სიმღერ-სიმღერით პოლიტიკისკენ - კვირის პალიტრა

სიმღერ-სიმღერით პოლიტიკისკენ

ჩემი რამდენიმე სიმღერა BBC-ის რადიოარხზე ახლაც გადის. ამ სიმღერებმა დააინტერესა საფრანგეთის, ამერიკის, კვიპროსის, შვეიცარიის რადიოები და სხვა კომპანიები, მიკავშირდებიან, თანამშრომლობას მთავაზობენ. ვნახოთ, ყოველივეს რა გაგრძელება მოჰყვება

რადიო BBC-ის არხზე, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, ქართველი შემსრულებლის, 21 წლის ეკატერინე გოგლიძის არაერთი სიმღერა გავიდა. ეკატერინე 11 წლიდან მღერის, თვითონ წერს სიმღერებს. ბრიტანეთის უნივერსიტეტში პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა და დიდი გეგმები აქვს: როგორც მუსიკალურ, ისე პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვანი საფეხურების გავლას აპირებს და წარმატების იმედიც აქვს.

- სიყვარულზე დაწერილი პირველი სიმღერა BBC-ის რადიოარხზე შარშან დეკემბერში მივიტანე და მალევე დიჯეიმ პირდაპირ ეთერში მიმიწვია, რათა უფრო ახლოს გავცნობოდი მსმენელს და მემღერა. მშობლების რჩევით დაწერილმა სიმღერამ წარმატება მომიტანა.

- როგორ მოხვდი ინგლისში?

- მოსკოვში დავიბადე. შემდეგ მშობლებთან ერთად საცხოვრებლად კვიპროსზე გადავედით, იქიდან საქართველოში ჩამოვედით. მოგვიანებით ბრიტანეთში გავემგზავრე. კემბრიჯის სკოლაში ვსწავლობდი. კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაბარებაც გადავწყვიტე, მაგრამ არ გამიმართლა, ამიტომ სხვა უნივერსიტეტში ჩავაბარე, რომელიც ასევე საუკეთესო ბრიტანული უნივერსიტეტების ათეულში შედის. სწავლისას ნაკლებად მეცალა სიმღერისთვის. ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ, რომელიც თავის დროზე თანამშრომლობდა "ბიტლებთან", დევიდ ბოუვისთან, სიმღერის ჩაწერაზე კონკურსი გამოაცხადა და გადავწყვიტე, ბედი მეცადა. კონკურსში მონაწილეობისთვის რამდენიმე ჯგუფელთან ერთად გავიპარე.

- გაპარვა რატომ დაგჭირდა?

- არ გვქონდა უფლება, კემბრიჯის სკოლის ტერიტორიას გავცილებოდით. ჩვენ კი მატარებელში ჩავსხედით და აღმოვჩნდით კონკურსზე. ძალიან მომზადებული კონკურსანტები დაგვხვდნენ, ჩვენ ნაკლები ხომ არ გამოვჩნდებოდით? ჩემმა ჯგუფელებმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჩემი მენეჯერის როლი იკისრეს. არადა, ისე წავედი, სიმღერა ხეირიანად არც მქონდა მომზადებული. ამ შემთხვევაშიც მშობლების რჩევა დამეხმარა. მეუბნებოდნენ, ყველაზე კარგად ჯენის ჯოპლინის სიმღერა გამოგდისო. მათ გემოვნებას ვენდე და გამიმართლა. სიმღერაც ჩავწერე და მთელი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი ამ სტუდიასთან.

- რატომ არ გაგრძელდა თქვენი თანამშრომლობა?

- სიმღერების ჩაწერის დროს თავის აზრებს მახვევდნენ, მე კი არ მქონდა იმხელა გამოცდილება, რომ ჩემი შეხედულებები წინ წამომეწია. რადგან პროფესიონალები იყვნენ, გულწრფელად მივენდე. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი და შეკამათების მერიდებოდა. ერთი წლის თავზე სხვა სტუდიასთან დავიწყე თანამშრომლობა და სწორედ მათთან ჩაწერილი სიმღერა იღბლიანი აღმოჩნდა.

ამ ზაფხულს კიდევ ჩავწერე რამდენიმე სიმღერა, რომელიც BBC-ის რადიოარხზე ახლაც გადის. ამ სიმღერებმა დააინტერესა საფრანგეთის, ამერიკის, კვიპროსის, შვეიცარიის რადიოები და სხვა კომპანიები, მიკავშირდებიან, თანამშრომლობას მთავაზობენ. ვნახოთ, ყოველივეს რა გაგრძელება მოჰყვება.

- პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას თუ გეგმავთ?

- ამ ზაფხულს სტაჟირება BBC-ში გავიარე და ძალიან ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე. გავიგე, როგორ მუშაობს ჟურნალისტიკის სფერო, როგორ თავსდება და მზადდება ინფორმაცია, როგორ თანამშრომლობენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი მედიასთან. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამომადგება. პირველი პოლიტიკური თემა, რომლითაც სწავლის განმავლობაში დავინტერესდი, იყო სირიელი დევნილები, მათ გამო სტუდენტები ვაწყობდით გამოსვლებს, საქველმოქმედო საღამოებს. უნივერსიტეტში ჩემი დისერტაციაც სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა, კერძოდ, როგორ წარმოადგენენ რუსული და ამერიკული პრესა სირიის ომს.

- ბრიტანეთიდან თბილისში ჩამოსულს თვალში ყველაზე მეტად რა გხვდება?

- ყურადღებამისაქცევია ეკოლოგიური საკითხები. ყველაზე ლამაზი და სანატრელი ოჯახთან ერთად ლეჩხუმში ყოფნაა. როდესაც ჩამოვდივარ, ვცდილობ, იქ მეტი დრო გავატარო. ძალიან მომწონს ჩვენი ხალხის ხასიათი, სითბო, გულისხმიერება და ერთმანეთზე ზრუნვა.

- თქვენს მუსიკაში არის ქართული მოტივები?

- ბავშვობაში კვიპროსში კონცერტებზე ხშირად ვასრულებდი ქართულ სიმღერებს, ეროვნული სამოსით გამოვდიოდი და აჭარულსაც ვცეკვავდი.

ბრიტანეთში ქართულ საზოგადოებაში ვიყავი გაწევრებული და მევალებოდა, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით საღამოების, შეხვედრების მოწყობა, სადაც ქართულ სიმღერებთან და ცეკვებთან ერთად სტუმრებს ვთავაზობდი ქართულ ღვინოს, კულინარიის ნიმუშებს.

- რამდენად იცნობს ქართველი მსმენელი თქვენს სიმღერებს?

- რამდენიმე ქართულ რადიოარხზე გადის ჩემი სიმღერები. მინდა, მსმენელმა გამიცნოს, რისთვისაც წინასაახალწლოდ კონცერტს ვგეგმავ.

ეკა სალაღაია