როგორ იფერფლებოდა გურულების სახლები - კვირის პალიტრა

როგორ იფერფლებოდა გურულების სახლები

უსახლკაროდ დარჩენილი ათეულობით გურულის სია ქართველმა თავადაზნაურობამ შეადგინა, შტაბი შექმნა და მათ დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყო. ეს სია, გურიის გადამწვარი სახლების ფოტოებთან ერთად, ახლა ოზურგეთის მუზეუმში ინახება

განგებამ ისეთი მიწა-წყალი გვიბოძა, ოდითგან ყველა მის დასაკუთრებას რომ ცდილობდა და ცდილობს. ჩვენც მუდამ გვიხდება იმაზე ფიქრი, ვინ ვიგულოთ მოყვარედ და ვინ - მტრად. გვინდა გავიხსენოთ ტრაგედია, რომლიდანაც არც ისე გრძელი ჟამი გვაშორებს.

ოზურგეთში ზოგიერთს დღესაც ახსოვს 1905 წელს საღორეში დამალული იმ ბებიების ნაამბობი, რომლებიც ჭუჭრუტანებიდან უყურებდნენ საკუთარი სახლების გადაწვას. გენერალი კრილოვი, რომლის ბრძანებითაც ოზურგეთი გადაიწვა, სულ სამიოდ დღით ადრე დაჰპირდა გურულ გლეხებს, სახლებს არ დაგიწვავთო! რასაკვირველია, პირობა დაივიწყა და სწორედ ის უკიდებდა ჩირაღდნით ცეცხლს ქოხებს და მერე ნეტარებით შესცქეროდა აბრიალებულ ხანძარს... კაზაკები ყოველი სახლის ეზოში ცეცხლის გასაძლიერებლად ჯერ გუდრონს ადნობდნენ, მერე სახლს ასხამდნენ და ჩირაღდანს უმარჯვებდნენ. თუკი სახლის პატრონი შეწინააღმდეგებას გაბედავდა, მასაც ცეცხლში ჩაუძახებდნენ. როგორც კი გაიგეს, ოზურგეთის ცენტრში რუსების რაზმი შემოვიდაო, კაცებმა სახლებიდან ქალები, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს და როგორც შეეძლოთ, ისე გადამალეს, მათ შორის სახლის შორიახლო საღორეებშიც.

ადვილი წარმოსადგენია, რას განიცდიდნენ ადამიანები, როცა ცრემლიანი თვალებით უმზერდნენ ათეულწლობით ნაშრომ-ნაწვალების დაფერფვლას. ზამთრის მოღრუბლულ ცას კი დაბნელება არ ეტყობოდა - რამდენიმე კილომეტრის მანძილზე აალებული ოზურგეთის სახლები ანათებდა. უპატრონოდ დარჩენილი პირუტყვი ბღაოდა, საუკეთესოები კაზაკებმა დაკლეს და მთელ ღამეს ღრეობდნენ.

მაგრამ ამ გაუგონარმა სისასტიკემ ვერ მოადრეკინა ქედი გურულებს - ამ დღის შემდეგაც ერთგან ჩამქრალი აჯანყების ალი გურიაში მეორეგან ამოვარდებოდა ხოლმე. რუსეთის იმპერატორი შეშინდა და აჯანყების მეთაურების გასამართლება გურიის კი არა, თბილისის სასამართლოშიც ვეღარ გაბედა - ოდესაში გადაიტანა. აჯანყებულები მხოლოდ გადასახლებას დააჯერეს, კრილოვი კი გემით გააპარეს ბათუმიდან.

უსახლკაროდ დარჩენილი ათეულობით გურულის სია ქართველმა თავადაზნაურობამ შეადგინა, შტაბი შექმნა და ფულის შეგროვება დაიწყო მათ დასახმარებლად. ეს სია, გურიის გადამწვარი სახლების ფოტოებთან ერთად, ახლა ოზურგეთის მუზეუმში ინახება. როცა ამ გაყვითლებულ ფურცლებს ხელში იღებ, თვალწინ წარმოგიდგება როგორ აბრიალებდნენ რუსები ქართველების სახლებს და როგორ იცრემლებოდნენ ღამის სიბნელეში დამალული, შიშით და სიცივით აცახცახებული პატარები, მშობლები პირზე ხელს აფარებდნენ, ხმამაღლა რომ არ ეტირათ და კაზაკებს არ დაეხოცათ...

აი, ასეთი იყო რეალობა, რომლის სისასტიკეს ზღვარი არა აქვს; მაგრამ ეს რეალობაა და უნდა ვიცნობდეთ!

ეთერ ერაძე