ფიცის კაცი - კვირის პალიტრა

ფიცის კაცი

ფიცის კაცი იყო, სწორედ ისე, როგორც მისი წინაპრები. ჩუნეშელი ლორთქიფანიძეები ხომ მიღებული იყვნენ მეფის კარზე და სწორედ მაშინ წყვეტდნენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, როცა ყველაზე რთული დრო იდგა...

ფიცით კი ის ჰქონდათ დადასტურებული, რაც არანაირ სიმდიდრეზე არ იცვლება და არც ფულით იყიდება - სამშობლოს უღალატობა და სიყვარული. კარგი დრო როდის ჰქონდა საქართველოს, იქნებ, აღარც მის წინაპრებს ახსოვდათ და თავისსავე ფიცში იწვოდნენ უცეცხლოდ, მაგრამ მათ შთამომავალს კიდევ უარესი დრო დაუდგა, რადგან "ფიცის კაცად" ნაშობსა და აღზრდილს აღებ-მიცემობისა და გაყიდვა-გაწიაწების ეპოქაში მოუხდა ცხოვრება. ამიტომაც აღმოხდა სულიდან შემზარავი ამოძახილი: იყიდება საქართველო...

და ფიცის კაცმა - ნიკო ლორთქიფანიძემ იცოდა, წინ ბრძოლა ელოდა, უნდა ებრძოლა.

პირველი "ომი" ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გადაიტანა - რუსულმა მოხეტიალე დასმა საქართველოში სპექტაკლი ჩამოიტანა, სადაც ქართველებსა და ებრაელებს შორის დიდი დაპირისპირება იყო ასახული. ყმაწვილი იყო, მაგრამ მიხვდა, სად უთხრიდნენ ძირს მის საფიცარ საქართველოს. მიხვედრას აღშფოთება მოჰყვა, აღშფოთებას - შეძახილი და ცოტა მეტიც... პოლიციისა და ჯარისკაცების ჩარევა გახდა საჭირო. მაშინ მასაც და მის მეგობრებსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1901 წელი იდგა და რა იცოდა, ეს პატიმრობა მსუბუქად მოეჩვენებოდა, როცა წითელ საშინელებას - საბჭოთა დიქტატურას დაურჩებოდა პირისპირ.

1902 წელს, ავსტრიაში ცხოვრებისას, მისი ოთახის კარზე ეწერა: "პრინცი ლორთქიფანიძე". ომი გრძელდებოდა... პირველი დუელი ლექტორთან ჰქონდა, რომელმაც უხეშად მიმართა. მერე რუს ოფიცერს დაუნიშნა დუელი საქართველოს აუგად ხსენებისთვის...

დუელანტი 1907 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჯერ კიდევ არ იყო ის დრო - ყველაზე საშინელი...

ნიკო ლორთქიფანიძემ გადახედა ქვეყანას, რომელიც უკვე "გაიყიდა", თითქოს იგრძნო, ახლა გადარჩენა იყო საჭირო, იმიტომ, რომ "საქართველოს კაცებსაც" და "ფიცის კაცებსაც" ისე ანადგურებდნენ, რომ გაღატაკებულ ქვეყანაში მხრებზე თავი აღარ ეგრძნო აღარავის. ამ თავს სჭირდებოდა გადარჩენა.

მდუმარედ მიდიოდა რუსთაველზე. ოდნავ შეშუპებულ თვალის უპეებს არ უნდა გაეცა საიდუმლო - ფიქრსა და დარდში გატეხილი ღამე. დაპატიმრებული და გადასახლებული უახლოესი ნათესავების გამო უთქმელი ვარამი... ნათესავი რაა, სისხლით და ჯიშით "ფიცის კაცს" ყველას ბედი ერთნაირად ადარდებდა.

"- დედილო!

- ა, შვილო?

- არ ღირს დედილო, ასე ცხოვრება: ან მოკვდეს კაცი და ან ცოცხალი იყოს!..

- რათა, შვილო, რა მოგივიდა?

- მომწყინდა, დედილო, მომწყინდა! მტერს არ ეშინია და მოყვარე არაფრად მაგდებს. ფუი, ასეთ ცხოვრებას".

უცხოეთისაკენ მაინც არ გაიხედავდა, რადგან იცოდა, სამშობლოდან შორს გულდაფერფლილი იხოცებოდნენ ქართველები... ემიგრანტიც უცხო და უნიათო სიტყვა იყო, რაღაც ბნელ-ნათლის ზღვარზე დაკიდებული... და თუ სინათლე არ ეწერა უფლისაგან, მაშ, სიბნელეში დარჩებოდა, ოღონდ იქ, სადაც წინაპართა მიწას გრძნობდა ფეხქვეშ...

შვილებსაც "ფიცის კაცებად" ზრდიდა და თუ საქართველოს ბედუკუღმართობამ ხიდი არ დატოვა ილიასთან მისასვლელი, დაე, მისი აღზრდილები დამდგარიყვნენ ხიდად...  ჩაკეტილი კარიც მათ გაეღოთ, როგორც ჩაკეტილი სული... "ფიცის კაცები" ხომ ქვეყანას შეწირული კაცები იყვნენ, ნიკო ლორთქიფანიძეც არ იყო მხოლოდ თავისი სამი შვილის მამა...