"სად გაქრა ადამიანებს შორის სიყვარული, სად დაიკარგა?" - კვირის პალიტრა

"სად გაქრა ადამიანებს შორის სიყვარული, სად დაიკარგა?"

"რის უნდა ეშინოდეს კაცს, რომელსაც უფალი უყვარს?.."

გუჯა ბურდული, კინომსახიობი:

ბავშვობის ნატვრა...

- ბავშვობის უდიდესი ნატვრა იყო, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ეკრანზე ვენახე.

ცხოვრებაში მთავარია....

- უფლის სიყვარული... მაგაზე მთავარი არაფერია... როდესაც უფალს შეიყვარებ, მერე გამოჩნდება, ვინ არის უფალი და როგორ უნდა გიყვარდეს. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს.

სიმშვიდე ჩემთვის არის...

- ტყეში გასვლა... აქედან ფუნიკულიორზე გადავდივარ, იქიდან ოქროყანაში, მერე წავკისში და ბოლოს უძოზე აღმოვჩნდები ხოლმე. იქიდან ნელ-ნელა ვბრუნდები. ეს არის ჩემი დამაწყნარებელი.

თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში...

- თამბაქოს ვეწეოდი და შვიდი-რვა წელიწადია თავი დავანებე. ესეც უფლის წყალობით მოვახერხე. როდესაც სუფრაზე მოვხვდებოდი, სადაც თამბაქოს აბოლებდნენ, ცდუნება ერთხელაც ვერ მომერია...

როცა მაქებენ...

- ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და მიხარია, მაგრამ როცა მაქებენ, მრცხვენია და ერთი სული მაქვს, წავიდე...

სიყვარული არის...

- "სიყვარული თავად მე ვარო", უფალმა ბრძანა.

ვპატიობ...

- წინათ არ ვპატიობდი და ახლა ძალიან ბევრ რაღაცას ვპატიობ...

ვერასოდეს წარმოვიდგენდი...

- რომ არტისტი გავხდებოდი. არც ვიფიქრებდი, არც მინდოდა, მაგრამ მოხდა და კეთილსინდისიერად ვიმუშავე.

ვიტირე, როცა...

- ნათქვამია, ვაჟკაცები არ ტირიანო. ისე, ცრემლი ადამიანს პატარა რაღაცაზეც შეიძლება წამოუვიდეს. გულამოსკვნით ტირილი, ალბათ, საყვარელი ადამიანის წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...

- პატრიარქი... იმას ვენაცვალე.

მეშინია...

- რის უნდა ეშინოდეს კაცს, რომელსაც უფალი უყვარს?.. ბოლოს ყველა იქ წავალთ, მაგრამ, როცა იცი, რომ უფალთან მიხვალ და ჩაეხუტები, აღარაფრის გეშინია... ცხოვრება კარგია...

ოცნებად დარჩა...

- მსახიობობით და შემოქმედებით ყველაფერს მივაღწიე. ორი დისკი ჩავწერე, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ჩემი სიმღერისთვის მოესმინათ.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ოჯახზე... მთავარი სიყვარული და საფიქრალი ეგ არის.

საქართველოს გარეშე...

- რამდენჯერაც საზღვარგარეთ ვიყავი, ერთი სული მქონდა, საქართველოს როდის მოვესიყვარულებოდი. თვითმფრინავიდან ანძის დანახვისთანავე ვწყნარდებოდი.

თბილისი წარსულში და ახლა...

- ის თბილისი სულ სხვა სილამაზე იყო. რომ მახსენდება, აი, მაშინ მეტირება ხოლმე. ადამიანებს შორის იმხელა სიყვარული სად გაქრა და სად დაიკარგა, არ ვიცი. ახლა ხალხი მოღუშული, ჩაფიქრებულია... ფული არა აქვთ...

მარადიულია...

- სიყვარული. ერი არ დაიღუპება, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ.

ბედნიერება არის...

- შვილები, შვილიშვილები... რაც უფრო მეტი გყავს, უფრო ბედნიერი ხარ.მართალია, ზოგჯერ გაბრაზებენ, მაგრამ ოჯახზე დიდი ბედნიერება მაინც არაფერია.

ტყუილი გამართლებულია, როცა...

- არის მომენტები, როდესაც ადამიანის ფსიქიკა სიმართლის ცოდნას ვერ გაუძლებს. ეს გამართლებულია...

მე და პოლიტიკა...

- ძალიან ჩართული ვიყავი, მაგრამ ახლა მითხრეს, პატარა ხანი გაჩერდიო და გავჩერდი...

ახალი თაობა...

- თაობა მოდის, რომელსაც სწავლა და განათლება უნდა, ამის გარეშე არაფერი გამოვა. რა უნდა აკეთო, თუ არ განათლდი? მაინცდამაინც ნიჩაბი უნდა აიღო და მიწა თხარო?

ბედისწერა არის...

- ბედი და იღბალი უფლისგან მოდის. თუ კარგად მოექცევი, ისიც კარგად მოგექცევა. თუ ცუდად, საკუთარ თავს ავნებ.