"მურმანს სიკვდილი ვერ მოერეოდა, მაგრამ ვერ შეეჩვია ქალიშვილის გარეშე ცხოვრებას" - კვირის პალიტრა

"მურმანს სიკვდილი ვერ მოერეოდა, მაგრამ ვერ შეეჩვია ქალიშვილის გარეშე ცხოვრებას"

"თენდება, პაპავ!" - ჩამომძახო, არ დაგავიწყდეს!"

"მან იცხოვრა ჭეშმარიტი პოეტის ცხოვრებით, გადაიხადა დიდი ბრძოლებიც და დიდი თამაშებიც!" - დღეს მურმან ლებანიძე 95 წლის გახდებოდა

ახალგაზრდებს უკითხავთ მისთვის, - რას აფასებთ პოეტში ყველაზე მეტადო? - უპასუხია, - უღალატობას, მრწამსისადმი განუხრელ ერთგულებას! ინტელექტუალურსა და ხორციელ სიმამაცეს ერთ პიროვნებაში! პეტეფი (უნგრელი პოეტი შანდორ პეტეფი - ი.ხ.) ულამაზესი მკვდარია: არა მარტო ულამაზესი ფიცის სიტყვა დაუტოვა სამშობლოს, ულამაზესად მოკვდა კიდეც თავისი უნგრეთისთვისო... ხოლო საკუთარ კითხვას: "ვინ ვარ მე, რა სათქმელი შეიძლება ჰქონდეს ისეთი ბიოგრაფიის პოეტს, როგორიც მე ვარ?!" თავისი ერთ-ერთი კრებულის წინასიტყვაობაში თავადვე პასუხობს: "აღმოსავლეთის პოეზიაში მარადუჭკნობი სპარსული ლირიკა მიყვარს, დასავლეთის პოეზიაში - ინგლისური. ჩემი მასწავლებლები იყვნენ: ჯერ ლადო ასათიანი და ტიციანი, შემდეგ ბერნსი, კიპლინგი, ბოლოს - გალაკტიონი. იქნებ მათი პოეზიის კვალი არ აჩნდეს ჩემს ნაწერებს, მაგრამ ნასალდათარმა თვითონ იცის, ვინც იყო მისი ასისთავი"...

დღეს, 2017 წლის 14 ნოემბერს ბევრი ქართველის უსაყვარლეს პოეტს, მთარგმნელსა და ესეისტს - მურმან ლებანიძეს 95 წელი შეუსრულდებოდა.

"არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავშიო, მთელი ცხოვრება გვმოძღვრავდა იგი. ბევრი მისი თანამოკალმე ჩაუჯდა ხელმწიფეს ნავში! ზოგი სულაც რამდენსამე ხელმწიფეს! თავად მან იცხოვრა ჭეშმარიტი პოეტის ცხოვრებით, გადაიხადა დიდი ბრძოლებიც და დიდი თამაშებიც! და ნურავინ შეეცდება დამარწმუნოს, თითქოს, ცეკას ბიუროსთვის პოეტური ანგარიშის ჩაბარება ჯობდეს მწვანე მაგიდასთან სულის მოსაბრუნებლად შეყრილი პოეტი ძმების თამაშსა და მასლაათს - უბრალო გულღია საუბრებს საქართველოზე! - ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს, რომელ მრგვალ მაგიდასთან უფროა სასურველი პოეტის ყოფნა"... - ასე აფასებს მურმან ლებანიძეს მეგობარი პოეტი, ბატონი ტარიელ ჭანტურია და მას "მოგებულ კაცს" უწოდებს:

"ჩემი და მურმანის ურთიერთობა, ასაკში ათწლიანი სხვაობის გამო, ხან მამაშვილობას ჰგავდა, ხან - ძმობას. მამაშვილობაში იგი ზედმეტად მკაცრი იყო, ძმობაში - ზედმეტად ლმობიერი! - დამთმობი, ერთგული, გამტანი, უხვი... მე დღეს ჩემს გულში ხან - როგორც მამას, ისე ვტირი მას, ხანაც როგორც ძმას.

ღმერთს იგი პოეტად ჰყავდა გაჩენილი, მაგრამ მას არტისტიც ეჯდა სულში - ნიღბის სიყვარული და გარდასახვის ვნება მას ბევრი მისი თანამოკალმისგან გამოარჩევდა. ტრადიციების უერთგულესი კაცი მოდერნისა და ავანგარდის შტუდირებაში დროს თითქმის არ ჰკარგავდა, რადგან მტკიცედ სჯეროდა - თუმცა ბულბულს სოლფეჯიო საგანგებოდ არ შეუსწავლია, გალობა არცერთ აღიარებულ ვარსკვლავზე ნაკლებ არ ეხერხება... ისიც გალობდა! გალობდა დიდებულად! - ქმნიდა შედევრებს და სცემდა "შედევრებს"...

როგორც ილიას, როგორც აკაკის, როგორც პუშკინს, როგორც სელინჯერს, როგორც კორტასარს, როგორც რეზო თაბუკაშვილს, როგორც გურამ ასათიანს... - როგორც ბევრ სახელოვან კაცს, მურმან ლებანიძესაც უყვარდა თამაში. იგი თამაშობდა ბევრსა და ხშირად. იყო უბადლო პარტნიორი. ამას დაადასტურებს ყველა, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია: მოთამაშეც, ქალიც, მწერალიც, უბრალო მკითხველიც... ასეთი დარჩება იგი ხალხის ხსოვნაში და ამ სახესა და სახელს ვერსა დააკლებს ზოგიერთი, მეტწილად - წაგებული პარტნიორის არაადეკვატური რეპლიკა, რასაც ხშირად ყოვლად უმიზეზოდ იწვევს გამარჯვებულის წარმატება. არსებობს, ასეთია ადამიანური სისუსტეებიც...

მურმან ლებანიძე დიდი თამაშიდან გავიდა - ათასი წაგებისა და ტკივილის მიუხედავად, გავიდა მოგებული! უზარმაზარი "სოლდის" პატრონი! ამ სიმდიდრით წარდგება იგი მომავალი საქართველოს წინაშე! - თავისი მაღალი პოეზიით, ლამაზი სიმღერით, დაუვიწყარი სახით"...

მწერალი ვახტან ჯავახაძე მისი გარდაცვალების შემდეგ წერდა: "მურმანმა ცხოვრების უმძიმესი გზა განვლო. ომის დროს მარუხის უღელტეხილზე მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ ხუთი ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. შეიძლება ითქვას, სიკვდილთან "გაშინაურებული" იყო. მიუხედავად ასეთი მძიმე გზისა, მურმანი მაინც ძლიერად უძლებდა ცხოვრების სირთულეს და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ქალბატონ ლენა ჭავჭავაძის დამსახურებაა. იგი არც ერთი წუთით არ ტოვებდა მურმანს გაჭირვების წუთებში. არასდროს მოშორებია გვერდიდან მოსკოვის ჰოსპიტლებში. უნაზესი სიყვარულით, ერთგულებითა და თანადგომით გადაატანინა მურმანს ყველანაირი გაჭირვება. მურმანიც ისეთივე სიყვარულით პასუხობდა მეუღლეს. მან მთელ საქართველოს ასწავლა ყველასათვის საყვარელი სიმღერა "გაზაფხული შემოსულა, ლენ"...

მურმანმა გულწრფელი სიყვარული იცოდა. ამავე დროს იყო საოცრად აზარტულიც. რაც უყვარდა, ბოლომდე უყვარდა, რაც სძულდა, ბოლომდე სძულდა... საოცრად უბრალოდ ცხოვრობდა. არასდროს საკუთარ კომფორტზე არ უზრუნია"...

ქალიშვილთან, ფიქრიასთან ერთად

"ფეხს ვუწყობ, შვილო ჩემო, ცხოვრებას ოხერს,/ არ გავლოთებულვარ, ვერც ვიტყვი უსმელობას,/ თავი ვერ მოვიკალ! ვთამაშობ პოკერს,/ ვიგონებ საქმეებს და/ ვეჩვევი უშენობას!..." - მურმან ლებანიძე. "ვეჩვევი უშენობას"

მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა, მაგრამ ცხოვრებამ მანამდე მოუმზადა უფრო დიდი სიკვდილი - იგი უძვირფასესი ქალიშვილის, ფიქრიას სიკვდილმა გაანადგურა. "როგორც ჩანს ციხე შიგნიდან გატყდა. მურმანს სიკვდილი ვერ მოერეოდა, მაგრამ ვერ შეეჩვია ფიქრიას გარეშე ცხოვრებას", - წერს ვახტანგ ჯავახაძე...

ერთხელ დიდ პოეტს ჰკითხეს, - რა აზრის ხართ საკუთარ პოეზიაზე, ასი წლის შემდეგ თუ წაიკითხავენ თქვენს ლექსებსო?

"გეკითხებიან კი არა, ხაფანგს გიგებენ! რა ვუპასუხო ამ ხალხს?! დადებით პასუხს ამბიციის კაცად გამოჰყავხარ, უარყოფითს - სუსტ, უღონო, ქაღალდის მფუჭებელ გრაფომანად... კი, ბატონო, წაიკითხავენ-მეთქი! - სიცილით ვპასუხობ. ასი წლის შემდეგაც წაიკითხავენ და ორასის შემდეგაც; ვისაც ამისი იმედი არა აქვს, - ამას უკვე სერიოზულად, სიცილის გარეშე ვამბობ, - რა ძალა ადგას, კალამს რომ ხელსა ჰკიდებს! საკუთარი ცხოვრების მოწყობას რა უნდა, თავს რად იტკივებს, სარფიან საქმეს თავი დაადგას, იცხოვროს და კაი პური სჭამოს!" - იხსენებს ერთ-ერთი კრებულის ბოლოსიტყვაობაში მურმან ლებანიძე, მის ლექსებს კი, დარწმუნებული ვარ, ვიდრე მიწიერი საქართველო იქნება და საქართველოში - პოეზია, ყოველთვის წაიკითხავენ...

"გერგები პაპად,/ პაპის პაპად გერგები, ალბათ,/ ვარ ღამეში და/ ასე წელი გაირბენს სწრაფად;/ ...არათუ ხორცი,/ ძვალიც ჩემი როცა დამიწდეს,/ კავკასიონის/ მწვერვალები როცა ავერცხლდეს,/ "თენდება, პაპავ!" -/ ჩამომძახო, არ დაგავიწყდეს!" - მურმან ლებანიძე. "ეპიტაფია"

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)