"ბატონი რეზო ბავშვივით იყო აღფრთოვა­ნებული... "იის ჩივილით" - კვირის პალიტრა

"ბატონი რეზო ბავშვივით იყო აღფრთოვა­ნებული... "იის ჩივილით"

მაყვალა გონაშვილი: "ამ ფოტოზე 20 წლისა ვარ... ბატონი რეზო შემთხვევით შემხვდა ქუჩაში. ძალიან გახარებული იყო. რომ ვკითხე, ასე რამ გაგახარათ-მეთქი, მიპასუხა: როგორ არ უნდა მიხაროდეს, ერთმა კახელმა გლეხმა მშვენიერი ხალხური ლექსი მაჩუქა, რომელიც ადრე არსად შემხვედრიაო. მე შეიძლება დამავიწყდეს, შენ მოგიყვები, ჩაინიშნე და არასოდეს დაივიწყოო"

როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარა ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარო, - წერდა რეზო ინანიშვილი, მაგრამ დიდი მწერალი ყველა სიტყვას მაინც თავისი სულის კარნახით წერდა, ალბათ ამიტომაა მისი მოთხრობები ძალიან ახლობელი და ძვირფასი მკითხველისთვის. რეზო ინანიშვილის შემოქმედება ერთდროულად მსუბუქიცაა და ღრმაც, სევდიანიც და იმედიანიც, მის პერსონაჟებსაც განუმეორებელი ხიბლი და უბრალოება გამოარჩევს. "როგორც ზღვის ერთ წვეთში აისახება უკიდეგანო წყლის მასის ყველა ნაწილ-თვისება, ასევე რეზო ინანიშვილის მცირე ფორმის ლიტერატურული შედევრები ქართველი ხალხის ჭირ-ვარამის, ბედნიერებისა თუ მწუხარების, წარსულისა თუ აწმყოს უტყუარ სურათებს წარმოსახავენ", - წერდა გოდერძი ჩოხელი.

პოეტი მაყვალა გონაშვილი იგონებს: - ბატონ რეზოს ჩვევა ჰქონდა: დადიოდა და თუ რაიმე სიტყვას გაიგებდა, რომელიც ხალხში იყო შემორჩენილი, იწერდა. ის არ იყო კაბინეტში ჩაკეტილი მწერალი, რომელიც ქართულ სიტყვას ზედაპირულად ეკიდებოდა, ყველაფერი აინტერესებდა და ყველაფერს ინიშნავდა. ამიტომაც არის მისი ნაწარმოებები ასე ხალასი და ბუნებრივი. ძალიან დიდი მოყვარული იყო ქართული სიტყვიერებისა, განსაკუთრებით ძველისძველ სიტყვებს და გამოთქმებს დაეძებდა, გულმოდგინედ აგროვებდა და მერე ამ სიტყვებს მძივივით აწყობდა...

საოჯახო არქივში ძალიან ძვირფასი ფოტო მაქვს, რომელიც ფილარმონიის წინ არის გადაღებული. ამ ფოტოზე 20 წლისა ვარ... სავარაუდოდ, 1978-1979 წლებშია გადაღებული. ბატონი რეზო შემთხვევით შემხვდა ქუჩაში. შევამჩნიე, რომ ყველასათვის საყვარელი მწერალი ძალიან გახარებული იყო. რომ ვკითხე, ასე რამ გაგახარათ-მეთქი, მიპასუხა: როგორ არ უნდა მიხაროდეს, ერთმა კახელმა გლეხმა მშვენიერი ხალხური ლექსი მაჩუქა, რომელიც ადრე არსად შემხვედრიაო. მე შეიძლება დამავიწყდეს, შენ მოგიყვები, ჩაინიშნე და არასოდეს დაივიწყოო. ბატონი რეზო პატარა ბავშვივით იყო აღფრთოვანებული. ლექსს "იის ჩივილი" დაარქვა და იქვე მომიყვა:

- ნეტავი შენ, ენძელაო,

ორჯერ მოხვალ სერზედაო,

ერთხელ მოვალ, მოვშავდები

ამ დაწყევლილ ხევზედაო,

ბიჭები ქუდზე მაჭკნობენ,

გოგონები - ყელზედაო.

ლექსი, რომელმაც ძია რეზო ასე გაახარა, ზეპირად დამამახსოვრდა.

გავიდა წლები და ეს ლექსი მეც აღარსად შემხვედრია. ამიტომაც გადავწყვიტე, ლექსიც და ამ ფოტოს ისტორიაც თქვენი მკითხველისთვის გამეცნო.

P.S. სასიამოვნოა, რომ ეს ლექსი რამდენიმე წლის წინ ბატონმა ვახუშტი კოტეტიშვილმა თავის წიგნში შეიტანა...

ხათუნა ჩიგოგიძე