მაღალი მოდა და მსოფლიოს დაინტერესება ქართველი დიზაინერებით - კვირის პალიტრა

მაღალი მოდა და მსოფლიოს დაინტერესება ქართველი დიზაინერებით

ბიორკმა ირმა დე ფლორის თავსაბურავი მოირგო და კონცერტზე ირმას ყვავილი-აქსესუარით წარდგა

მილანის, ნიუ-იორკისა და პარიზის შემდეგ, თბილისი კვლავ მოდის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერების კოლექციების ნახვა 5 დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი. ჰოლივუდის ვარსკვლავების, ცნობილი ადამიანებისა და კინოვარსკვლავების გარდერობში სულ უფრო მეტი ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსი და აქსესუარი ჩნდება, რასაც საერთაშორისო მნიშვნელობის მოდის კვირეულები განაპირობებს. "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულის ორგანიზატორ სოფო ჭყონიას მიაჩნია, რომ ქართველი დიზაინერების ხელშეწყობით აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ.

კვირეული "ავთანდილის" (ავთო ცქვიტინიძე) ჩვენებით გაიხსნა. პოლიტიკოსები, მსახიობები, მოდელები - "ავთანდილის" ჩვენება სტუმარი ქალების სიჭარბით გამოირჩეოდა. დიზაინერის კოლექციით არც მომღერალი მერი ჯეი ბლაიჯი დარჩა გულგრილი, რომელმაც ჯინსის ქურთუკი და შარვალი მოირგო ერთ-ერთი ფოტოსესიისთვის. ქართველი სტუმრებიდან კი მარინა კახიანმა და მაია ფანჯიკიძემ არ დაიშურეს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის ქათინაურები.

მაია ფანჯიკიძე: - ძალიან მიყვარს "ავთანდილის" სამოსი და ხშირად დავდივარ მის ჩვენებებზე. წლევანდელი აქცენტი მისთვის, როგორც მივხვდი, სახელოები იყო. ჩვენებაზე ძალიან ძნელია იპოვო ის, რასაც შენს ყოველდღიურ სამოსში გადმოიღებ, მაგრამ ფერები, სახელოები და ფორმები, ვფიქრობ, ჩემთვის საინტერესო იქნება.

მარინა კახიანი, მსახიობი: - ავთოს ჩვენება ძალიან მომეწონა, ყოველთვის გვაკვირვებს და კიდევ გაგვაკვირვა. ჯინსის სამოსს შევავლე თვალი, მოსაცმელსა და შარვალს დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი.

დიზაინერ ჯაბა დიასამიძეს, რომელიც ანჯელინა ჯოლისა და იზაბელ იუპერსაც აცმევს, შეიძლება წლევანდელი მოდის კვირეულის მოვლენა ეწოდოს. მან 50-იანი წლების პარიზი გააცოცხლა, სალონური სტილი, ანდრე ბრეტონის, პიკასოსა და მოდილიანის ეპოქა.

ჩვენებაზე აღფრთოვანება ვერ დამალა ტელეწამყვანმა და მოდელმა სალომე ღვინიაშვილმაც: - აღფრთოვანებული ვარ ჯაბა დიასამიძის კოლექციით, შოუთი, მუსიკაც კარგად იყო შერჩეული, ჯაბა დიასამიძე გამორჩეულია და ძალიან ნიჭიერი.

ჯაბა დიასამიძე: - ჩემი შთაგონების წყარო ყოველთვის ქალი იყო. კოლექციის შექმნის დროს ჩემს მოდელებზე ვფიქრობდი. ქართველი მაყურებელი ძალიან ამყოლია და ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში ჩვენების გამართვა.

ირმა დე ფლორმა, იმავე ირმა შარიქაძემ, ჩვენება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში წარმოადგინა - თეატრალიზებული წარმოდგენა კიმონოებით. დიზაინერი სწორედ კიმონოებს ქმნის, თუმცა საქართველოში ჩამოსულმა ბიორკმა ირმა დე ფლორის თავსაბურავი მოირგო და კონცერტზე ირმას ყვავილი-აქსესუარით წარდგა.

ირმა დე ფლორი: - ბიორკი მისტიკური ადამიანია და მისი მუსიკა კოსმოსურ, ჯადოსნურ სამყაროსთან არის კავშირში. მისმა დიზაინერმა, რომელიც ტურნეში დაჰყვება, შარდენზე მაღაზიაში ნახა ჩემი თავსაბურავი და იყიდა. ვერ დავიჯერე, როცა მითხრეს, რომ ინსტაგრამზე ფოტო იდო - ბიორკი ჩემს თავსაბურავში.

მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ანუკა არეშიძის ჩვენებაც. "რბილი ქსოვილი, პასტელის ფერები და ჰაეროვანი ქალი" - ასე შეაფასეს მოდის კრიტიკოსებმა "ანოუკის" კოლექცია.

ჩვენებას ესწრებოდა დიზაინერის მეუღლე კახა კალაძეც: - მივესალმები ასეთ ღონისძიებებს. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ახალგაზრდებს, ხელი შევუწყოთ. თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება კულტურულ ღონისძიებებში.

ანუკა არეშიძე: - წელს "მერსედეს ბენცის" მოდის კვირეულის ფარგლებში პარიზში, ლონდონში, მილანსა და ტოკიოში მქონდა ამ კოლექციის პრეზენტაცია. ვიცოდი, რომ დადებითი გამოხმაურება ექნებოდა, რადგან აწყობილი მაქვს ფერთა გამა. ყველაზე მეტად თბილისში გამართულ ჩვენებებზე ვნერვიულობ, კრიტიკულად უდგებიან ხოლმე ჩემს კოლექციებს, ამიტომ ძალიან ვღელავდი. შთაგონების წყარო იყო იტალიის სამხრეთი, ამიტომ კოლექციაში დოლჩე ვიტას პატარა დეტალები გამოვიყენე და საბოლოოდ მივიღე ის კოლექცია, რომელიც დღეს იხილეთ.

"მერსედეს ბენცის" მოდის კვირეული ბესარიონის კოლექციის ჩვენებით დასრულდა. საერთაშორისო ცნობადობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ასეთ ღონისძიებებს საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნინო წიფურია