"რუსეთიდან ცხინვალში ნარკოტიკი თავისუფლად შემოდის და უმძიმესი მდგომარეობაა"
20-11-2017
"რუსეთიდან ცხინვალში ნარკოტიკი თავისუფლად შემოდის და უმძიმესი მდგომარეობაა"
"ცხინვალში ინფრასტრუქტურა დანგრეულია. არც არაფერი კეთდება, ომის შემდეგ აზრადაც არავის მოსდის რაიმე შეცვალოს. ფაბრიკა-ქარხნები წლებია აღარ არსებობს. რაღაცით ხომ უნდა ირჩინონ თავი? სოციალური ფონი ყოველდღიურად მძიმდება. კორუფცია ყვავის"

აგვისტოს ომის შემდგომ წლები გავიდა და მუდმივად ისმის კითხვა: ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო, თუმცა, არგუმენტირებული პასუხი არ არსებობს... ამასობაში, ქართველებსა და ოსებს შორის გაუცხოება იზრდება, რაშიც დიდია რუსული პროპაგანდის წვლილი. ცხინვალელი ქართველი თამარ ოქროპირიძე სამსახურებრივი საქმიანობის გამო მშობლიურ ქალაქთან ურთიერთობას არ წყვეტს.

- 90-იან წლებში ცხინვალში ვცხოვრობდი. ბებიაჩემი კოკოითის ნათესავია. კონფლიქტის დაწყებისთანავე­ ბებიას დისშვილ-ძმისშვილებმა, ქართველებს ტყვიას არ ვესვრითო და გერმანიას მიაშურეს, თუმცა ცხინვალში დარჩენილ ნათესავებთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. ამას წინათ ჩამოვიდნენ, ჯერ ცხინვალში ჩავიდნენ, შემდეგ ვლადიკავკაზის გავლით, გორსა და თბილისს ეწვივნენ. ცხინვალი დღემდე არ აღუდგენიათ. თბილისი რომ
ნახეს, გაოცება ვერ დაფარეს - გვეგონა, აქაც ცხინვალის რეალობა დაგვხვდებოდაო.

ცხინვალი ძალიან პატარა ქალაქია, 14 ათასზე ცოტა მეტი კაცი ცხოვრობს. ძალიან უჭირთ, ინფრასტრუქტურა დანგრეულია. არაფერი კეთდება, ომის შემდეგ აზრადაც არავის მოსდის, რაიმე შეცვალოს. ფაბრიკა-ქარხნები წლებია აღარ არსებობს. რაღაცით ხომ უნდა ირჩინონ თავი? ახალგაზრდები, ძირითადად, ჯარში მიდიან კონტრაქტორებად, მაგრამ ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ. ამასთან, ბოლო ხანებში კონტინგენტი შეამცირეს, რადგან რუსეთის ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული. ერთი სიტყვით, სოციალური ფონი ყოველდღიურად მძიმდება. კორუფცია ყვავის. რაც უნდა განათლებული იყო, პატრონი თუ არა გყავს, მუშაობას ვერ დაიწყებ.

ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც ცხინვალის­ იუსტიციის სახლში მუშაობს, როდესაც გაიგო, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა,­ გაოცებულმა მკითხა, რატომ არ გაქვსო? ამისთვის დროის გამონახვა ვერ შევძელი-მეთქი. მერე, გადაიხადე ფული და აიღეო. ავუხსენი, ჩვენთან როგორ ხდება ეს და გაოცებული მისმენდა. რაღაცები კი ვიცი, თბილისში სამკურნალოდ ან საქმეებზე წასულები რასაც გვიამბობენ ხოლმე, მაგრამ ასეთ ამბებს მაინც არავინ ჰყვებაო.

- აქაურ ამბებს ახლობლებსაც არ უზიარებენ?

- კი, ოღონდ ძალიან ვიწრო წრეს. ეს რუსული პროპაგანდის გავლენაა, რომელსაც შედეგიც აქვს. გამუდმებით ამბობენ, რომ ცხინვალში ძალიან კარგია ცხოვრება... როგორც გითხარით, ჩემი იქაური­ ახლობლები, ედუარდ კოკოითის ნათესავები არიან და გავლენიანი სანაცნობო წრე ჰყავთ, თავადაც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არიან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ცხინვალის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული. ამას წინათ მითხრეს, რომ ქართული მხრიდან ცხინვალში, საჯარო სამსახურში 13 კაცი მუშაობს. საზღვარზე სპეციალური საშვით გადადიან.

- პრორუსული განწყობა რამდენად ძლიერია?

- უფროს თაობას საზღვრის გახსნა სურს, ძველებური, მშვიდობიანი ურთიერთობები ენატრებათ, ქართულიც ესმით. ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ ქალს ვუთხარი, დარწმუნებული ვარ, ქართული იცით-მეთქი. გაეღიმა, აბა, რაო. ახალგაზრდებს კი არც ქართულ მხარესთან დაბრუნება სურთ და არც გარუსება. უბრალოდ, ცდილობენ, გადარჩნენ და როგორმე ევროპაში წავიდნენ. საზღვარგარეთ ცხინვალის პასპორტით ვერ მიდიან, ამიტომაც რუსეთის მოქალაქეობას იღებენ.

რუსეთში ოსი ახალგაზრდებისთვის ტრენინგები იმართება განვითარების, სოციალური ჩართულობისა და უამრავი აბს­ურდული მიმართულებით. ოსი ახალგაზრდები, რომელთაც რუსეთის იქით სამყაროზე სმენიათ, ცდილობენ ამ პროგრამების საშუალებით გავიდნენ დასავლეთში. თუმცა ეს ეხება ერთეულებს, ძირითადად, ზედა, "ელიტურ" ფენას და ისინი რამდენად შეძლებენ რეალობის შეცვლას, არ ვიცი... საშუალო და დაბალმა ფენამ კომპიუტერის გამოყენებაც არ იცის, სენტიმენტებით ცხოვრობენ - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების, უკეთესი "სახელმწიფოს აშენებისა" და ღია საზღვრების მოლოდინი აქვთ.

- ძირითადი შემოსავალი რა არის?

- რუსეთის პენსია, რომელსაც მოსა­ხლეობა კატეგორიების მიხედვით იღებს - ომში მონაწილეობის, მუშაობის სტაჟის და ა.შ. თუმცა, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ან ახლობელი ქართველების დახმარებით ცდილობენ აქეთ გადმოსვლას. ერთი ოსი მიყვებოდა, ძალიან კარგი პროექტი გვქონდა - ცხინვალიდან ჩავდიოდით ახალგაზრდები და იქიდანაც გადმოჰყავდათ ჩვენი თანატოლები, დისკუსიები იმართებოდაო.­ თავდაპირველად, ოსები ქართველებს მტრებივით უყურებდნენ, აგრესიული იყვნენ, მაგრამ ქართველები არ აგვყვნენ, მხოლოდ იმას გვიხსნიდნენ, რა შესაძლებლობები აქვთ საქართველოში. ტრენინგი ორ კვირას გაგრძელდა და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, გაგვეგო, რეალურად სად ვცხოვრობთ და რამხელა მანძილია ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორისო. პასუხად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციები დახურა და შემდეგ საერთოდ აკრძალა.

- სოფლებში რა მდგომარეობაა?

- დაცარიელებულია... ბაღ-ბოსტანი, რომელიც მთავარ შემოსავლად ითვლება, ცხინვალის სოფლებში, ფაქტობრივად, არ არსებობს. მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული. ერთადერთი, შინდი მოდის და სეზონზე დადიან ვაჭრები და იბარებენ. ამ ყველაფერს ემატება ფესვგადგმული კრიმინალი და კორუფცია. ბევრისგან მსმენია, რომ რადგან რუსეთის საზღვარი გახსნილია, ნარკოტიკი თავისუფლად შემოდის და ამ მხრივაც ცხინვალში უმძიმესი მდგომარეობაა.

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით