"მრავალშვილიანი მამა ყველაზე დიდი სტატუსია ჩემთვის" - კვირის პალიტრა

"მრავალშვილიანი მამა ყველაზე დიდი სტატუსია ჩემთვის"

"ადვოკატებს საერთო ინტერესები გვაქვს - ჩვენი პროფესია ღირსეული და პრესტიჟული გავხადოთ"

საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ადვოკატს დახმარებას მხოლოდ მაშინ სთხოვს, როდესაც სამართლებრივ პრობლემებში იხლართება, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში კი საკითხს სწორედ ადვოკატთან ათანხმებენ და ამით მოსალოდნელი რისკებისგან თავს იზღვევენ. რამდენად მაღალია საქართველოში სამართლებრივი კულტურა, ამის თაობაზე ვესაუბრეთ ადვოკატ დავით ლანჩავას, რომელსაც იურიდიულ სფეროში ყველა იცნობს როგორც წარმატებულ და გამოცდილ ადვოკატს, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ის ათი შვილის მამაა და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წარმატებად მრავალშვილიანი ოჯახის უფროსობას მიიჩნევს:

- ჩვენთან ადვოკატი უფრო დაფასებული რომ გახდეს, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა აუცილებელი. დღეს ბევრს ჰგონია, ადვოკატს დახმარებისთვის მხოლოდ მაშინ უნდა მიმართოს, როდესაც პრობლემას პირისპირ ეჯახება, არადა, ის უნდა გახდეს, ფაქტობრივად, თითოეული ოჯახის წევრი. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არა მხოლოდ იურიდიულ პირებს, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ადვოკატი ჰყავს, რომელთანაც ყოველ გადაწყვეტილებას აანალიზებს და რისკებს განსაზღვრავს. თუ ეს კულტურა ჩვენთანაც დამკვიდრდება, შემცირდება პრობლემებისა და სამართლებრივი დავების მაჩვენებელი.

- თუ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ადვოკატის მომსახურება სოლიდურ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

- ადვოკატის დახმარება სოლიდურ ფინანსებს მაშინ მოითხოვს, როდესაც მოქალაქე მნიშვნელოვანი პრობლემიდან გამოსავალს ვერ პოულობს და ადვოკატსაც უზარმაზარი შრომის გაწევა უწევს. თუ საზოგადოება მიხვდება, რომ ადვოკატთან კონსულტაცია სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას ბევრად მარტივია, ვიდრე დაგვიანებული რეაქცია პრობლემაზე, ფინანსურადაც ნაკლები დანახარჯი ექნება.

- თქვენი პროფესია იმითაც გამოირჩევა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ბრალდებული დამნაშავეა თუ არა, მისი დაცვა ადვოკატისთვის სავალდებულოა. თუ გახსენდებათ მსგავსი შემთხვევა თქვენი საადვოკატო საქმიანობიდან?

- სამწუხაროა, რომ საზოგადოება ადვოკატს ბრალდებულთან ავტომატურად აიგივებს. როგორც კი ჩნდება ინფორმაცია, რომ პირი მკვლელობაშია ბრალდებული, საზოგადოება მის მიმართ ავტომატურად უარყოფითად განეწყობა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ვინ დაადგინა, რომ ბრალდებული მართლაც დამნაშავეა? საზოგადოების მაღალი კულტურაც სწორედ იმაში გამოიხატება, რომ სასამართლოს დასრულებამდე უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს.

- რა არის მიზეზი, რომ მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი მწვავედ დაპირისპირებული მხარეები არიან?

- ამის მთავარი მიზეზი წლების წინ ადვოკატების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება იყო - გვახსოვს, ადვოკატების მასობრივი დაკავება დასაშინებლად, უდანაშაულო, თავდადებულ ადამიანებს დევნიდნენ კიდეც... ამას თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ზაზა ხატიაშვილი და მისი დამსახურებაა ადვოკატთა კორპუსის გადარჩენა. ახლა აკადემიური მიმართულებით განვითარება გვჭირდება, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემაც ინოვაციური პროექტები უნდა შესთავაზოს კოლეგებს, ამასთან, როგორც წარმომადგენლობითი პირი, პოლიტიკური განცხადებებისგან თავს მაქსიმალურად უნდა იკავებდეს, რადგან ის კონკრეტულ, ერთ სუბიექტს არ წარმოადგენს და მისი განმარტებები კოლეგების პოზიციად აღიქმება.

- თქვენ ათი შვილის მამა ხართ, გაქვთ დატვირთული სამუშაო რეჟიმი, მიუხედავად ამისა, ოჯახთან ხშირად ყოფნას ახერხებთ?

- ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახში გავატარო. მინდა, შვილებს დავეხმარო ცხოვრების შეცნობასა თუ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნაში. არ ვუზღუდავ თავისუფლებას, თუმცა რჩევებს ვუზიარებ - ეს ჩვენი ურთიერთობის მთავარი პრინციპია და ამართლებს, რადგან მეტს ფიქრობენ და სწორ დასკვნამდე მიდიან. ჩემი უფროსი შვილი ადვოკატია, სხვათა შორის, კარგად ხატავს. ვურჩევდი, დიზაინერობა ეცადა, თუმცა ჯიუტად გამომიცხადა, იურისტი უნდა გავხდეო. მთავარია, ადამიანმა საკუთარი უნარ-ჩვევები სწორად შეაფასოს და არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთოს. მეორე შვილმა ორი უნივერსიტეტი დაასრულა, აშშ-ში ისწავლა, წამყვან ამერიკულ კომპანიებში იურისტად მუშაობდა, თუმცა ერთ დღეს გამოგვიცხადა, 24 საათი ოფისში ვერ ვიჯდები, ფიტნესინსტრუქტორი უნდა გავხდეო. ჰოლივუდის წამყვან ფიტნესკლუბში გამოცდები ჩააბარა და დღეს ე.წ. სელებრითებთან მუშაობს. ცოტა ხნის წინ მეექვსე გოგონამაც მითხრა, იურისტობა მინდაო... შვილებს ვეხუმრები, ისეთი ცხოვრება მოვიდა, ოჯახში ერთი იურისტი აუცილებელია, კარგი ფინანსისტიც გვჭირდება, რომ ხარჯები სწორად განვსაზღვროთ, ბიზნესმენი და ფულის შემომტანიც ხომ უნდა გვყავდეს?! კიდევ ერთი ექიმი და ერთიც ხელოსანია საჭირო-მეთქი. ამ ფორმულაზე ბევრს იცინიან, ჩემთვის კი მათი გაღიმებული სახეები უფლისგან ყველაზე დიდი საჩუქარია.

მრავალშვილიანი მამა ყველაზე დიდი სტატუსია ჩემთვის, რომელი პროფესია შეედრება იმის გაცნობიერებას, რომ ადამიანისთვის სიცოცხლის ჩუქება შეგიძლია?! მე დედისერთა ვარ და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი ეზოში ბავშვებთან. ჩემი შვილები კი ერთმანეთს ზრდიან, უნდა ნახოთ, როგორ ზანზარებს სახლი, როდესაც ყველანი საღამოს ვიკრიბებით და დღის განმავლობაში გადახდენილ ამბებს ვუყვებით ერთმანეთს.

რუსუდან შელია