მეცნიერთა დასკვნით, მსოფლიოში მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა - კვირის პალიტრა

მეცნიერთა დასკვნით, მსოფლიოში მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა

"ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვდასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა"

სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ინფორმაცია ამის თაობაზე ერთ-ერთ პოპულარულ, ინგლისურენოვან ჟურნალ PNAS-ში სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით წერია რომ, საქართველოში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს.

სტატიაში ლაპარაკია არქეოლოგიურ კვლევაზე, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ანტიკურ სოფლებში მიმდინარეობს. სწორედ ამ ადგილებში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ღვინის შემცვლელი თიხის ჭურჭლის ნაშთები, ქვევრი და დოქები, რომელთა ასაკი 8 ათას წელს არ სცილდება.

აღსანიშნავია რომ, დასახელებულ სტატიას ხელს არა მხოლოდ ქართველი და ამერიკელი, არამედ ებრაელი, იტალიელი, ფრანგი და კანადელი მეცნიერებიც აწერენ, რაც კვლევის უტყუარობას ადასტურებს.

თანამედროვე ბიომოლეკულური არქეოლოგიური და არქებოტანიკური მტკიცებულების მიხედვით, ადრეულ ნეოლითურ ხანაში, ძვ.წ 6000 - 5800 წლებში საქართველოში ღვინო მზადდებოდა. სწორედ, საქართველოდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა ღვინის კულტურა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის ძეგლების კვლევა, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიყო.

გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.

"ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვდასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია და ძალიან დიდ სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. გილოცავთ ამ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება.

იხილეთ ასევე: BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი