"ავტომობილების ქუჩაში გაჩერებისთვის საათობრივი გადასახადების შემოღება, სავარაუდოდ, აუცილებელი გახდება"
20-11-2017
"ავტომობილების ქუჩაში გაჩერებისთვის საათობრივი გადასახადების შემოღება, სავარაუდოდ, აუცილებელი გახდება"
"საცობების პრობლემა ეროვნული სტრატეგიის თემად იქცა და თუ ეს არ მოგვარდა, ქალაქში ცხოვრება სულ უფრო აუტანელი გახდება!"

საცობები თბილისისთვის მტკივნეულ პრობლემად რჩება. არა მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, კოშმარი შიდა ქუჩებშიც გრძელდება, სადაც ზოგიერთს ავტომანქანა თვეობით ჰყავს გაჩერებული. ეს ადვილი საქმეა - "სითი პარკს" გადაუხდი პარკინგის წლიურ გადასახადს, 50 ლარს, და ქუჩაში გაჩერებულ ავტომანქანას ხელს ვეღარავინ ახლებს. პრობლემის მასშტაბმა იმ დონემდე მიაღწია, რომ "სითი პარკსა" და მასთან ერთად მერიას ბრძოლა მთელმა ქალაქმა
გამოუცხადა. ეს კი პოლი­ტიკური მიზნით მშვენივრად გამოიყენეს როგორც ექსმერმა ნარმანიამ, რომელმაც მოსვლისთანავე განაცხადა, "მორჩა,­ ქალაქში "სითი პარკი" ვეღარ გაჩერდებაო!",­ ასევე კახა კალაძემაც, "აუცილებლად ვიმუშავებ, რომ გამო­ინახოს სამართლებრივი შესაძლებლობები "სითი პარკთან" ხელშეკრულების გასაუქმებლადო!"

გავრცელდა ხმა, რომ მერიას დაგეგმი­ლი აქვს, შემოიღოს საათობრივი გადასახადი ავტომანქანების ქუჩაში გაჩერებისთვის, დროის
გადაჭარბებისთვის კი, სოლიდური ჯარიმა. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით თბილისის სატრანსპორტო სამსახურს, სადაც გვიპასუხეს, რომ ამაზე მართლაც ფიქრობენ.

გვესაუბრება ფონდ "პარტნიორობა-საგზაო უსაფრთხოების" თავმჯდომარე, ექსპერტი გელა კვაშილავა:

- ამ კანონის ასამუშავებლად ბევრი რამ არის საჭირო, მათ შორის, ავტოფარე­ხების მოწყობაც, რაც დროს მოითხოვს; ისე კი, მართლაც ისეთ მდგომ­არეობაში ვართ, რომ ავტომობილების ქუჩაში გაჩერებისთვის საათობრივი გადასახადების შემოღება, სავარაუდოდ, აუცილებელი გახდება; საცობის წარმოქმნის პრობლემები დღითი დღე იზრდება. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ­ - ავტომანქანა ჰყავს ყოველთვიურად 300 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახების 15%-ს, 600-დან 900 ლარამდე შემოსავლის ოჯახებში კი, თითქმის 50%-ს.

- 300-ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახები ავტომანქანის ხარჯებს როგორ იხდიან?

- ვერ გეტყვით. 2017 წელს პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცი­ის ხარჯები 16%-ით გაიზარდა, მაგრამ ქალაქში ავტომანქანათა ნაკადი არ მცირდება. ალბათ, ამას ისიც უწყობს ხელს, რომ საკმარისი არ არის საზოგადოებრივი­ ტრანსპორტი, რომლის განვითარებაში მერიამ დიდი რესურსი უნდა ჩადოს; ეფექტიანი გზის გამონახვაა საჭირო, მათ შორის, პარკირებაზე საათობრივი გადასახადი.

- რას გულისხმობს საათობრივი გადას­ახადი, რა სისტემით ხდება გადახდა ევროპაში?

- მოქალაქე აჩერებს ავტომანქანას განსაზღვრულ ადგილას, მერე მიდის სპეციალურ აპარატთან, რომელიც იმ ქუჩაზევეა, და იხდის საათობრივ გადასახადს. რამდენ საათსაც გააჩერებს ავტომანქანას, გადასახადიც იმდენი საათისა უნდა გადაიხადოს. თუკი იმ საათებში დგომას გადააჭარბა, მაშინ ამოქმედდება ჯარიმის სისტემა, რაც მცირე ნამდვილად არ არის.

- რა თანხას მოიცავს საათობრივი გადას­ახადი?

- გააჩნია, რა ადგილზე აჩერებ მანქანას. ეს რეგულირდება იმის მიხედვით, მოძრაობის რა ინტენსივობაა პარკირებისას ქალაქის ამ ნაწილში. ბევრ ქალაქში გადასახადი დამოკიდებულია დროის მონაკვეთსა და კვირის დღეებზე. მაგალითად, შაბათ-კვირას, როცა ქალაქში შედარებით ნაკლებია ავტომანქანათა ნაკადი, გადასახადიც ნაკლებია. ეს გადასახადები ქალაქის სატრანსპორტო განვითარებას მოხმარდება.

- ცხადია, ახალი გადასახადი მოსახლეობას­ გააღიზიანებს. დაგვიანებაც სისხლში­ გვაქვს გამჯდარი, რაც საჯარიმო თანხას გაზრდის.

- ვიდრე საათობრივი პარკინგის სისტემაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა მოეწყოს ქალაქში­ ვრცელი, თუნდაც 500-600-ავტომობილიანი ფარეხები, სადაც მანქანებს­ მიზერულ ფასად დააყენებენ და ქუჩაში დატოვება აღარ დასჭირდებათ.­

- სად არის საამისო ადგილები?

- ქალაქის გენგეგმის შემდგენლები ხომ ამბობენ, თბილისში ადგილების მეტი რა არისო და ფარეხების მოწყობა რატომ უნდა გაჭირდეს?! დღეისთვის ცხადი მხოლოდ ის არის, რომ საცობების პრობლემა ეროვნული სტრატეგიის თემად იქცა და თუ ეს არ მოგვარდა, ქალაქში ცხოვრება სულ უფრო აუტანელი გახდება!

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით