"გალაკტიონი, უბრალოდ ჩაცმული ყველასგან გამოირჩეოდა, ერთი შეხედვითაც შეატყობდით: სხვა კაცი იყო..." - კვირის პალიტრა

"გალაკტიონი, უბრალოდ ჩაცმული ყველასგან გამოირჩეოდა, ერთი შეხედვითაც შეატყობდით: სხვა კაცი იყო..."

"იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი", - შოთა ნიშნიანიძე

ვასილ ტაბიძეს, მძიმედ ავადმყოფსა და ლოგინად ჩავარდნილს გაუმჟღავნა მეუღლემ, ორსულად ვარო. მომაკვდავს ღვინო მოუთხოვია და მართალია, მანამდე არ ასმევდნენ, ამჯერად მიუტანიათ. ზედიზედ რამდენიმე ჭიქა გამოუცლია, - ეს გაუმარჯოს პატარა ადამიანს, რომელიც შვიდი თვის შემდეგ დაიბადებაო, - უთქვამს და სულიც დაულევია...

გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებიდან: "მამაჩემი გარდაიცვალა ძლიერ ახალგაზრდა, 23 წლისა. მე არ მახსოვს ის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დავიბადე მამაჩემის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ... მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშვობა...

დავიბადე 1892 წელს... დასავლეთ საქართველოში, ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში..."

დღეს, 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა...

გალაკტიონის ჩანაწერებში აღმოჩენილი ბიცოლა ელისაბედის (ტიციან ტაბიძის დედა) მოგონებიდან: "..მახსოვს, ორსულად ვიყავი. ტიციანი დაბადებული არ იყო. ვიწექი. ახალი წლის ღამეს, ჩემმა დედამთილმა შემოიყვანა გალაკტიონი, ჯერ პატარა, ფეხზე ვერ დადიოდა და ლოგინში შემომიგორა: კარგი ფეხის არისო! როდესაც გათენდა, მე წამოვდექი. რანაირადაც არ მიჭირდა, ოთახში გავიარე. პირველად ახალ წელიწადს დღეს ნელა დადგა ფეხზე და გაიარა გალაკტიონმაც. მან ფეხი აიდგა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა".

პირველად გალაკტიონ ტაბიძის ლექსებიდან "მშობლიურო ჩემო მიწავ" დავისწავლე - სკოლაში დამავალეს, პირველ თუ მეორე კლასში. მახსოვს, ლექსი მედიდა, მაგრამ მომეწონა და საგულდაგულოდ ვსწავლობდი; ვგრძნობდი მის პათოსს, ოღონდ ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდი; და ვგრძნობდი მუსიკას, ოღონდ რატომ და საიდან მოდიოდა, წარმოდგენა არ მქონდა. დედას ესმოდა, რას ვიზეპირებდი და პირველად მაშინ მითხრა: ეს გალაკტიონია. იცი, სტუდენტობისას რამდენჯერ შემხვედრია რუსთაველზეო?! მას შემდეგ მიამბო მოხუცზე, ხშირი, ჭაღარანარევი წვერით, რომელსაც ის და მისი მეგობრები მუდამ ნასვამს ხედავდნენ; რომელიც რუსთაველზე ხშირად აჩერებდა გამვლელებს, გამორჩეულად - ახალგაზრდებს, და ესაუბრებოდა. ერთხელ მარტოდ მომავალი დედაც გაუჩერებია და ქათინაური უთქვამს (მაშინ, მგონი, უხერხულობა უგრძნია დედას, ჩემთან კი სიამაყით ჰყვებოდა ამ ამბავს)... მერე, ლექსს ლექსი მიემატა, მელოდიას - მელოდია და ასე, ნელ-ნელა ვეცნობოდი პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს; ასე, კლასიდან კლასში, ნელ-ნელა შემოდიოდა იგი ჩემს გულში და ხან იყალთოს აკადემიის ეზოში, ტრაფარეტთან - "აქ სწავლობდა შოთა რუსთაველი" მატარებდა ნამიან ბალახზე, ფეხშიშველას, მისივე ლექსის კითხვით: "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?); ხან, ძალიან შეყვარებულს, ასაკობრივი მელანქოლიის შემოტევისას, მაკითხებდა "ამაოა მთლად ცხოვრება,/ დრტვინვის წუთისოფელია,/ წადი... წადი მონასტერში,/ მონასტერში, ოფელია!..." ხან სიყვარულზე მეოცნებეს მათქმევინებდა "...ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს,/

ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს/ შენი მე ხატება დამდევს თან,/ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან..."

ხან, კლასში, საკონტროლოს წერისას, მოუმზადებელი რომ მივსულვარ და რაღაც მაინც უნდა დამეწერა, "მისით" დამიწყია: "ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება..." (ის 12-ფურცლიანი რვეული დღემდე შენახული მაქვს) და კიდევ, ვინ მოსთვლის, მის ლექსებთან რამდენი მოგონება მაკავშირებს... მეღიმება... ახლაც თავისით "მოვიდა": "ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,/ ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,/ სურათი რამე კარგზე მგლოვარი,/ ყველას რაიმე აქვს სახსოვარი"... მე ჩემი გალაკტიონ ტაბიძე მყავს, ისევე, როგორც შენ, მას, ვიღაცას... ბატონი ნოდარ ტაბიძე რომ გავიცანი, მისი უერთგულესი ძმისშვილი და, ფაქტობრივად, უახლოესთაგან მისი სიცოცხლის უკანასკნელი მოწმე, უბედნიერესი ვიყავი, ლამის, მეგონა, "ჩემს მეფე-პოეტს" პირადად შევხვდი-მეთქი (მანამდე დედაჩემის მშურდა)...…გალაკტიონზე მოთხრობილ ამბებს რომ ვისმენდი და ვკითხულობდი, თითოეულში "მის გალაკტიონს" ვპოულობდი... ასე აღმოვაჩინე ნოდარ ტაბიძის, ვახტანგ ჯავახაძის, ნოდარ დუმბაძის, გურამ ასათიანის და კიდევ რამდენი დიდებული ადამიანის გალაკტიონი...

ნოდარ დუმბაძე: "გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა, რომ მან, ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა, იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა... სინამდვილეში, აი, რა მოხდა:

გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს, არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. დიდი ხნის წინ ავიდა მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში...

სად უნდა ვდიოთ ქარს, რომელიც ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი...

მე თუ მკითხავენ, ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული".

გალაკტიონ ტაბიძე ცოლთან, ოლია ოკუჯავასთან ერთად

ვახტანგ ჯავახაძე: "...უბრალოდ ჩაცმული - ყველასგან გამოირჩეოდა, შიგნიდან ანათებდა და ამდიდრებდა გარემოს, და არა მარტო ფიზიკურად იდგა მთელი თავით მაღლა. ერთი შეხედვითაც შეატყობდით: სხვა კაცი იყო...

მეც თბილისის ქუჩებიდან ვიცნობდი.

ბევრჯერ შევხვედრივარ და ავდევნებივარ.

როგორც პატარა ბავშვი ვებერთელა მონასტერს, ისე ვუვლიდი გარშემო, და რაკი მონასტერს კარი ვერ ვუპოვნე, ფეხის წვერებზე ვდგებოდი, რათა მაღალი სარკმლიდან მაინც მომეკრა თვალი, რა ხდებოდა კედლებს იქით... ერთ მშვენიერ დღეს კი ამ ტაძარში აღმოვჩნდი და ეკლესიაში პირველად შესული ბიჭივით დავიბენი. როდესაც დავმშვიდდი და თვალი კედლებსა და თაღებს შევაჩვიე, გავოცდი: კვლავ ტაძრის წინ ვიდექი, ტაძარში ტაძარი დამხვდა. და ეს ტაძარი მეტი იდუმალებით იყო მოცული, რადგან არც კარი გააჩნდა, არც სარკმელი და შიგ ფეხი არავის დაედგა"...

გალაკტიონის დღიურიდან: "მთელი ღამე თითქმის არ მეძინა. ვიწექი საწოლში, ვტრიალებდი გვერდიდან გვერდზე, ვწევდი თუთუნს. გული ბოღმით მქონდა სავსე იმის გამო, რომ ასე საცოდავად, ასე უნუგეშოდ, ასე თავის ანაბარა ვარ მიტოვებული ბედის მიერ. მაგრამ არა, მიტოვებული კი არა ვარ ბედის მიერ, იგი ბედი ჩემთანაა, აი ეხლაც თვალწინ მიდგას საზიზღარი. იგი ხარობს ჩემის ტანჯვით, იგი დამცინის, იგი აფორიაქებს ყველაფერს, რაც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის, რწმენა ადამიანისადმი, კულტურისადმი, ხელოვნებისადმი; ყველაფრისადმი. იგი მიკარგავს პატივისცემას თავის თავისადმიც კი... დარჩა კი ვინმე, რომელიც მთელის სულით და გულით ეწაფება ჩემს ლექსებს? ნაწილს ვუყვარდი. ნაწილს ვეჯავრებოდი და მეომებოდა... ალბად, ღირსი ვარ! ალბად, აღარა ვარ კაცი, აღარა მაქვს ნებისყოფა! აღარა ვარ ღირსი პატივისცემისა. ან ვინ უნდა მცეს პატივი, როდესაც მე თვითონ პატივს არა ვცემ თავისთავს. მე ვერ ვუსწორდები ჩემს დაჩაგრულ ბედს, მაშასადამე, არა ვარ ღირსი მოკრძალებისა - ...ეჰ, შენ იქნება მოითხოვ ძველებურ თაყვანისცემას? ნუთუ არ იცი, რამდენი ხანი ემზადებოდენ, რომ შენ ამ მდგომარეობაში მიეყვანეთ? დამცინიან ჩემივე სახლის წინ? ჩემს სახლში... ღმერთო... ღმერთო... როდემდის გაგრძელდება ეს? ნუთუ ყოველდღე ასე იქნება? არა, ეს ნამეტანია. ეს სირცხვილია, ეს აბუჩად აგდებაა. კმარა, კმარა, კმარა, ომი! ხმალში გაწვევა! ერთადერთი ხსნა"...

"სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი/და ქვაფენილებს/შურდულივით/

დაენარცხება!" (მიხეილ ქვლივიძე)

ყვავილები ბავშვობიდანვე ჰყვარებია, გამორჩეულად... მშიერიც რომ ყოფილა, უკანასკნელი ხურდას მაინც იმეტებდა ყვავილების საყიდლად. ბინა მუდამ ყვავილებით ჰქონია მორთული. მისი ბინის გასაჩხრეკად მისული ჟანდარმერიაც კი დაუტყვევებია ყვავილების სიმრავლეს: - ბინის ასეთნაირმა ატმოსფერომ უთუოდ მოახდინა მათზე ერთგვარი გავლენა, რომ მე არ დამაპატიმრეს, მიუხედავად იმისა, რომ ყუთში იპოვეს რამდენიმე ცალი საეჭვო წიგნებისაო, - წერდა. - მე, ახალგაზრდას, ძლიერი გრძნობით მიყვარდა სიცოცხლე. შემდეგში საშინელმა სიცოცხლის უფრო ღრმა ანალიზმა ვერ მოსპეს სიყვარული ყვავილებისადმი"...

"ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:

...იწვა გალაკტიონი, სივრცეებზე ფიქრობდა..." (მურმან ლებანიძე)

იხილეთ ფოტოგალერეა

ვიდეო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)