საკმარისია, მხოლოდ სარკმელში გაიხედო და... - კვირის პალიტრა

საკმარისია, მხოლოდ სარკმელში გაიხედო და...

ნაშუადღევს ზაურ ვასილიჩის ჯერი დგება. მოხუცს კარგად იცნობენ უბანში, ამიტომ მოსახლეობა მორჩენილ სანოვაგეს ხშირად გზის ახლოს, ხის ტოტზე დაკიდებულს უტოვებს. ვასილიჩი დაბადებით მუნჯია. დგას და გიყურებს უსაზღვროდ თბილი და წყლიანი თვალებით, თვალებითვე გიღიმის და გემადლიერება...

ჩემი სახლის სარკმლიდან ყოველ დილით ნაგვის ურნებს ვუყურებ ხოლმე, რომელსაც დღეში ათობით გაჭირვებული სტუმრობს.

პირველი ელიჩკა ივანოვნა გამოჩნდება ხოლმე - მაწანწალა ძაღლები მოაცილებენ, რასაც ურნებში პოულობს, მათ აჭმევს. უპატრონო და მაწანწალა მე ვარ, თორემ ამათ კი ჰყავთ შემწეო, - ღიმილით ამბობს თავის თავზე. ელიჩკას მალევე მოჰყვება ვალერი გამდლიშვილი, მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი. უწყინრად აივლის ტროტუარს, ურნებს შორიდანვე შეავლებს თვალს. თუ სახარბიელო ვერაფერი შეამჩნია, მალევე უქცევს გვერდს და თვალს მიეფარება.

- "განა შრომა არ შემიძლია, - მეუბნება, - მაგრამ ძალადობა ვერ ამიტანია, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდები. ვიცი, სულელს მეძახიან, ამიტომაც ყველას გავერიდე. ვერც დავოჯახდი, ჩემი ჭკუისა ვერავინ ვნახე. ასე, ქუჩა-ქუჩა ხეტიალში გულს ვაყოლებ, მშობლები აღარ მყავს, სიბერე გავუმწარე, ვერ ვივარგე. ეგებ, იმ გრძელ ქვეყანაში მაინც მომიტევონ..."

- ურნებთან რაღატომ ჩერდები?

- ჩემზე უარეს დღეში ჩემი მეგობრები, იმათი მშობლები და შვილები არიან, ზოგი ინვალიდია, ზოგი ავადაა, ლუკმაპურის შოვნაში ვეხმარები. ზოგჯერ კარგ სათამაშოებსაც წავაწყდები ხოლმე, ერთხელ სათამაშო ჯიპი ვიპოვე, ორი ბორბალი აკლდა. შავი დღისთვის გადანახული ფულით, ორთვალას ბორბლები ვიყიდე, გადავაკეთე და დავუყენე, შემდეგ კი დაბადების დღეზე ვაჩუქე მეზობლის ბავშვს..."

ნაშუადღევს ზაურ ვასილიჩის ჯერი დგება. მოხუცს კარგად იცნობენ უბანში, ამიტომ მოსახლეობა მორჩენილ სანოვაგეს ხშირად გზის ახლოს, ხის ტოტზე დაკიდებულს უტოვებს. ვასილიჩი დაბადებით მუნჯია. დგას და გიყურებს უსაზღვროდ თბილი და წყლიანი თვალებით, თვალებითვე გიღიმის და გემადლიერება. მის ამბავს იქვე გაჩერებული ტაქსის მძღოლები ჰყვებიან:

- აქვე, სასაფლაოს ბოლოში, ძველ რკინის ჯიხურში ცხოვრობს, ადრე ვულკანიზაციად იყენებდნენ, შემდეგ დაიხურა, მეპატრონე ზამთრობით ვასილიჩს უთმობს ხოლმე. ჯერ ნათესავებთან ცხოვრობდა, მერე - მოწყალების სახლში, იქ გული არ დაუდგა და განდეგილად ცხოვრება არჩია.

ეჰ, ძმაო, შენ ფანჯრიდან რამდენჯერმე მოჰკარი თვალი და ამან აგაღელვა, ჩვენ კი რამდენ ამათნაირს ვხვდებით ყოველდღე, ქუჩები სავსეა მშიერი და მიუსაფარი ხალხით. ამ ქუჩაზე უთენია მთელი ოჯახი მოდის, ცოლ-ქმარი და შვილები, კიდევ ერთი კაცი, ძლივს მიათრევს ხოლმე ათასი ძველმანით გამოტენილ ტომარას, სხვაც ბევრი დადის, მაგრამ ვერაფერს ვშველით, ჩვენც საშოვარზე ვართ გამოსული, ადამიანი ადამიანის მიმართ ზოგჯერ მგელი ხდება, მგლის კანონი დაძრწის ქუჩაშიც, ერთი თუ თვალი მოვუხუჭეთ ცხოვრებას, ბუნდღა აღარ დარჩება ჩვენგან.

კახა მჭედლიშვილი