ალავერდი - სააქაოზე ამოტყორცნილი სილამაზე - კვირის პალიტრა

ალავერდი - სააქაოზე ამოტყორცნილი სილამაზე

გაჰყურებ ათასწლოვან ტაძარს და გაცვიფრებს ძალა, რომელმაც სააქაოზე ამოტყორცნა ეს ვეებერთელა სილამაზე, საუკუნოვან ქარტეხილებს გააცდინა და ასე შეალოც-შეაყვარა ქართველ კაცს

თენდება. კავკასიონიდან ნაკვერჩხლისფერი, მწიფე სხივები ქედდაქედ ჩამორბიან და ცაში გაძერწილ გუმბათს სისხლისფერ პერანგს აცმევენ.

დილაადრიან საკუთარ მამულში გამოსულა მახარა პაპა, სიმინდის ძირკვებს ერთ ადგილას აქუჩებს და წვავს. რატომ წვალობ, ტრაქტორს ღრმად მოახვნევინე და ეგ იქნება-მეთქი. არაო, კვამლით ეშმაკებს ვაფრთხობო, - გაიხუმრა, - ეგეც არ იყოს, ორპირადაც რომ მოვხნა, შინ რა გამაჩერებს გაურჯელად. ყურძენი დავწურე და ღვინოც გადავიღე, შვილიშვილებს გაისად ნასიმინდარში ვაზის ჩაყრა უნდათ და მეც საფანელს ვუმზადებ ვენახს...

აქაურობას ყველგან ალავერდის ტაძრის წვერის შუქი სწვდება, შვილო, ამ პატარა სიმინდის ყანას წლიდან წლამდე ვუვლი, უკვე ოთხმოცს მივუკაკუნე და როცა ეკლესიის სიახლოვეს ვარ, დაღლას ვერა ვგრძნობ. ძველად აქაურობას, ალაზნის ველს - ალვანთა მინდვრები, მდინარე ალაზანს - არაზნის წყალი (წყალუხვი), ხოლო სოფელ ალავერდს, რომლისგანაც მიიღო ტაძარმა სახელწოდება, ალვანისგვერდი ერქვა. დროთა განმავლობაში დაიკარგა ეს ცოდნა. როცა დავიღლებით ხოლმე, ტაძრისკენ თვალი გაგვექცევა, მისი სიახლოვე დაგვამუხლისთავებს, სავედრებელ სიტყვას წამოგვაცდენინებს და ხელმეორედ ვიბადებით, მაჯაში ღონე მორბის, თოხსაც საამურად გააქვს წკრიალი ყამირზე.

ჩვენა, შვილო, წესადა გვაქვს: მნათე რომ ზარებს შემოჰკრავს, აღმოსავლეთისკენ ვბრუნდებით, ამბობენ, საინგილოში ამ დროს ალვანის ველიდან გადასული შაბარდუხები (ქორები) იწყებენ ყივილს, იქაურები გავაზ-შავარდანს ეძახიან, ერთმანეთს კითხულობენ - ბევრი მოკეთე და ნათესავი დამრჩა იქით, ამ ბოლო დროს ვეღარ ვსტუმრობთ ერთმანეთსო, - მახარა პაპა მაჯაზე თვალიდან წამოვარდნილ ცრემლს ღიმილით ეუბნება, - რა პატარა ხარ და რა ადვილად კი მერევიო..."

მართლაც უამრავი ადამიანი გამოშლილა მინდორ-ველად, ნაკვეთებს ასუფთავებენ, წაქცეულ ვაზებს ხელს აშველებენ, ჭიგოებს ასწორებენ, მავთულებს ჭიმავენ, ვაზს ფეხზე წამოდგომაში ეხმარებიან.

მონასტრის მარნის ეზოში შევედი. აქ ისევ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, გათხრების შედეგად მეფეთა საძვლეს უამრავი ახალი საფლავის ქვა მიმატებია. უცებ გალავნის იქით მანქანები ახმაურდა და გალავანში ჯერ ქალ-ვაჟი, ხოლო შემდეგ მაყრიონიც გამოჩნდა.

ტაძრის მსახურებს, როგორც ჩანს, კარგა ხნის წინ მოუკრეფიათ საფერავი საბარძიმე ღვინისთვის, აქა-იქ შერჩენილ მტევნებს ბეღურები შესევიან და ჟღურტულით ტრაპეზობენ.

უკანა გზაზე დასამშვიდობებლად ისევ გავჩერდი და აქაურებს გამოველაპარაკე.

- დღემდე ხვნა-თესვისას იმდენ საბრძოლო იარაღის ნამსხვრევს ვპოულობთ, ერთ მუზეუმს ეყოფა საექსპონატოდ, - მეუბნებიან დავით და ფირუზ დათუაშვილები და გულდასმით ღობავენ მამაპაპეულ ადგილს - მიჯნაზე ხის სოლებს სვამენ. ესენიც სავაზედ ამზადებენ ადგილს. მომავალ წელს ალავერდის ძალა და მადლი კიდევ ერთ ვენახს შეეწევა.

-"ალავერდზე ძვირფასი ბევრი არაფერი გაგვაჩნდა და იმასაც სტუმარს ვუძღვნიდით. ეს იყო პატივისცემისა და მოკრძალების ნიშანი, განსაკუთრებული სადღეგრძელო-ლოცვა, - მეუბნება ფირუზი და საყველპუროდ წამოღებული საფერავით ალავერდს გადმოდის ჩემთან.

-"მახარა პაპა, დაგვეწვიე,"- გასძახიან ბიჭები. მოხუციც დინჯი ნაბიჯით მოემართება, და ჩვენს იქვე, ალავერდის ტაძრის ჩრდილში ვიმუხლებით და ვილოცებით.

უყურებ აქაურობას და გრძნობ, როგორ არის ერთ სიტყვაში მთელი სამყაროს მადლი და სინათლე ჩატეული, გეძნელება ალვანის ველთან განშორება, გაჰყურებ ათასწლოვან ტაძარს და გაცვიფრებს ძალა, რომელმაც სააქაოზე ამოტყორცნა ეს ვეებერთელა სილამაზე, საუკუნოვან ქარტეხილებს გააცდინა და ასე შეალოც-შეაყვარა ქართველ კაცს.

კახა მჭედლიშვილი