როგორ ვიშოვოთ სამსახური - კვირის პალიტრა

როგორ ვიშოვოთ სამსახური

"უმნიშვნელოვანესი ეტაპი გასაუბრებაა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს კომპეტენციის კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, მას უნდა შეეძლოს საკუთარ კომპეტენციასა და უნარ-ჩვევებზე დამაჯერებლად საუბარი და პოზიტიური კუთხით წარმოჩენა"

სასურველ ორგანიზაციაში სასურველი თანამდებობის დაკავება რთულია, განსაკუთრებით ჩვენში, სადაც უმუშევრობა დიდი პრობლემაა. ხშირად ვნახულობთ შესაფერის ვაკანსიას, თუმცა გასაუბრებამდეც კი ვერ ვაღწევთ. რა არის ამის მიზეზი, როგორ გავზარდოთ დასაქმების შანსი? ჩვენი რესპონდენტი ანა ნაჭყებია წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე.

- სამუშაოს ძიების პროცესში განათლებასთან, გამოცდილებასა და პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანია, როგორ შევძლებთ თავის წარმოჩენას დამსაქმებელთან.

- ამისათვის რა არის საჭირო?

- უპირველესად, უნდა გავიგოთ მეტი პოტენციურ დამსაქმებელსა და სასურველ პოზიციაზე. ყურადღებით გადაიკითხეთ ვაკანსიის განაცხადი, განსაკუთრებით კვალიფიკაცია და ძირითადი მოვალეობები. დამსაქმებლები ხშირად ჩივიან, რომ კანდიდატების უმრავლესობამ ძალიან მცირე რამ იცის ორგანიზაციისა და ვაკანსიის შესახებ. ორგანიზაციაზე ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო გზაა ორგანიზაციის ვებგვერდი და "ფეისბუქის" გვერდი.

შემდეგი ეტაპია გავიგოთ, თუ რამდენად შეეფერება ჩვენი გამოცდილება და ინტერესები ვაკანსიას. ხშირად სამუშაოს მაძიებლები გზავნიან საკუთარ რეზიუმეს ისეთ ვაკანსიაზე, რომელიც ნაკლებ კომპეტენციასა და გამოცდილებას მოითხოვს, ვიდრე აპლიკანტს აქვს. ამ შემთხვევაში ზედმეტად კვალიფიციურ"კადრს ისევე ნაკლები შანსი აქვს დასაქმდეს, როგორც არასაკმარისად კვალიფიციურს, ამიტომ აუცილებელია, სწორად მოხდეს ვაკანსიის მოთხოვნებისა და ჩვენი შესაძლებლობების შეფასება.

დადგენილია, რომ პირველი შთაბეჭდილების ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალ ურთიერთობებზე. პირველ შთაბეჭდილებას კი დამსაქმებელი აპლიკანტის რეზიუმეთი იღებს. ჩვენი რეზიუმე უნდა იცვლებოდეს, ანუ ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა გადაიხედოს და გამოიკვეთოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. რეკომენდებულია, რეზიუმე იყოს მოკლე (1-2 გვერდი), მკაფიო და რელევანტური ვაკანსიისთვის. უსათუოდ უნდა გვქონდეს ელფოსტა, რომელიც არ ჟღერს არაფორმალურად (არ შეიცავს კნინობით სახელს, მეტსახელს და ა.შ).

ბოლო და უმნიშვნელოვანესი ეტაპი გასაუბრებაა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს კომპეტენციის კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, მას უნდა შეეძლოს საკუთარ კომპეტენციასა და უნარ-ჩვევებზე დამაჯერებლად საუბარი და პოზიტიური კუთხით წარმოჩენა.

- მოდი, დავიწყოთ იმით, თუ როგორ უნდა წარვდგეთ და როგორ მოვიქცეთ მანამ, სანამ დამსაქმებელსა და აპლიკანტს შორის დიალოგი დაიწყება. როგორც ვიცი, საზღვარგარეთ გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა, რომელიც გასაუბრებაზე წარსადგენთა ეტიკეტს გვაცნობს. რას ითვალისწინებს ეს და რამდენად შეესაბამება ქართულ რეალობას?

- ზოგადად, რეკომენდაციები მსგავსია საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. კარგი ტონია, რომ ვიცნობდეთ ორგანიზაციას, სადაც გასაუბრებაზე ვართ. საქართველოში აპლიკანტები ნაკლებად ემზადებიან გასაუბრებისთვის... არადა, პოზიტიური შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია გასაუბრების ეტიკეტის დაცვა. ამისთვის აპლიკანტს დრო უნდა ჰქონდეს სიტუაციაში გასარკვევად. გამოცხადდით გასაუბრებაზე 10 წუთით ადრე, ეს საშუალებას მოგცემთ კონკრეტული ორგანიზაციის ეტიკეტზე შეგექმნათ წარმოდგენა. წესისამებრ, აპლიკანტმა საჭიროა დაიცადოს, ვიდრე არ სთხოვენ გასაუბრების ოთახში შესვლას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს გასაუბრების პროცესის აღქმა - ხშირად ეს ჰგონიათ ერთგვარი გამოცდა, სადაც აპლიკანტი არის გამოსაცდელი პირის როლში. მიუდექით პროცესს, როგორც საქმიან საუბარს, სადაც ორივე მხარის ინტერესები თანაბრად მნიშვნელოვანია.

- თქვენ მუშაობდით პროექტზე "დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა". შეხვდით ბევრ სამუშაოს მაძიებელს. გვიამბეთ მათ შესახებ.

- ამ პროექტის ფარგლებში ძირითადად ვმუშაობდით სტუდენტებთან. სწორედ ეს ჯგუფია სამუშაოს ყველაზე აქტიური მაძიებელი. მოვისმინე ბევრი ამბავი, გასაუბრების პროცესში არაერთი სირთულეც წამოჭრილა. ხშირად აპლიკანტები ეძებენ, თუ რა იქნება სწორი"პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე. რეალობა კი ის არის, რომ სწორი პასუხები ფაქტობრივად არ არსებობს. მთავარია, აპლიკანტი ყველა კონკრეტულ ვაკანსიას მიუდგეს ინდივიდუალურად და მოემზადოს, მიიღოს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. სწორედ ამ მომზადების შემდეგ მოდის ეს ე.წ."სწორი პასუხები. აპლიკანტები ყველაზე ხშირად გზავნიან საკუთარ რეზიუმეს თითქმის ყველა ვაკანსიაზე, მიუხედავად იმისა, ეს ვაკანსია მათ ინტერესებს და შესაძლებლობებს შეესაბამება თუ არა. ამ შემთხვევაში გამოსავალი სწორი პროფესიული ორიენტაციაა - საჭიროა გავაცნობიეროთ, თუ რა მიმართულებით გვსურს დასაქმება და რა წვლილს შეიტანს ამ პოზიციაზე მუშაობა ჩვენს პროფესიულ განვითარებაში. რა თქმა უნდა, არსებობს დროებითი სამსახურები, სადაც დამსაქმებელსაც აქვს გაცნობიერებული, რომ კადრი მასთან კონკრეტულ მომენტამდე იმუშავებს. თუ, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი იტყვის, რომ მოლარე-ოპერატორად მუშაობა მისთვის საოცნებო სამსახური"იქნება, ცხადია, არ იქნება ლოგიკური. ნაცვლად ამისა, სჯობს ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების თუ ფინანსური რესურსის მიღება განსაზღვრულ ეტაპამდე.

როგორ მოვაწონოთ თავი დამსაქმებელს

- დამსაქმებელთან გასაუბრებაზე ისაუბრეთ მშვიდად, მოუსმინეთ ყურადღებით, არ მოგერიდოთ კითხვების დასმა, გამოავლინეთ ინტერესი და კეთილგანწყობა.

- გამოცხადდით გასაუბრებაზე დროულად.

- თან გქონდეთ განახლებული რეზიუმე, თუ სიტუაცია მოითხოვს, მიაწოდეთ ინტერვიუერს.

- ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ჩაცმულობა იყოს აკადემიური და სადა.

- გამორთეთ ტელეფონი.

- ნუ დაალაგებთ პირად ნივთებს მაგიდაზე (ჩანთა დადეთ სკამის გვერდით).

- იყავით დაკვირვებული და დაანახეთ ინტერვიუერებს, რომ შეგიძლიათ მოსმენა.

- მოერიდეთ მოკლე და მარტივ პასუხებს, ისეთებს, როგორიცაა - "დიახ" და "არა".

- ნუ მოგერიდებათ თქვენს მიღწევებზე საუბარი.

- იფიქრეთ თქვენი სხეულის ენაზე - შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ღია და გახსნილი ჟესტიკულაცია, გაიღიმეთ, თავი აარიდეთ შფოთვის გამომხატველ მოძრაობებს.

- მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ იმ კითხვებისთვის, რომელიც შესაძლოა, დაგვისვან: "გთხოვთ გაგვეცნოთ", "მოგვიყევით თქვენ შესახებ", "რა არის თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები", "რატომ უნდა აგიყვანოთ".

- საკუთარი თავის წარდგენისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: იყავით კონკრეტული - გააკეთეთ სწორი აქცენტები; ნუ გადატვირთავთ მსმენელს ბევრი ინფორმაციით; ხაზი გაუსვით თქვენს უნიკალურობას, გამოკვეთეთ თქვენი უნარები და პიროვნული ღირსებები; დაანახეთ დამსაქმებელს თქვენი ენთუზიაზმი და მოტივაცია.

ეკა სალაღაია