"სად გაქრა ადამიანებს შორის სიყვარული, სად დაიკარგა?" (ბლიცინტერვიუ)
13-11-2017
"სად გაქრა ადამიანებს შორის სიყვარული, სად დაიკარგა?" (ბლიცინტერვიუ)
"რის უნდა ეშინოდეს კაცს, რომელსაც უფალი უყვარს?.."

გუჯა ბურდული, კინომსახიობი:

ბავშვობის ნატვრა...
- ბავშვობის უდიდესი ნატვრა იყო, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ეკრანზე ვენახე.

ცხოვრებაში მთავარია....
- უფლის სიყვარული... მაგაზე მთავარი არაფერია... როდესაც უფალს შეიყვარებ, მერე გამოჩნდება, ვინ არის უფალი და როგორ უნდა გიყვარდეს. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს.

სიმშვიდე ჩემთვის არის...
- ტყეში გასვლა... აქედან ფუნიკულიორზე გადავდივარ, იქიდან ოქროყანაში, მერე წავკისში და ბოლოს უძოზე აღმოვჩნდები ხოლმე.
იქიდან ნელ-ნელა ვბრუნდები. ეს არის ჩემი დამაწყნარებელი.

თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში...
- თამბაქოს ვეწეოდი და შვიდი-რვა წელიწადია თავი დავანებე. ესეც უფლის წყალობით მოვახერხე. როდესაც სუფრაზე მოვხვდებოდი, სადაც თამბაქოს აბოლებდნენ, ცდუნება ერთხელაც ვერ მომერია...

როცა მაქებენ...
- ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და მიხარია, მაგრამ როცა მაქებენ,
მრცხვენია და ერთი სული მაქვს, წავიდე...

სიყვარული არის...
- "სიყვარული თავად მე ვარო", უფალმა ბრძანა.

ვპატიობ...
- წინათ არ ვპატიობდი და ახლა ძალიან ბევრ რაღაცას ვპატიობ...

ვერასოდეს წარმოვიდგენდი...
- რომ არტისტი გავხდებოდი. არც ვიფიქრებდი, არც მინდოდა, მაგრამ მოხდა და კეთილსინდისიერად ვიმუშავე.

ვიტირე, როცა...
- ნათქვამია, ვაჟკაცები არ ტირიანო. ისე, ცრემლი ადამიანს პატარა რაღაცაზეც შეიძლება წამოუვიდეს. გულამოსკვნით ტირილი, ალბათ, საყვარელი ადამიანის წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...
- პატრიარქი... იმას ვენაცვალე.

მეშინია...
- რის უნდა ეშინოდეს კაცს, რომელსაც უფალი უყვარს?.. ბოლოს ყველა იქ წავალთ, მაგრამ, როცა იცი, რომ უფალთან მიხვალ და ჩაეხუტები, აღარაფრის გეშინია... ცხოვრება კარგია...

ოცნებად დარჩა...
- მსახიობობით და შემოქმედებით ყველაფერს მივაღწიე. ორი დისკი ჩავწერე, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ჩემი სიმღერისთვის მოესმინათ.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- ოჯახზე... მთავარი სიყვარული და საფიქრალი ეგ არის.

საქართველოს გარეშე...
- რამდენჯერაც საზღვარგარეთ ვიყავი, ერთი სული მქონდა, საქართველოს როდის მოვესიყვარულებოდი. თვითმფრინავიდან ანძის დანახვისთანავე ვწყნარდებოდი.

თბილისი წარსულში და ახლა...
- ის თბილისი სულ სხვა სილამაზე იყო. რომ მახსენდება, აი, მაშინ მეტირება ხოლმე. ადამიანებს შორის იმხელა სიყვარული სად გაქრა და სად დაიკარგა, არ ვიცი. ახლა ხალხი მოღუშული, ჩაფიქრებულია... ფული არა აქვთ...

მარადიულია...
- სიყვარული. ერი არ დაიღუპება, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ.

ბედნიერება არის...
- შვილები, შვილიშვილები... რაც უფრო მეტი გყავს, უფრო ბედნიერი ხარ.მართალია, ზოგჯერ გაბრაზებენ, მაგრამ ოჯახზე დიდი ბედნიერება მაინც არაფერია.

ტყუილი გამართლებულია, როცა...
- არის მომენტები, როდესაც ადამიანის ფსიქიკა სიმართლის ცოდნას ვერ გაუძლებს. ეს გამართლებულია...

მე და პოლიტიკა...
- ძალიან ჩართული ვიყავი, მაგრამ ახლა მითხრეს, პატარა ხანი გაჩერდიო და გავჩერდი...

ახალი თაობა...
- თაობა მოდის, რომელსაც სწავლა და განათლება უნდა, ამის გარეშე არაფერი გამოვა. რა უნდა აკეთო, თუ არ განათლდი? მაინცდამაინც ნიჩაბი უნდა აიღო და მიწა თხარო?

ბედისწერა არის...
- ბედი და იღბალი უფლისგან მოდის. თუ კარგად მოექცევი, ისიც კარგად მოგექცევა. თუ ცუდად, საკუთარ თავს ავნებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით