"მე და ჩემი მეუღლე არსად წავალთ" - 10-შვილიანი ოჯახი შუაფხოს იმედად - კვირის პალიტრა

"მე და ჩემი მეუღლე არსად წავალთ" - 10-შვილიანი ოჯახი შუაფხოს იმედად

"საღამოობით ღუმელს მიფიცხებულნი ოცნებობენ - სოფლის განვითარების გეგმებს აწყობენ"

"ჩვენს შვილებსაც არ უნდათ, რომ სოფელი დაიცალოს. ამბობენ, ისე გავალამაზებთ შუაფხოს, არა მხოლოდ აქედან წასულებს, უცხოებსაც მოუნდებათ აქ ცხოვრებაო"

შუაფხო ნოემბერში ისეთი ხალხმრავალი აღარ არის, როგორიც ზაფხულობით, მაგრამ ქარვისფრად მორთულ არემარეს სკოლიდან გამოსული მოსწავლეების ჟივილ-ხივილი ავსებს. თუ 2006 წელს სკოლაში 5 მოსწავლე სწავლობდა, წელს 17 მოსწავლე სწავლობს, 8 მათგანი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ირმა ცქიფაშვილის შვილია. მრავალშვილიანი დედა "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- მაღაროსკარიდან ვარ. 18 წელია, რაც შუაფხოში ვცხოვრობ, აქა ვარ გამოთხოვილი. შეგუება არ გამჭირვებია, მხარეც, თემიც ჩემთვის ნაცნობი იყო. შუაფხოს სკოლაში 2006 წლიდან ვმუშაობ, ჯერ როგორც შრომა-ხელოვნების მასწავლებელი, 2008 წლიდან კი, როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

10 შვილის დედა ვარ, 2 შვილი სკოლამდელი ასაკის მყავს. მთავარი, რასაც ვასწავლი ჩემს შვილებსა და მოსწავლეებს, სამშობლოს, თავისი კუთხის სიყვარული და უფროსის პატივისცემაა.

- მეუღლე რა პროფესიისაა?

- ჩემი მეუღლე, ზაზა ჯაბანიშვილი, მუნიციპალურ ტრანსპორტს მართავს, დუშეთი-შუაფხო-თბილისის რეისზე მუშაობს. შუაფხოელების ყველაზე დიდი საწუხარი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, მეტი ტურისტი გვეწვევა.

შუაფხოში 1999 წლიდან ვცხოვრობ. იყო წლები, როდესაც რომელიმე ოჯახში ბავშვი სასკოლო ასაკის შეიქნებოდა, ოჯახები სოფლიდან მიდიოდნენ. საბედნიეროდ, დღეს შეჩერდა მიგრაცია, რადგან შედარებით მეტი ყურადღება ექცევა მთას. ხვალინდელ დღეს იმედიანად შევყურებთ, გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა აქვე მიიღონ არა მარტო სასკოლო ცოდნა, გაიხსნას დამატებითი წრეებიც სპორტულ ან ხელოვნების რომელიმე დარგში.

- რამდენი კომლია სოფელში?

- თხუთმეტი, სოფელი უბნებად არის დაყოფილი. მე, მაგალითად, თხილიანაში ვცხოვრობ. ეს უბანი უფრო ხალხმრავალია, მუდმივი მოსახლეები ცხოვრობენ. იქით კომლები კი გვყავს, მაგრამ მოზამთრე - მცირედ.

ზაფხულში უფრო სავსეა სოფელი. ფუტკარი ჰყავთ, მებოსტნეობას ეწევიან, უვლიან ნაკვეთებს, თუმცა შემოდგომის მიწურულს ბარში მიდიან.

ფშავი 12 თემს მოიცავს, მათგან შუაფხოს ზემოთ 9-10 თემია, სადაც თითო-ოროლა კომლიღაა შემორჩენილი, ისიც მოხუცები. ახალგაზრდები ზოგი რუსთავში, ზოგი კახეთისკენ გადავიდნენ. მე და ჩემი მეუღლე არსად წავალთ. ჩვენს შვილებსაც არ უნდათ, რომ სოფელი დაიცალოს. ამბობენ, ისე გავალამაზებთ შუაფხოს, არა მხოლოდ აქედან წასულებს, უცხოებსაც მოუნდებათ აქ ცხოვრებაო. საღამოობით ღუმელს მიფიცხებულნი ოცნებობენ - სოფლის განვითარების გეგმებს აწყობენ. მჯერა, რომ ოცნება აუხდებათ.

"წელს სკოლაში სამი მოსწავლე დაგვიბრუნდა"

26 წლის გაგა შეთეკაური შუაფხოს სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. ხევსურია, მუცოდან, თუმცა ბარში გაიზარდა:

- ბარში ვიზრდებოდი, თუმცა ყოველ ზაფხულს ხევსურეთში ვატარებდი. ფშავის გავლით მივდიოდი, მაგრამ აქაურობა, სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, უფრო კარგად მაშინ გავიცანი. აქ შემთხვევით მოვხვდი - ადგილი გამოჩნდა და რადგან მთიანი რეგიონი იყო, მაშინვე წამოვედი. მთაში თავს მხნედ ვგრძნობ.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1 წელი გაცვლითი პროგრამით ნიდერლანდებში ვსწავლობდი. მომწონს ბავშვებთან მუშაობა. შუაფხოში კვირაში 3 დღეს ვატარებ, 4 დღე ბარში ვარ. სკოლაში მუშაობის პარალელურად იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ, ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასე რომ, ძალიან დატვირთული ვარ.

მთავარი, რასაც ბავშვებს ინგლისურ ენასთან ერთად ვასწავლი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა, ვუნერგავ სიმართლის სიყვარულს და რომ არასდროს არ უნდა გაიშვირონ სხვისკენ ხელი.

ამჟამად სოფლის დიდი პრობლემა გაუმართავი გზაა. ადრე შუაფხო თითქმის მთლიანად იცლებოდა, წელს 3 მოსწავლე დაგვიბრუნდა. მატება გვაქვს სკოლაში. მჯერა, სოფელი არ დაიცლება!

ეკა სალაღაია