"ადამიანმა მძინარე მეუღლეს თითზე ქორწინების ბეჭედი გამოაძრო, წავიდა, დაალომბარდა და იმით ითამაშა" - კვირის პალიტრა

"ადამიანმა მძინარე მეუღლეს თითზე ქორწინების ბეჭედი გამოაძრო, წავიდა, დაალომბარდა და იმით ითამაშა"

აზარტულ თამაშებს სახელმწიფოსთვის უფრო მეტი დანახარჯი აქვს, ვიდრე შემოსავალი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა მიმდინარეობს.

კილაძის განცხადებით, ის შეძრულია იმ ადამიანების და ოჯახების უბედურებით, რისი მიზეზი და საფუძველი არის აზარტული თამაშები.

"ნამდვილად ეს არის ძალიან ბევრი უბედურების წყარო. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რაც არის, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აზარტული თამაშებია. რამ გამოწვია ეს? ჩემი აზრით, სააკაშვილის რეჟიმმა საერთოდ გააუქმა ყველანაირი რეგულაცია და ეს საკითხი მიუშვა თავისუფალ დინებაში და ძალიან კარგად იცოდა მან, რა მოჰყვებოდა ამას. სხვა ბევრი უბედურების კვალდაკვალ, რაც იმ რეჟიმმა გააკეთა ქვეყანაში, ეს იყო ერთ-ერთი სეგმეტი, რომელიც ჩვენ თავისუფლად რომ მივუშვათ, იქამადე მიგვიყვანს, რომ საერთოდ ფიზიკურად გადავშენდებით, არაფერი რომ არ ვთქვათ მორალურ გადაშენებაზე. ამიტომ ამ რეგულაციების გაუქმება, რომელიც თავი და თავია იმ დიდი უბედურების დასაწყისისა, რომლის შედეგებსაც ჩვენ ახლა ვიმკით, სწორედ ამას უნდა მოვუაროთ. ძალიან კარგი ინიციატივა წარმოადგინა ფინანსთა სამინისტრომ. ჩვენ ამ თემაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. პირადად მე, 2014 წლიდან პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე ლევან იზორიას დავალებით, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრია, თუმცა მაშინ იყო შს მინისტრის მოადგილე და მე, როგორც მისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამ საკითხზე მუშაობა დამევალა. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან დიდი კვლევა", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე შეფასებით, აზარტულ თამაშებს სახელმწიფოსთვის უფრო მეტი დანახარჯი აქვს, ვიდრე შემოსავალი. კილაძის განცხადებით, ეს არის მეცნიერულად დამტკიცებული.

"ამას მოჰყვება ძალიან ბევრი უბედურება. პირველ რიგში, მოჰყვება ის, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეტი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ეს თანხა მოიპოვონ, მიდიან დანაშაულზე. მათ შორის საზღვარგარეთ ჩატარებული გამოკვლევებით, დადგენილია, რომ დაახლოებით 50-55% სათამაშო ფულიდან მოდის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ეს არის ქურდობა, თაღლითობა და ა.შ. ძირითადად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებიდან მოდის ეს თანხა", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ადამიანები ოჯახებში ხდებიან აგრესიულები, ანგრევენ ოჯახებს, ძალადობენ ოჯახის წევრებზე და გარდა ამისა, ეს ოჯახები კოტრდებიან, ხდებიან სოციალურად დაუცველები. კილაძის განცხადებით, ასეთი ადამიანები ოჯახებს სახლ-კარის, ოქროულობის გარეშე ტოვებენ, ყიდიან და ალომბარდებენ ყველაფერს.

"მე მივისმინე ისეთი საშინელი შემთხვევები, როგორიცაა, რომ მძინარე მეუღლეს თითზე ქორწინების ბეჭედი ადამიანმა გამოაძრო, წავიდა, დაალომბარდა და იმით ითამაშა. ამაზე მეტი დაცემა, დეგრადირება და ამაზე მეტი უბედურება, რა შეიძლება ადამიანს დაემართოს დანახარჯებსა და ფინანსურ ნაწილზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველა ჩვენგანის გარშემო არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ამის მსხვერპლია და სახელმწიფომ უნდა აიღოს სწორედ ეს პასუხისმგებლობა, რომ ჩარჩოებში მოაქციოს. ეს ჩარჩოები არის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ნულამდე არსად არაა დასული თამაშების რაოდენობა, თუმცა მე ძნელად მინახავს ქვეყანა, სადაც ასეთი მასობრივი ხასიათი ჰქონდეს მიღებული ამ უბედურებას. სწორედ სამართლებრივი ჩარჩოების, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებაცაა ეს. ჩვენ ვკარგავთ უბრალოდ ადამიანებს ამ ზღვარგადასული თამაშების გამო. ვკარგავთ ადამიანებს, რადგან ისინი მუდმივად ფიქრობენ, საიდან და როგორ მოიტანონ ფული იმისთვის, რომ ითამაშონ, ხდებიან შრომისუუნაროები", - განაცხადა კილაძემ.

მისივე განცხადებით, ამას მარტო რეგულაციები არ უშველის, არამედ საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი თუ უცნობი სახე ამ თემაზე ისაუბრებს, ეს გახდება საზოგადოების დისკუსიის საგანი.

მისი თქმით, ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება მედიას.

იხილეთ ასევე: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრი შეიქმნება, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ

"ინტერპრესნიუსი"