"სავარაუდოდ, გულმა უმტყუნა, საჭე ვერ დაიმორჩილა და..." - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, გულმა უმტყუნა, საჭე ვერ დაიმორჩილა და..."

"უსამშობლოდ დარჩენილ ადამიანზე უსუსური არავინაა და ვგავარ ახლა იმ კაცს, ასეთი ყოფა რომ უნდოდაო?"

რამდენიმე დღის წინ, საღამოხანს, საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" რომ შევედი, იმწამს ჩემი ახლახან შეძენილი მეგობრის, პოეტისა და მთარგმნელის, ნიკა ბაძაღუას სტატუსი მომხვდა თვალში - ისეთი დასაწყისი ჰქონდა, მივხვდი, რაღაც უბედურება მომხდარიყო ზუგდიდში. ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე, თითქოს, სისხლი გამეყინა ძარღვებში, ის "უბედურება" კი ბოლოს ეწერა: თამაზ ჟორჟოლიანი დაიღუპაო!

ამ უთბილეს, გულისხმიერ და გადაჭარბებულად ყურადღებიან ადამიანს, ახლახან, სექტემბერში, ქართულ-აფხაზურ-კავკასიური პოეზიის ფესტივალზე შევხვდი, ანაკლიაში. ის იყო დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და ზუგდიდის პირველი პრეფექტი; ის იყო უშიშარი და პატრიოტი კაცი; ის იყო თავისი ქვეყნიდან უცხოეთში დევნილი და ძალიან დიდი ხნის შემდეგ მონატრებულ სამშობლოში დაბრუნებული; და ბოლოს, ის იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და სოფელ ცაიშის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი!

თამაზ ჟორჟოლიანი, 2 ნოემბრის საღამოს სამსახურიდან შინ, ცაიშში ბრუნდებოდა. ახლობლების თქმით, "სავარაუდოდ, გულმა უმტყუნა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტოავარიის შედეგად დაიღუპა..." ის იყო კაცი, რომლიც მართლაც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას...

თამაზ ჟორჟოლიანის უკანასკნელი ფოტო

"კვირის პალიტრის" ვებგვერდის მკითხველისთვის კარგად ნაცნობ პოეტს აფხაზეთიდან - ნიკა ბაძაღუას რომ მივწერე, ბატონ თამაზთან შენს ურთიერთობაზე მიამბე-მეთქი, - ცრემლებს ვერ ვიკავებ, გთხოვ, ხვალისთვის გადავდოთო... მეორე დღეს მართლაც მიპასუხა:

- ქართულ-აფხაზურ-კავკასიური პოეზიის ფესტივალ "ანაკლია 2017"-ზე რომ მიმიწვიეს, მის გახსნამდე ერთი დღით ადრე ჩავედი და ხეთაში, ინტერნეტით გაცნობილ ბესო ბაძაღუას ოჯახს ვესტუმრე. თამაზმა, პოეტ გია ჯიჭონაიასთან ერთად, იმავე დღეს მომაკითხა ხეთაში... შეხვედრისთანავე ომახიანად და შემართებით, სვანურად შემომძახა: ხოჩა ლადაღ, მუხბეო! - რომელშიც მთელი მისი სულიერი სამყარო იყო ჩაქსოვილი. ანაკლიაში დასაბინავებლადაც მან წამიყვანა და გზად იმდენ რამეზე ვისაუბრეთ, ზოგიერთი ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებდა ამდენის მოყოლას... არადა, უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის... თუმცა ამბობენ, მონათესავე სულის მქონე ადამიანები უცებ პოულობენ ერთმანეთსო...

რით დამამახსოვრდა თამაზი?! ადამიანობით... იმ პირველი "ხოჩა ლადაღ, მუხბეთი"... ადამიანი, რომელიც სულ იღიმოდა; კითხვებზე ისე სწრაფად გცემდა პასუხს, კითხვის დასმასაც კი ვერ ასწრებდი; დიდი იუმორის მქონე; სიტყვის პატრონი; უღალატო თვალებითა და უბოროტო სულით; იმ გულით, რომელშიც ყველასთვის მოიძებნებოდა ადგილი... თამაზისნაირი ადამიანი დღეს ათასში ერთიც კი აღარ იბადება... სრულიად უცხო კაცმა ისე შემიყვარა (და შემაყვარა თავი...), რომ "მუხბე" (სვანურად "ძმა") მიწოდა..."

თამაზ ჟორჟოლიანთან ანაკლიაში შეხვედრას ჩემს მეგობარს, ზუგდიდის კულტურის ცენტრ "ოდიშის" ხელმძღვანელს, ნინო მამფორიას ვუმადლი. სამწუხაროდ, იმ საბედისწერო 2 ნოემბერს, სწორედ ნინოსთან, "ოდიშში" ღონისძიებაზე სტუმრობისას გადაღებული ფოტოები აღმოჩნდა თამაზ ჟორჟოლიანისთვის უკანასკნელი.

ნინო მამფორია:

- ბატონ თამაზს ჯერ იმ დროიდან ვიცნობდი, ეროვნული მოძრაობის აქტიური ლიდერი და, შემდეგ, პრეფექტი რომ იყო. ამას მოჰყვა ძალიან დიდი პაუზა, სამშობლოში არყოფნის. ერთმანეთს 2016 წლის 31 დეკემბრს, საახალწლო ღონისძიებაზე შევხვდით. იგი მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. იქიდან მოყოლებული, საქმიანი ურთიერთობაც ხშირად გვიწევდა და ვმეგობრობდით კიდეც. ჩვენი საქმიანობის დიდი ქომაგი იყო და კულტურის ცენტრის ყველა ღონისძიებას ესწრებოდა. ტრაგედიის დღესაც სწორედ ღონისძიებაზე გვესტუმრა, მისი დასრულების შემდეგ კი დაინტერესდა, რა სიახლეები გვქონდა, რით უნდა ამოგვდგომოდა მხარში, თუნდაც საკრებულოს დეპუტატის პოზიციიდან...

ცრემლებს გამოყოლილ გულისა და სულის ამოხეთქვას ჰგავდა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მწერლის, თამაზ ჟორჟოლიანის მეგობრის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსის, ლაშა გვასალიას ამოთქმული სიყვარული და ტკივილი:

"1989 წლის 9 აპრილს ზუგდიდის ყალყზე დაყენება და ხალხის საპროტესტოდ დარაზმვა მისი დამსახურება გახლდათ. სიმპათიური, მთასავით ვაჟკაცი, ზვიადისა და მერაბის გამორჩეული თანამებრძოლი, თავისუფლების იდეით მოპირთავებული შეხვედრებსა თუ ხალხმრავალ მიტინგებზე, ცეცხლს ანთებდა. თითქოს გულ-ღვიძლი ხელისგულზე უდევსო, ისეთი არაამქვეყნიური აღტკინებით მიმართავდა მშობლიურ ზუგდიდს, მშობლიურ ხალხს... ირწმუნეს მისი, მიენდნენ და წარიმძღვარეს. ასე გახდა ზუგდიდელთა რჩეული საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - უზენაეს საბჭოში, შემდგომ კი - ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი. ერუდირებული, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა ხელმძღვანელი მრავალი სასიკეთო იდეის განხორციელებას აპირებდა, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებამ და ავბედითმა ჟამმა ასერგასულად გამოუღამეს დღეები და წელიწადები ჩვენს ქვეყანას. არ დაედგომებოდა ეროვნულსულოვან თამაზ ჟორჟოლიანს საქართველოში და ცოლ-შვილთან ერთად უცხოეთში გადაიხვეწა. მხედრიონელთა ავბედით ტყვიას შეეწირა მისი უვაჟკაცესი დისშვილი.

ცხოვრების საუკეთესო წლები ემიგრაციაში გაატარა. ნანობდა, ტკივილობდა და მისტიროდა იმ დროს. იტყოდა ნაღველძლეული: იმდენი რამის გაკეთება შემეძლო, ისეთი ძალა და ენერგია მქონდა და, როგორც მინდოდა, ისე ვერ მოვახმარე ჩემს ქვეყანას, ტყუილუბრალოდ დამეხარჯაო.

დაბრუნდა, ცოლ-შვილი ჯერხნობით იქ დატოვა. მოხუც დედას ასე, ღვთის ანაბარა ხომ ვერ დავტოვებდიო, თანაც უსამშობლოდ დარჩენილ ადამიანზე უსუსური არავინაა და ვგავარ ახლა იმ კაცს, ასეთი ყოფა რომ უნდოდაო? - იტყოდა და მისებურად გულამონთებულად ჩაიცინებდა..."

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)