"ერთ ოთახს ვითხოვ, საიდანაც შვილის საფლავზე სიარულს შევძლებ"
11-11-2017
"ერთ ოთახს ვითხოვ, საიდანაც შვილის საფლავზე სიარულს შევძლებ"
მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი 24 წელია ბინას ითხოვს

"მამას ბოლო წუთამდე არ სჯეროდა, რომ აფხაზეთში ტყვია გავარდებოდა... ომის დაწყება იმდენად განიცადა, სიკვდილს ნატრობდა", - იხსენებს მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი­ ციალა ქანთარია, რომელიც საბერძნეთში ქალიშვილთან ცხოვრობს და საქართველ­ოში 24 წლის შემდეგ "დაბრუნებული" შვილის, თამაზ ოჩიგავას გამო ჩამოვიდა­. 21 წლის თამაზ­ი აფხაზეთის ომში, სოფელ ბესლახუბასთან მოკლეს და მისი ნეშტის გადმოსვენება მხოლოდ ახლა მოხერხდა.

ციალა ქანთარია: -
მამაჩემი სოხუმში­ ცხოვრობდა, მე
ტყვარჩელში ვიყავი გათხოვილი... იქ ბევრი აფხაზი ცხოვრ­ობს, ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა... სიტუაცია რომ დაიძაბა, მამა სოხუმში­ იყო. ჩემმა ძმამ იქაურობას გაარიდა და ოჩამჩირეში წაიყვანა. სულ აფხაზეთსა და აფხაზებზე­ ლაპარაკობდა, შფოთავდა, დარდობდა, მაინც არ ეგონა, რომ ტყვია გავარდებოდა. საბჭოთა კავშირის დროს ფაშისტებს ვეომებოდით, ძმათამკვლელი ომი კი
წყევლააო... მამა მეორე მსოფლიო ომის ამბებს ხშირად იხსენებდა. ჭრილობის გამო ომიდან შინ დრ­ოებით გამოუშვიათ. ყანაში ყოფილა,­ გაწვევის ხელახალი უწყება რომ მისვლია. თოხი მიწაში ჩაუტოვებია, ქუდი თოხის ტარზე ჩამოუმხია და უთქვამს, - ან მკვდარი დავბრუნდები, ან ჰიტლერის­ თავს ჩამოვიტანო - რაიხსტაგზე დროშის აღმართვა ჰიტლერისთვის თავის მოკვეთა იყო... 5 წელი იყო მამა ომში და გასახსენებ­ლის მეტი რა ჰქონდა, მაგრამ აფხაზეთის ომის შემდეგ კრინტს აღარ სძრავდა. ხვდებოდა, ეს ამბები­ ადვილად არ ჩაივლიდა... მოსკოვში­ გადასვლიდან ორ თვეში გარდაიცვალა. შეიძლება ითქვას, აფხაზეთის ამბებს გადაჰყვა.

- თქვენი შვილი აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა?

- ჩემი ძმა ოჩამჩირეში ცხოვრ­ობდა და ჩემი შვილიც მასთან იყო. როდესაც აფხაზეთში პირველი ტყვია გავარდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად გამოვიდა კონტროლიდან... ვიცი, როგორც ქართველები, ასევე აფხაზებიც კარგა ხანს ყოყმანობდნენ იარაღის ხელში აღებას. თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია - რუსებმა დიდი როლი ითამაშეს და ზღვარი ჩვენ შორის ძალიან სწრაფად წაიშალა. გული მიგრძნობდა, ჩემი შვილიც ჩაებმებოდა ამ პროცესებში, მაგრამ მიმალავდნენ...

- როდის გაიგეთ?

- როდესაც გავიგე, უკვე გვიანი იყო... ვუსაყვედურე, ჩვენს აფხაზ ახლობლებს თვალებში როგორ ჩავხედოთ-მეთქი? არადა, ვიცოდი, მათაც იარაღი ჰქონდათ დამიზნებული ქართველებისთვის. რუსეთმა ყველაფერი არია და მაშინ წავუყრუეთ, ყველა­ ჩვენს სახლებში ჩავიკეტეთ, გვეგონა, ეს უბედურება ჩვენს ჩაურევლად ჩაივლიდა... თუმცა, წაყრუებამ ერთ დღესაც ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეს დაგვაყენა.
ამას ვერც ჩემი ოჯახი გადაურჩა, რომელსაც ახლაც კი ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს აფხაზებთან...
ომში წასვლის შემდეგ ჩემი შვილი­ ერთადერთხელ ვნახე - 27 დეკემბერს, მისი დაბადების დღეს. იცოდა, რომ ნაწყენი ვიყავი. თითქოს თვალებში ვეღარ მიყურებდა. ნუ მიბრაზდები­, დედა, საქართველ­ოსთვის ავიღე­ იარაღი, სხვანაირად არ შემეძლოო. წასვლისას, თითქოს გულმა უგრძნო, მაგიდაზე ხელი დაარტყა - დედა, ეს ჩემი ბოლო დაბადების დღეაო. ისევ სოხუმში დაბრუნდნენ და მერე აღარც მინახავს...
1993 წლის 22 თებერვალს მისი მეგობრები მოვიდნენ - თაზოს ჭურვი მოხვდა ფეხში, ოჩამჩირის საავადმყოფოში წევს, დაჭრილია და თქვენი ნახვა უნდაო... საავადმყოფოში რომ აღარ მიმიყვანეს, მივხვდი, კარგი ამბავი არ იყო ჩემს თავს. მტერსაც არ ვუსურვებ, რაც მე ვნახე... სოფელ ბესლახუბაში დაღუპულა. ოჩამჩირის სასაფლაოზე დავკრძალეთ.

- ოჩამჩირეში რატომ დაკრძალეთ?

- ჩემი ძმის მეუღლე იქაური აფხაზია, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში ცხოვრობს და ის უვლიდა საფ­ლავს...
22 თებერვალს ჩემი შვილი დაიღუპა და იმავე წელს, ჩემი შვილის დაბადების დღეზე, მამაჩემი გარდაიცვალა.

- თქვენი შვილის გადმოსვენება როგორ მოგვარდა?

- ყველას ვთხოვდი, შვილის ცხედარი მაინც დამიბრუნეთ-მეთქი. ცალკეულ საფლავებზე ვერ ვმუშაობთ, საერთო სამარხები რომ იყოს, კი ბატონოო...
კიდევ ორი შვილი მყავს. გოგონა საბერძნეთში დევნილობამდე გათხოვდა. მას შემდეგ, რაც სახლ-კარი დავკარგეთ, მე და ჩემი ვაჟიც თან წაგვიყვანა... 24 წელია, თაზოს საფლავს ვნატრობთ, მაგრამ აქამდე არ გვეღირსა. ახლა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დახმარებით შევძელით მისი ნეშტის გადმოსვენება, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი...

მე და ჩემი ვაჟი უკვე 24 წელია, ბერძენ სიძესთან ვცხოვრობთ. დავიღალე... ჩემს მიწაზე, ჩემს ხალხთან მინდა ცხოვრება, მით უფრო ახლა, ჩემი შვილის დაბრუნების შემდეგ, მინდა საქართველოში დავრჩე, საფლავს მოვლა უნდა... მინდა, მისი მონატრების წლები ავინაზღაურო, მის საფლავს ვეფერო, მაგრამ ერთოთახიან ბინასაც ვერ ვეღირსე...
რომელ უწყებას არ მივმართე, ყველამ იცის, ვინ ვარ. მეუბნებიან - თქვენ თუ არ დაგეხმარეთ, აბა, ვის უნდა მოვუმართოთ ხელიო, მაგრამ 24 წელია, ვერა და ვერ დაიძრა ეს "კი" მკვდარი წერტილიდან. ყველა ხელისუფლება მპირდებოდა, მაგრამ აქამდე უბინაოდ ვარ...

- ვის მიმართეთ, რომელ უწყებას?

- ამჟამინდელ პრეზიდენტს, წინასაც... დევნილთა და განსახლების სამინისტროს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, მერიას... ერთ ოთახს ვითხოვ, რათა ჩემი შვილის საფლავზე სიარული შევძლო... ერთადერთი, ვისგანაც პატივისცემას ვგრძნობ, ჩემი შვილის თანამებრძოლები არიან. მისი დაკრძალვის დღეს მოვიდნენ და მის წინაშე მუხლი მოიყარეს. მე მათგან არავის ვიცნობდი, მაგრამ ყველასგან სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობდი...

ლალი პაპასკირი
მამუკა კვარაცხელია
12 ნოემბერი 2017 19:05
პრეზიდენტის, პარლამენტის თავჯდომარისა თუ პრემიერ მინისტრის (ყველას ამათ წინ შეიძლება დავუწეროთ - წინდებული ვაი!) ნებისმიერი ერთი საზღვაგარეთული ვიზიტი, რომელიც მართლა არაფერს წყვეტს, ამ და სვა ბევრ საქმეებს მოაგვარებდა...
ზურიკო
12 ნოემბერი 2017 15:12
სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დააკმაყოფილოს!
მედეა
12 ნოემბერი 2017 14:13
დაეხმარეთ, სოზარ, ძალიან გთხოვთ.

რედაქტორის რჩევით