"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში? - კვირის პალიტრა

"...სოხუმში ისიც კი მითხრეს, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო" - რატომ ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონი სოხუმში?

გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომან რურუა, აფხაზეთში იმყოფებოდა. რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ამაზე კომენტარი თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ვთხოვეთ:

- ამ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთიდან, სპორტის იქაური წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, ვთხოვე ჩემთან ჩამოსულიყვნენ, მართლაც ჩამოვიდნენ, აქ შეჯიბრსაც დაესწრნენ, მერე მთხოვეს მეც ჩავსულიყავი მათთან. ეს შანსი არ გავუშვი ხელიდან. ძალიან მაინტერესებდა როგორ შემხვდებოდნენ აფხაზები. გამიხარდა, რომ ძალიან თბილად მიმიღეს. ჩვენ პოლიტიკაზე ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ ეს თავიდან მაინც ვერ ავიცილეთ. წყენაზეც ვილაპარაკეთ და სიხარულზეც. მათი საუბრიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ 90-იანი წლების კონფლიქტში, არაფერ შუაში არიან აფხაზები, ეს კონფლიქტი გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან.

-  ქართველებთან შერიგებაზე თუ  ისაუბრეთ?

- ბევრ რამეზე ვისაუბრეთ და იქ ერთმა ჩემმა მასპინძელმა ისიც თქვა, ბოლოს და ბოლოს გერმანია გაერთიანდაო... მეტი რაღა უნდა ეთქვათ?! ძალიან ნაწყენები არიან, ბევრი საშინელება ჩავიდინეთ ჩვენც და იმათაც... იყო ბევრი უკეთურობა, ამ ყველაფრის დავიწყება ძნელია... ახლა კი რუსეთითაც უკმაყოფილოები არიან.

- თუ ნანობენ რამეს?

- როდესაც ომი დაიწყო, ისინი იძულებული იყვნენ თავი დაეცვათ. მერე ზოგმა ქართველების მიმართ სიკეთეც გამოიჩინა და პირიქით ქართველებმაც გმირობა გამოიჩინეს აფხაზების მიმართ. ომი იყო და რომ აირევა ყველაფერი, რთულია გაკონტროლება. რაც შეეხება იმას ნანობენ თუ არა, ამაზე არ გვილაპარაკია. ძალიან კარგად და თბილად მიმიღეს, სოხუმში ძირითადად ისევ ისეა ყველაფერი, როგორც 90-იანებში დავტოვეთ, სამწუხაროდ, ისეთივე დანგრეულია ქალაქი. არ ვიცი იქაური უშიშროება მაკონტროლებდა თუ არა, მაგრამ საკმაოდ თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ჩემს გარშემო იყვნენ სპორტული სამყაროს წარმომადგენლები. მშვიდ გარემოში ვისაუბრეთ. "ბოევიკებს" რომ ეძახდნენ, მაგათაც შევხვდი... არ იყო მათთან შეხვედრა ადვილი.

მაგრამ იქ იმისთვის კი არ ჩავსულვარ მათთვის საყვედურები მეთქვა. მოხდა ეს უბედურება და დღეს ეს ყველაფერი, ცივი გონებით უნდა გავაანალიზოთ. დღეს უკვე შეიძლება მათთან ლაპარაკი, მაგრამ დღეს, რომ ამ მხრივ ნაბიჯიც არაა გადადგმული, რუსების "დამსახურებაა", ისინი აკეთებენ ყველაფერს ჩვენი დაახლოება რომ არ მოხდეს, თუმცა ვერც რუსების გინებით მივაღწევთ რამეს, ჩემი აზრით, მათ გარეშე იქ არაფერი გამოვა...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)