"როდესაც შევედით, დავინახეთ, ერთი მეომარი გახსნილი ხელყუმბარით ხელში იჯდა, მეორე ხელში კი ჯვარი ეჭირაო..." - კვირის პალიტრა

"როდესაც შევედით, დავინახეთ, ერთი მეომარი გახსნილი ხელყუმბარით ხელში იჯდა, მეორე ხელში კი ჯვარი ეჭირაო..."

საქართველოს უახლოესი ისტორიის ომებიდან უამრავი გმირი შემორჩა, რომელთა სახელები ქართველებისთვის ნაცნობია, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც ფართო საზოგადოება არ იცნობს... ერთ-ერთი ასეთი მერაბ ნიქაბაძეა, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში, ჟიული შარტავასა და მის თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმის დაკარგვამდე, ბოლო წუთამდე დარჩა...

ქართველ გმირზე ჟურნალ "გზას" მერაბ ნაქაბაძის შვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"სამაჩაბლოს ომში მოხალისედ წავიდა, შემდეგ გაწვევითაც მოუწია... მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, იქაც წავიდა და თუ არ ვცდები, 1992 წელს, "ავღანელთა კავშირის წევრი" გახდა - მათ ბატალიონშიც ჩაირიცხა. რადგან გამოცდილება ჰქონდა, ცხელ წერტილებში ფრონტის წინა ხაზზეც მიდიოდა..."

"მაშინ 11 წლის ვიყავი და მამის შესახებ ბევრი რამ კარგად მახსოვს. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, სახლში ხანდახან ჩამოდიოდა. კონტუზირებულიც ჩამოსულა, მაგრამ უკან მაინც ბრუნდებოდა... ბოლოს, თუ სწორად მახსოვს, 24 სექტემბერს გაფრინდნენ.

მძიმე დღეები იყო... ვიდრე გაფრინდებოდა, რამდენჯერმე სცადა აფხაზეთში წასვლა, მაგრამ ფრენა გადაიდო. ბოლოს, როდესაც სახლის ტელეფონზე დაურეკეს, მამამ უპასუხა, - აგაშენა ღმერთმაო... ეს სიტყვები ცნობიერებაში ჩამრჩა..."

"ის ყაბარდოელი ტამირი იხსენებს, როდესაც ჩაგვბარდნენ და გასაიარაღებლად შევედით, დავინახეთ, ერთი მეომარი გახსნილი ხელყუმბარით ხელში იჯდა, მეორე ხელში კი ჯვარი ეჭირაო... დეტალურად აღწერს მამას..."

მერაბ ნიქაბაძის შვილის ემოციური ინტერვიუს სრულ ვერსიას ჟურნალ "გზის" 16 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ...