებელი შეტყობინებები, რაც მკვეთრად ცივ ზამთარს გულისხმობს. მაგალითად, წელს ხაშურის მიმართულებით მკვეთრი აცივებაა მოსალოდნელი. ბოლო შეტყობინებით კი 2030 წლისთვის წყლის მარაგი შეგვიმცირდება. იქნებ ესეც გაუკვირდეს ვინმეს?! მყინვარი, სადაც ჩვენი წყლის მარაგებია, დნება და მარაგიც იკლებს. ესენი კი მიადგნენ და ჰესებს აშენებენ... რატომ ამაზე არ იღებენ სამინისტროები ხმას?!

- თქვენ ისიც თქვით, რომ მსგავს აცივებას ვერ გაუძლებს ჩვენი სამშენებლო ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ - 8 გრადუსზეა გათვლილი.

- ვთქვი და ასეა. საუბარია ახალ ინფრასტრუქტურაზე. ყველა­ ხედავს, მცირე თოვლი რომ მოვა, როგორ გამოდის მწყობრიდან დედაქალაქის ინფრასტრუქტურა­ და რატომ გვგონია, რომ - 8 გრადუსზე გათვლილი კორპუსები მწყობრიდან არ გამოვა?! მე ეს იმიტომ განვაცხადე, რომ ამ სირთულეების გათვალისწინებით მოვემზადოთ მკაცრი ზამთრის შესახვედრად! ამ დღეებში ერთმა გამგ­ებელმა დამირეკა, - ქალბატონო ნინო, ესე იგი, ზამთრისთვის უნდა მოვემზადოთო? დიახ-მეთქი! ვერ ვხვდები, რა არის აქ გაუგებარი!

ეთერ ერაძე
ნატა
19 ნოემბერი 2017 20:59
ნინო ცხობაძემ კარგად იცის როგორ გაიპიაროს თავი, დიდი ხანია მედიაში არ გამოჩენილა და მიდი ახლა და მის უპასუხისმგებლო განცხადებას ზე პასუხი აგებინე. ქალბატონო ნინო რა შუაშია ევროპაში ყინვები ქიენბა და ამიტომ ჩვენთანაც გავიყონებაო. ივლისი აგვისტო ჩემმა ინგლისელმა და ფრანგმა ნაცნობ-მეგობრებმა დუტის ქურთუკები ვერ გაიხადეს ისე უჟმური ამინდები იყო და ჩვენთან 42 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოსულა ტემპერატურა.
ყივნები რომ იყოს -12ზე ქვემოთ არასოდეს ყოფილა ტემპერატურა და ისიც 2 დღე მერე ისევ თბება ამინდი საქართველოში. ნოემბერი სრულდება და 19 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოსულა ტემპერატურა.
ეს არის ღია ტყუილი და არაპროფესიონალიზმი. პროფესიონალი ხართ საკუთარი თავის გაპიარებაში მხოლოდ.
რეზო უბილავა
19 ნოემბერი 2017 16:50
ერთი კვირის წინ, როგორც ყველასათვის ცნობილია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაუქმდა და მისი ფუნქციები გადანაწილდა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებზე, აღნიშნულ წერილში კი ორჯერ არის ნახსენები გარემოს დაცვის სამინისტრო. უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ მსგავსი საკითხების განხილვისას მიუთითოთ "სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო", საიდანაც ჯერ კიდევ შესაძლებელია სათანადო, კვალიფიციური განმარტებების მიღება. არარსებული გარემოს დაცვის სამინისტრო რა განმარტებებს მოგვცემს?
haha
19 ნოემბერი 2017 14:26
რაიოოო? მინუს 8 გრადუსზეა გათვლილიო??? კი მაგრამ მაგზაე დაბალი არ ყოფილა თბილისში? აბა გვატყუებდნენ? თუ -15-ზე დაიშლება ეს შენობები? ბოდიში თქვენობები.
ისე სწავლა სიბერემდეო. მე ვიცოდი 8 ბალიან მიწისძვრაზე იყო ქალაქი გათვლილი, თურმე -8 გრადუსზე ყოფილა.

რედაქტორის რჩევით