"მე მიჭირს შენთან განშორება, თორემ სიკვდილი?.." - კვირის პალიტრა

"მე მიჭირს შენთან განშორება, თორემ სიკვდილი?.."

"ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსეული კაცი იყო, ღირსეულად წავიდა, უხმოდ, ცოტა გულნატკენი, მაგრამ რადგან არსებობს ისეთი სიყვარული, რაც მის პანაშვიდებზე გამოხატეს, ადამიანებს მისი ბუნება ამოუცნიათ", - ამბობს პოეტის ქალიშვილი

თაკო ჩარკვიანი.

ჯანსუღ ჩარკვიანი 9 ნოემბერს მთაწმინდაზე დაკრძალეს

თაკო ჩარკვიანი: - ამხელა სიყვარულის გამომჟღავნებამ განმაცვიფრა. რატომ გაგიკვირდა, არ იცოდი, რომ უყვარდათო?.. რა ვიცი, გაჭირვებულია ქვეყანა, ყველას თავისი საფიქრალი აქვს... მადლობა თითოეულ ადამიანს.

მამა თავდაპირველად, ინსულტით რომ მივიყვანეთ კლინიკაში, სოციალური ქსელით უცნობი დამიკავშირდა - თუ შეიძლება, შემატყობინეთ, სად იმყოფებითო. მეორე დღეს მოვიდა, ასაკოვანი მამა მოიყვანა. მოხუცმა მითხრა, ჯანსუღი ბინის მიღებაში დამეხმარაო... ცოტა არ იყოს, გამიკვირდა - რანაირად დაგეხმარათ, ჯანსუღს შეხება არ ჰქონია ამ სფეროსთან, თვითონაც დედაჩემის სახლში ცხოვრობდა-მეთქი. მიამბო: მძიმე ავადმყოფი მყავდა შვილი, საჭირო იყო თბილისის ჰავა. გადმოვედით. ქარხანაში მუშად დავიწყე მუშაობა და ბინის რიგში ჩავდექი, მაგრამ დამჩაგრეს, სიიდან ამომაგდეს. სად არ ვიარე - ვერაფერს გავხდი. მირჩიეს - ჯანსუღ ჩარკვიანს მიაკითხეო. მწერალთა კავშირში მივედი. ცოტა არ იყოს, როყიოდ შემხვდა - მწერალი თქვენ არ ხართ და გვერდში როგორ დაგიდგეთო?! მაინც შეეცადა - სამი დღე სამსახურის შემდეგ ხან ერთ უწყებაში მიმარბენინებდა, ხან - მეორეში. მეოთხე დღეს მითხრა, - თუ გაჭრა ამ ჩვენმა სიარულმა, ჩხუბმა და კალამმა, რაღაც გამოგვივაო. მართლაც, სამ თვეში ბინა მივიღე. მას შემდეგ ყოველ ახალ წელს ვურეკავდი ხოლმე, მერე დავიკარგეთ... წლების წინ ქუჩაში შემხვდა - ვერ მიცანით, თქვენ მე ბინის მიღებაში დამეხმარეთ-მეთქი. მერე, ვერ დამპატიჟე, ბიჭო, "ნოვოსელიაზეო"? - გაიცინა. ბატონი ჯანსუღის ავადმყოფობა გავიგე და რომ არ მოვსულიყავი, გული გამისკდებოდაო.

დისიდენტი "ბიჭები" იხსენებდნენ: - გვეუბნებოდა, - იცოდეთ, თქვენ მოთხრობებს წერთო. არ ვწერო, ერთი მისი მეგობრის შვილს უთქვამს. მე გეუბნები, წერ და მომიტანე, უნდა დაგიბეჭდოო! მართლაც, პატარ-პატარა ნარკვევები მიგვატანინა. ამას ჩვენს მწერალთა მანტიის ქვეშ მოსაქცევად აკეთებდა - რამე რომ მომხდარიყო, სათქმელი ჰქონოდა - ყმაწვილები არიან, მომავალი პროზაიკოსები და ნუ გაუფუჭებთ ცხოვრებასო.

ირაკლი წერეთელი ამბობდა: - ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მაშინ ჩვენ გვპატრონობდაო. ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსეული კაცი იყო, ღირსეულად წავიდა, უხმოდ, ცოტა გულნატკენი, მაგრამ რადგან არსებობას ისეთი სიყვარული, რაც მის პანაშვიდებზე და სოციალური ქსელით გამოხატეს, ბედნიერი ვარ, რომ ადამიანებს მისი ბუნება ამოუცნიათ.

- "გულნატკენი" რატომ ახსენეთ?

- იმხელა სიყვარული გამოუცხადეს, რომ აღარც კი მინდა გავიხსენო ის ავბედითი, დაუმსახურებელი წერილი, რომელსაც ხელს აწერს ვიღაც მხეიძე. ღმერთმა მიუტევოს. ვიცი, ჯანუკი აუცილებლად მიუტევებდა.

- მახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი ,მისეული იუმორით გაჯერებული...

- ყმაწვილკაცობაში უთქვამს:

"არაგვში ვართ, არა გვშივა,

არა გვინდა რა,

გალეშილნი ამოვდივართ

არაგვიდანა".

ტექნიკური სხარტულები ჰქონდა, რაც მისი ერთგვარი იარაღი იყო. მადლობელი ვარ, ინგა გრიგოლიამ ეთერი ჯანსუღის სიტყვებით რომ დაიწყო და აღნიშნა, - პრაქტიკულად ამ გამოსვლას შეეწირაო. გადაცემაში ჯანსუღმა იხუმრა, -""ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან - რუსულმანებიო" და ამით თავისი პოზიცია გამოხატა ოკუპანტის მიმართ. თქვა, ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ მე, მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი მიხეილ სააკაშვილს ვედექი ოპოზიციაში, სააკაშვილამდეც ჩვენი სამშობლო მრავალხნის ოკუპირებული ჰქონდა რუსეთსო, რასაც მხეიძის რეაქცია მოჰყვა -"მიშას "აპრავებსო". მიხარია, რომ ჯანსუღს პოზიცია ხალხმა სიყვარულით დაუდასტურა. საქართველო ერთიანია, არ უნდა გვეზიზღებოდეს ერთმანეთი, არ უნდა დავკარგოთ ობიექტურობა ვიღაც პოლიტიკანების გამო. მთავარი სიყვარულია და მე ის სიძულვილი აღარ მახსოვს.

მის არქივში საოცარი სტრიქონები ამოვიღე, 1978 წელს არის დაწერილი:

"ოღონდაც ფრთხილად, ძვირფასებო,

ფრთხილად, ოღონდაც,

ეს დედამიწა, ალმაცერად

გვიმზერს ბებერი.

რადგან ჩემს შემდეგ დაიწყება

თქვენი გოლგოთა

და აღარავინ არ იქნება

მიმტევებელი".

თვითონ იყო ძალიან მიმტევებელი და მე რა უფლება მაქვს, ვინმეს არ მივუტევო! ხალხს სწორედ ამ მიტევების და ბუნების გამო უყვარს.

ჯანსუღს მოსწრებული ენა ხანდახან თავის დასაცავადაც გამოუყენებია. მაგალითად, მისი ცნობილი ხუმრობა იყო "შინაურები და ინაურები".

კულტურის დღეებია, ჯანსუღის სამეგობრო ერთად შევიდა დარბაზში, მოშორებით სამთავრობო სუფრაა გაშლილი. შევარდნაძეს დაუძახია, - აქეთ დასხედით, ჩვენკენო. ჯანსუღს მიუგია, - აქეთ ინაურები, იქით - შინაურებიო. მაშინ ამის თქმა იმ სუფრაზე, სადაც მართლა იჯდა ინაური, არ იყო ადვილი.

80-იან წლებში სკკპ-ს მდივანი ლიგაჩოვი ჩამოვიდა, მშრალი კანონის შემოღებას გეგმავდა. ბატონო ჯანსუღ, რას ჰგავს ესო, - უკითხავთ. მან, თურმე, არც აცია, არც აცხელა და მიკროფონში თქვა: "ნუ აჰყვებით ლიგაჩოვს, ქაქის ჭამას მიგაჩოვთო". წარმოიდგინეთ, იქ რა მოხდებოდა. იუმორი გარკვეულწილად იარაღი და კალამი იყო პოეტისთვის.

მრავალი წლის წინ რუსმა მწერალმა ვიქტორ ასტაფიევმა "ავადმყოფი ერი" გვიწოდა. პასუხად ქართულმა დელეგაციამ კრემლი დატოვა. მასთან ერთად ულაპარაკოდ გამოვიდა დარბაზიდან ოსი პოეტი ნაფი ჯუსოითი. მხოლოდ ერთი ქართველი პოეტი დარჩა... ხდება... ზოგი ჯაბანია.

ერთხელ ჯანსუღი შეხვედრია მას და უთქვამს, - ბიჭო, შენ რამდენჯერმე წიწამურთან დაგინახეს, ტყუილად დეეთრევი, "რაგატკას" არ გესვრის არავინო.

1970-იან წლებში გივი კარბელაშვილმა უჩივლა. ეს იყო საკავშირო კანცელარიაში გაგზავნილი ხელმოწერილი წერილი. იქიდან გადმოფრინდა რეზო ჭიჭინაძე და ჯანსუღს უთხრა: ცუდადაა საქმე, ჩემი თანამდებობა ვერ ეყოფა ამ ამბავს, რომ არ გათრიონ. წერილია შემოსული - ჯანსუღ ჩარკვიანი ტაო-კლარჯეთის შემოერთებას ითხოვსო. მას ტრიბუნის საშუალება აქვს და მიხედეთო. მართლაც აქვს ასეთი სტრიქონები: "პატრონი უნდა მესხეთ-ჯავახეთს, პატრონი უნდა კლარჯეთს, ტაოსაც"... გადაუწყვეტიათ, საქმეში არჩილ გომიაშვილი ჩაერთოთ. ბატონ არჩილს რუსეთში დიდი და პატარა იცნობდა. მერე ესენი კი აშაყირებდნენ - არჩილმა, ქალიდან დაწყებული, თანამდებობის პირებით დასრულებული, ყველა ჩართო ამ წერილის გასაქრობადო. მოკლედ, ძლივს გადაარჩინეს ჯანსუღ ჩარკვიანი თრევას. ამას იმიტომ ვყვები, რომ ერთ ტაფაში ყველას მოხრაკვა არ შეიძლება. რეზო ჭიჭინაძე თანამდებობის პირი იყო. ვიღაც ამას კონფორმიზმს არქმევს, კონფორმიზმი კი არა, ეს იყო ძალიან გამიზნული და სწორი ბრძოლა მონსტრთან...

60-იანელებმა დაიკავეს თანამდებობები, ჟურნალ-გაზეთები. შევარდნაძის დროს არ გამხდარან მუხრან მაჭავარიანი და ჯანსუღ ჩარკვიანი რედაქტორები. ჯანსუღი "ცისკრის" რედაქტორად ვასილ მჟავანაძის დროს დანიშნეს, მის დროს გახდა მუხრან მაჭავარიანი ჯერ "პიონერის", შემდეგ "დილის" რედაქტორი. ჯანსუღის ხელში "ცისკარი" 75 ათასი ეგზემპლარი გამოდიოდა. ირაკლი წერეთელმა თქვა, ახლა რომ ვუყურებ, ვხვდები, ანტისაბჭოთა ჟურნალიაო. მაშინ გამოსავალი იყო დისიდენტური იატაკქვეშეთი, ვაჟკაცი უნდა ყოფილიყავი. ვიღაცებს არ ჰქონდათ ვაჟკაცობა და ვაჟკაცებს საკავშირო ცეკაში ასმენდნენ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მამაჩემს, ნოდარ დუმბაძეს, ჭაბუა ამირეჯიბს ძალიან ხშირად უმუშავიათ, რომ როგორმე თავიანთი საძმაკაცოდან თანამდებობაზე გაეშვათ ვინმე სანდო, რომელიც ასეთი საქციელის დროს დაახვედრებდა ვაჟკაცურ ხელს, რომელიც მათ ნააზრევს კბილით გაიტანდა. ჯანსუღმა ერთხელ მითხრა: 12 საყვედური მაქვს პირად საქმეში, როცა 3-4 საყვედურის შემდეგ თავიდან იშორებდნენო.

რაღაც ამბავზე ვუსაყვედურე - ხომ ხედავ, დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ამ ამბავზე და შენ არც ხარ ნახსენები-მეთქი. შვილო, ჩვენ დოკუმენტური ფილმებით მივდივართ უფალთანო? - მკითხა.

დედაჩემს მიუძღვნა საოცარი სიტყვები:

"შენ ნუ გგონია, რამეს ვდარდობ,

რამეს მივტირი,

ნურც იმას ფიქრობ, უზენაესს

რამეს შევუთქვამ,

მე მიჭირს შენთან განშორება,

თორემ სიკვდილი?

სიკვდილი რაა - სულის გაყრა

ცოდვილ სხეულთან"...

ეკა სალაღაია