"თურქებმა მითხრეს, ჩვენი სახელით გამოდიო, უამრავ ფულსაც შემპირდნენ" - კაცი, რომელიც წყალზე "დადის" - კვირის პალიტრა

"თურქებმა მითხრეს, ჩვენი სახელით გამოდიო, უამრავ ფულსაც შემპირდნენ" - კაცი, რომელიც წყალზე "დადის"

2017 წლის 9 სექტემბერს, ბათუმის საზღვაო არეალში, 57 წლის ხალხური ცურვის ოსტატმა ბეგლარ ელბაქიძემ, საერთაშორისო მარათონი "ოქროს საწმისის" პროგრამის ფარგლებში, გამართა მეორე მსოფლიო სარეკორდო მარათონი და "ზეზელა" ანუ დგომელა, მხედრული ხელებაღმართული სტილით, ულასტოდ, შეუჩერებლად, სპეცკოსტიუმისა თუ სხვა საცურაო საშუალების გარეშე, მხოლოდ ფეხური ცურვით 10,5-კილომეტრიანი დისტანცია 5 საათსა და 25 წუთში დაძლია. ეს არის მის მიერვე გაუმჯობესებული მსოფლიო რეკორდი, რომელიც მან 10 წლის წინ, თბილისის ზღვაზე დაამყარა.

ბეგლარ ელბაქიძე, პროფესიით მუსიკოსია, თუმცა ბოლო დროს მუსიკაზე მეტ დროს ცურვას უთმობს. სპორტსმენი მომავალ წელს საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს. მას მეტსახელად "ადამიანი ამფიბიაც" კი  შეარქვეს.

ბეგლარ ელბაქიძე:

- მტკვრის პირას ვცხოვრობ და პატარაობიდანვე ხელებაწეული გავცურავდი ხოლმე მდინარეს და გავდიოდა გაღმა ნაპირზე, ფეხებით ვცურავდი. რაც შეეხება რეკორდს, სიმართლე რომ ვთქვა, აზრად არ მქონია, მაგრამ ერთხელ, მაშინ 46 წლის ვიყავი, თბილისის ზღვაზე ვიყავი. წყალში ცურვისას, თან ტელეფონზე ვლაპარაკობდი. ზუსტად ამ დროს კატერით გამოიარა, თბილისის მერიის სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბავშვების რაღაც შეჯიბრი იყო და იმას ესწრებოდა. კარგა სიღრმეში ვიყავი და ჯერ შორიდან მაკვირდებოდნენ, ეგონათ, რომ რადგან ხელები თავისუფალი მქონდა, რამეზე ვიდექი, მერე ახლოს მოვიდნენ და გაოცდნენ, როდესაც ნახეს, რომ მხოლოდ ფეხებით ვცურავდი. მაშინ დამელაპარაკა, მერიის წარმომადგენელი ვაჟა დელებაშვილი, რომელმაც დაურეკა, საქართველოში გინესის წიგნის წარმომადგენელს, გვანჯი მანიას და უთხრა, სასწრაფოდ მოდი, შენ რომ ეძებ, ეგეთი ადამიანი ვნახეო. ეს ხდებოდა 2006 წელს, მაშინვე ორ კვირაში დამინიშნეს საჩვენებლი ცურვა და მერე უკვე 2007 წელს, ოფიციალურად დავამყარე მსოფლიო რეკორდი, თბილისის ზღვაზე 8.5 კმ გავცურე, პრინციპში კი არ გავცურე, გავიარე, რადგან, ფაქტობრივად, წყალში ფეხით დავდივარ. მერე თურქებმა მიმიწვიეს და 5-6-ჯერ იქ გამოვედი. ცურვის ამ სტილს ფეხებით ცურვა ჰქვია, ასევე მხედრულსაც ეძახიან.

- სამომავლოდ თუ აპირებთ საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას?

- კი, კი და ხელიც მოწერილი მაქვს უკვე და მომავალ წელს ვაპირებ, რომ 21 კმ "გავიარო" წყალში, ანუ გამოდის, რომ 58 წლის ასაკში ვაპირებ წლევანდელის გაორმაგებას (იცინის).

- სპონსორების მხრიდან ან უცხოეთიდან თუ არის დაინტერესება?

- უცხოეთიდან უფროა ინტერესი, როგორც უკვე გითხარით, თურქეთში გამოვედი, თუმცა ყველა გამოსვლისას საქართველოს დროშით ვიყავი, მაშინ მითხრეს, რომ მათთან გადავსულიყავი. მითხრეს, ჩვენი სახელით გამოდიო, უამრავ ფულსაც შემპირდნენ, მაგრამ ბუნებრივია, უარი ვთქვი, ჩემთვის მთავარია ჩემი ქვეყანა ვასახელო და საქართველოს სახელით მივაღწიო წარმატებას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)