შემდგარი არჩევნები და ჩაშლილი ქორწილი - კვირის პალიტრა

შემდგარი არჩევნები და ჩაშლილი ქორწილი

იმის გამო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შედგა და თანაც უპირატესობა კვლავ "ნაციონალებმა" მოიპოვეს, კინაღამ ახალთახალი შექმნილი ოჯახი დაინგრა.

30 მაისს თბილისში ერთით მეტი ოჯახი შეიქმნა - ახალგაზრდა ლამაზმა წყვილმაც მოაწერა ხელი საკუთარ მომავალს, ოღონდ საარჩევნო უბანზე კი არა, სამოქალაქო ქორწინების სახლში. პრობლემებიც აქედან დაწყებულა. სიძის ბაბუა, პოლიტიკურად ფრიად ანგაჟირებული (ასე უწოდებენ ოჯახშიც და მეგობრებშიც)  ბატონი დიმიტრი ჯერ იმაზე გადარეულა,  არჩევნების დღეს რატომ ქორწინდებითო, რაღა ამ მნიშვნელოვან დღეს მოგინდათ ოჯახის შექმნაო და დიდი მონდომებით უცდია ქორწინების თარიღის შეცვლა, მაგრამ შვილიშვილი ვერაფრით დაუყოლიებია.

მოკლედ, იმ დილას 72 წლის დიმიტრი ალიონზე წამოფრენილა ლოგინიდან, საარჩევნო უბანში გაქცეულა და პირველს დაუფიქსირებია თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია. რომც არ ეთქვა, ვის მისცა ხმა, ისედაც ყველამ კარგად იცოდა, რომ დიმიტრი ბაბუა ნაციონალების ფანია. მძახლებთან პირველივე ურთიერთობაში სწორედ პოლიტიკური მრწამსის გამო გაუჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ საპატარძლოს ბაბუა, დიმიტრისკბილა ალიოშა "ალიანსის" და, რაღა თქმა უნდა, ალასანიას მხარდამჭერი ყოფილა. დიმიტრიმ, ნაცვლად იმისა, მძახლებისთვის ბედნიერი დღე მიელოცა, იმის გარკვევა სცადა, ვის მისცა ხმა ალიოშამ. რა თქმა უნდა, ალასანიასო, რიხით უპასუხია მძახალს. აუფ, აუფ, ეს რა მითხარიო, შეუცხადებია დიმიტრის. ამასობაში ქალ-ვაჟი ხელის მოსაწერად მიიწვიეს და მაყრიონიც დარბაზში შევიდა.

გარეთ დარჩა მხოლოდ ორი კაცი - გურული დიმიტრი და მეგრელი ალიოშა. ასაკის შეუფერებლად ენერგიულები, გაცხარებული უმტკიცებდნენ ერთმანეთს, პოლიტიკურად "დურაკი" ხარო. საქმე იქამდე მივიდა, რომ დიმიტრი ალიოშას დაემუქრა, ახლავე ქორწილს ჩავშლი, შენნაირი ნათესავი არ მჭირდებაო. ამის თქმა და, შურდულივით გავარდნილა საცერემონიო დარბაზისკენ. კიდევ უფრო გამკვირცხლებული ალიოშა წინ გადაუდგა და სთხოვა, დიმიტრი, სისულელეს ნუ იზამ, ბავშვებს ამ დიდებულ დღეს ნუ ჩაამწარებო.

მოკლედ, საქმეში ნათესავების ჩარევით დიმიტრი და ალიოშა ისევ გარეთ გამოაბრძანეს და ცალ-ცალკე ავტომობილებში ჩასხეს, ნეფე-დედოფლის გამოსვლამდე აქ იყავით და თქვენი ფეხი არ ვნახოთ ძირს დადგმულიო. ვერ მოისვენა დიმიტრიმ, მობილური მოიმარჯვა და ახლა ტელეფონით დაიწყო მძახლის შეჩვენება. არც ალიოშა რჩებოდა ვალში და ორივე ავტომობილიდან ისეთი ყვირილი ისმოდა, რომ ქუჩაში გამვლელებიც კი ჩერდებოდნენ. მოკლედ, როგორც იქნა, მოხუცებიც დაიღალნენ და მაყრიონიც დაიძრა საქორწილო დარბაზისკენ. ნეფე-დედოფლის მშობლებმა, რომლებიც შესანიშნავად იცნობდნენ თავიანთ მშობლებს, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მკაცრ ზომებს მიმართეს და დიმიტრი და ალიოშა, სუფრასთან ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულად დასხეს, თან "დაცვაც" - ჯანიანი ნათესავი ბიჭები დაუნიშნეს, რომ ერთმანეთის მოძებნა არ ეცადათ.

მალე დიმიტრიმ შვილიშვილის, სიძის ნახვა მოისურვა, "დაცვას" ნებართვა სთხოვა და ნეფე-დედოფლის მაგიდას ეწვია. გაბედნიერებულმა ჭაბუკმა ბაბუა გვერდით მოისვა და ახალშერთულ ცოლს უხსნიდა, დიმიტრი ბაბუას დიდი ამაგი აქვს ჩემზეო. ვინ აცალა დიმიტრი-უმცროსს ლაპარაკი, თვალებაცრემლებულმა ბაბუამ აკანკალებული ხმით გამოუცხადა შვილიშვილს, არ მეგონა, ბაბუა, მტერს თუ შემოიყვანდი ოჯახში, გოგო კი კარგი ჩანს, მაგრამ ბაბუამისივით აბდალი თუ არის პოლიტიკურადაც, დავღუპულვართ და ეგააო. ვინაა აბდალიო, წამოექოჩრა თავს წამომდგარი ალიოშა დიმიტრის და ატყდა ერთი ამბავი. აურზაურში დიმიტრიმ ფეხი რაღაცას გამოსდო, ძირს გაიშხლართა და გონი დაკარგა. გადაირია სიძე, ბაბუას მივარდა...

სასწრაფო დახმარების მანქანაში რომ შეასვენეს, მაშინ ჭყიტა დიმიტრიმ თვალი და აქვითინებული შვილიშვილი კიდევ ერთხელ შერისხა, ეს ვინ მოიყვანე ცოლადო. ამის მერე დედოფალს წაეკიდა გულზე ცეცხლი და გულამოსკვნით ატირდა. აღარ იცოდა, რა ექნა დიმიტრი-უმცროსს. ბოლოს მაინც ცოლის სიყვარულმა სძლია, დედოფალს ხელი დაავლო და სტუმრებს გამოუცხადა, აგერ თქვენ ბურთი და მოედანი, ჩვენ კი მივდივართო. წყვილი რამდენიმე საათში თვითმფრინავით პარიზისკენ გაფრინდა თაფლობის თვის გასატარებლად. ახლა ოჯახს ის ეფიქრება, რომ ჩამოვლენ, მერე რა იქნება, როგორ დახვდება ბაბუა დიმიტრი შვილიშვილსა და რძალს.

P.S. ცხონებული ბებიაჩემისთვის რომ გეკითხათ, პოლიტიკა "დურაკების" საქმეა. აღიზიანებდა სოფლის შარაზე საბირჟაოდ გამოფენილი "ულაყები" (ასე ეძახდა ბებია კაცებს), რომელთა ყაყანის ძირითადი თემა "პერესტროიკის" მერე სულ პოლიტიკა იყო. ყანას, სათოხნ-საბარს მოწყვეტილი კაცების გამო შეიძულა ბებიამ პოლიტიკა. დიმიტრისა და ალიოშას ამბავი რომ ენახა, ბებია ნიშნის მოგებით იტყოდა, აი, ხომ ვთქვი, პოლიტიკა "დურაკების" საქმეა-მეთქი. შეედავებოდით?