"ხელიც გამიწვდია სამათხოვროდ, ვითომ გზის ფული არ მქონდა, არადა, მშიოდა..." - კვირის პალიტრა

"ხელიც გამიწვდია სამათხოვროდ, ვითომ გზის ფული არ მქონდა, არადა, მშიოდა..."

ისინი ჩვენს გვერდით არიან. როგორც წესი, მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც ან ხურდის სათხოვნელად გამოგვიწვდიან ხელს, ან ღამის გასათევად სადარბაზოს კუთხეში შეიყუჟებიან და დილით იქნებ ვერც კი გაიღვიძონ. მათ შემთხვევაში ხელყოფილია ადამიანის ყველაზე საბაზისო უფლება - ღირსეული ცხოვრების უფლება.

დღემდე არაა შემუშავებული ამ კატეგორიაზე ორიენტირებული სოციალური დახმარების ეფექტიანი პოლიტიკა. უფრო მეტიც: არ არსებობს უსახლკაროთა და მიუსაფართა სტატისტიკა. ასეთი სტატისტიკა ვერც იარსებებს და არა მხოლოდ იმიტომ რომ პროცედურულად ძნელი შესაქმნელია; დღემდე იმის მყარი განმარტებაც არ არსებობს ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ და ვინ - მიუსაფრად. მიუსაფარ პირად, როგორც წესი, მიიჩნევენ მოქალაქეს, რომელიც ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. უსახლკარო პირი კი ხშირად ცხოვრებისათვის გამოუსადეგ ნაგებობაშია შეხიზნული. მაგრამ მიუსაფარი რაღაც გარემოებაში შესაძლოა უსახლკაროდ იქცეს და პირიქით.

"ხელიც გამიწვდია სამათხოვროდ, ვითომ გზის ფული არ მქონდა, არადა, მშიოდა..."

26 წლის უჩა მაყიშვილი სწორედ ერთ-ერთი იმათთაგანია ვისაც არ გაუმართლა და საკუთარი ჭერი არ აქვს. სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ ჰაერში გამოკიდებული დარჩა და ბედის საცდელად თბილისში წამოვიდა. ხან ერთ გამგეობას მიმართა, ხან მეორეს. "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში გლდანი-ნაძალადევის ჩუღურეთის გამგეობაში ბინის ქირავნობის თაობაზე დროებითი ხელშეკრულება გაუფორმეს და თვეში 200 ლარი დახმარება ერიცხებოდა. მერე ახალი ხელისუფლება მოვიდა და ხელშეკრულება შეუწყდა.

უჩა მაყიშვილი:

- ამის შემდეგ ხშირად ქუჩაში მიწევდა ღამის გათევა. მერე უსახლკაროდ დარჩენილებს ირმა ინაშვილი დაგვეხმარა და პარტიის შენობაში გვათევინებდა ღამეს. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ჩუღურეთის გამგეობას მივმართე განცხადებით. ისევ გამიფორმეს და ხელშეკრულება და თვეში 250 ლარ დახმარებასაც მაძლევდნენ. მაგრამ ახალგაზრდა კაცი ვარ, სულ დახმარებაზე ხომ არ ვიქნებოდი? ავდექი და წავედი თურქეთში, სადაც სამუშაოს შემპირდნენ. საბაჟო რომ გადავკვეთე, გამგეობას ინფორმაცია გადასცეს, - საქართველოდან გავიდაო; ამიტომ ქირავნობის ხელშეკრულება გაუქმდა და დახმარების თანხაც შემიწყდა. თურქეთშიც არაფერი გამოვიდა და როდესაც ჩამოვედი, დავრჩი ასე ჰაერში გამოკიდებული. ახლობელი ან ნათესავი არავინ მყავს. ღამეს პარკებში ვათენებ - ხან ყოფილ კიკვიძის პარკში, ხან "დინამოსთან" რომ პარკია. გოგოლის ქუჩაზე ვარ მიწერილი. იქ ერთი პარკია სადაც შეიძლება წამოწვე. აგერ, სადაცაა ზამთარი მოვა. როგორ უნდა გადავირჩინო თავი ღია ცის ქვეშ ყოველგვარი დახმარების გარეშე? ყველას ფეხზე ვკიდივარ..

- ახლა რითი არსებობთ?

- ხან ვინმე მეხმარება, ხან მე ვახერხებ რაღაცას... ხანაც მშიერ-მწყურვალი დავდივარ. რამდენჯერ ხელიც გამიწვდია სამათხოვროდ, ვითომ გზის ფული არ მქონდა. არადა, უბრალოდ მშიოდა და ფულს ამისთვის ვართმევდი.

- დასაქმება არ გიცდიათ?

- ათას ადგილზე ვიყავი, რაღაც ბლანკები შევავსე, მაგრამ... კონტრაქტით სამხედრო სამსახური მინდოდა, მაგრამ იქაც არაფერი გამოვიდა. დაცვაშიც კი არ ამიყვანეს. ყველგან პატრონი გინდა. თანაც ნასამართლევი ვარ. სამტრედიის სკოლა-ინტერნატიდან რომ წამოვედი, ძალიან გამიჭირდა. ელემენტარულად მშიოდა და მობილური ტელეფონი მოვიპარე. პატრონმა მიჩივლა და ციხეში მოვხვდი. ასე ექვსი თვე ვიჯექი. მერე აპელაციით გამომიშვეს.

- ყოფილი პატიმრების რეინტეგრაციის პროგრამას არაფერი გაუკეთებია თქვენთვის?

- არ ვიცი რა პროგრამაა. ჩემთვის არავის არაფერი გაუკეთებია. ვარ ისევ ქუჩაში. ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვერ ვიბან და ხალხის გვერდზე დადგომა მრცხვენია. მერიდება ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ უნდა გავჩერდე? რაც კი სადმე განცხადება დავწერე ყველაფერზე უარი მომივიდა. პატრონი თუ არ გყავს, თავიც რომ ჩამოიხრჩო, ხელს არავინ გამოგიწვდის. თუ არავის ვუნდივარ საქართველოში, გამიშვან მაინც აქედან!

მნიშვნელოვანი დეტალი: კანონის თანახმად უსახლკარო მოქალაქე სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერ მიიღებს, ვინაიდან მუდმივი მისამართი არ აქვს და სოციალური აგენტი ვერსად მიაკითხავს. რა იღონოს ამ ხალხმა, რომელიც საღი აზრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველია, მაგრამ კანონის არასრულფასოვნებამ სტატუსის მიღების შანსი წაართვა?

უსახლკარობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი სახელმწიფო პროგრამების მიღმა დარჩება?

ჯანდაცვის სამინისტროს პენსიებისა და სოციალური დახმარებების სამმართველოს უფროსის თეა გვარამაძის სიტყვით, მართალია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი ვერ ერთვება სოციალური დახმარების კონკრეტულ პროგრამაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფო პროგრამების მიღმა დარჩება:

- ჩვენს ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრობლემების მეტ-ნაკლებად მოგვარების რესურსი. მე პირადად უჩა მაყიშვილს ვურჩევდი მიმართოს სახელმწიფო თავშესაფარს, მაგალითად, ლილოში, რომელიც 240 ბენეფიციარზეა გათვლილი და ყველაზე მეტი 150 ჰყოლიათ. თუ თბილისში რეგისტრირებული არ არის, სხვა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ სოციალური დახმარებისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. მაგალითად, სენაკს, საგარეჯოს, ქუთაისს, ბათუმს, ოზურგეთს, ზუგდიდს და სამტრედიას. ანუ ღია ცის ქვეშ, მშიერი და სამედიცინო დახმარების გარეშე ცალსახად არ დარჩება. ამის შემდეგ, დარეგისტრირდეს http://www.worknet.gov.ge-ზე და გახდეს ვაკანსიის მაძიებელი. ინტერესისთვის მეც კი დავრეგისტრირდი და აი, გუშინ მომივიდა მესიჯი: "პროფესიული მომზადება-გადამზადების უფასო სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო". ისიც წერია სად უნდა მიაკითხოთ და თან რა უნდა იქონიოთ. უჩა მაყიშვილისთვის ეს არის სავსებით რეალური შანსი; უნდა შეეცადოს და არსებული შესაძლებლობები უფრო აქტიურად გამოიყენოს. მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის ყოფილი ბენეფიციარები რომელთაც 30 წელი ჯერ არ შესრულებიათ მერიისთვის პრიორიტეტული ჯგუფია. შესაბამისად, სამედიცინო და პროფესიული გადამზადების პროგრამებში ჩართავენ. უსახლკარობა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი სახელმწიფო პროგრამების მიღმა დარჩება. თავშესაფარში მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ცხადია, სოციალური მუშაკი ვერც იქ ვერ მივა, რადგანაც ეს ბინა კი არა სახელმწიფო სერვისია. მაგრამ უჩა მაყიშვილს შეუძლია მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სადაც მას დაარეგისტრირებენ როგორც უსახლკაროს და ბინას უქირავებენ. ამის შემდეგ სოციალურ მუშაკს გაუჩნდება შესაძლებლობა რომ მივიდეს და შეაფასოს მისი მდგომარეობა.

უჩა მაყიშვილი ლილოს თავშესაფარში მიმართვისგან თავს იკავებს, ვინაიდან სმენია, რომ სანიტარიის მხრივ იქ საშინელი სიტუაციაა. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის სიტყვით კი ეს მოარული ჭორი სიმართლეს არ შეესაბამება:

- ორიოდე თვის წინ თავშესაფარში სტუმრად გვყავდა საფრანგეთის და თურქეთის ელჩები და საკუთარი თვალით ნახეს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა საუკეთესოა. ბენეფიციარებს ემსახურება სოციალური მუშაკი, უზრუნველყოფილია ორჯერადი კვება, სამედიცინო დახმარება, პირველადი საჭიროების საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფა და ა.შ. ანუ მათ აქვთ ყველანაირი საშუალება მოწესრიგდნენ და თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ. თავშესაფარი დიდი ლილოს ტერიტორიაზე სწორედ მიუსაფარი პირებისთვის აშენდა. რაც შეეხება უსახლკარო პირებს, ამ სტატუსს განსაზღვრავს კანონი სოციალური დახმარების შესახებ. ადგილობრივ თვითმმართველობებმა უნდა მოახდინონ უსახლკარო პირთა რეგისტრაცია და ინფორმაცია მიაწოდონ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამის შესახებ ჩანაწერი სოციალური დახმარების შესახებ კანონში 2007 წელს შევიდა, მაგრამ პროცესი რეალურად დაიწყო 2015 წლის დეკემბერში, როდესაც თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება უსახლკარო პირთა რეგისტრაციის შესახებ. 2016 წლის იანვრიდან მერიაში შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის და სხვა სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით. უსახლკაროს სტატუსის მისანიჭებლად, ან არგუმენტირებული უარის სათქმელად აუცილებელია ინფორმაციის მოძიება ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო უწყებებიდან, ბანკებიდან და ა. შ.

გამოსავალი - სოციალური საცხოვრისი

განვითარებულ ქვეყნებში უსახლკაროთა და მიუსაფართა პრობლემა სოციალური მშენებლობით წყდება. მუნიციპალიტეტები შედარებით იაფ, მაგრამ სავსებით ღირსეულ საცხოვრისებს აშენებენ. სწორედ ესაა ყველაზე გონივრული და ჰუმანური გამოსავალი. აუცილებელია მასშტაბური სოციალური მშენებლობით მუდმივად განახლებადი მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა. პარადოქსულია, მაგრამ საქართველოში ასეთი პრაქტიკა მხოლოდ ახლა ისახება. გელა ჩივიაშვილის სიტყვით ორხევის 75-ბინიან სოციალურ საცხოვრისში უკვე 30 ოჯახი შესახლდა. პროცესი ამჟამადაც გრძელდება. უსახლკაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ საცხოვრისით დაკმაყოფილებისას უპირატესობა ენიჭება მრავალშვილიან ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, სადაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ვეტერანები და ა.შ. როდესაც თბილისში გაჩნდება ახალი სოციალური საცხოვრისები შესაძლებელი გახდება ამ ოჯახთა ეტაპობრივი დახმარება. იქამდე კი, ჩივიაშვილის სიტყვით, უნდა ვიზრუნოთ უსახლკარო პირთა ბაზის შექმნაზე რომელშიც ყველა სუბიექტის მდგომარეობა ქულობრივად იქნება გაწერილი.

არაა საჭირო ველოსიპედის გამოგონება: სახელმწიფომ უნდა შექმნას ფინანსური რესურსი ფართომასშტაბიანი სოციალური მშენებლობისთვის. გვარიანად კი დავაგვიანეთ, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მედეა გოგსაძე (სპეციალურად საიტისთვის)