ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და სავარაუდოდ, მამინაცვალმა სცემა - როგორია პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და სავარაუდოდ, მამინაცვალმა სცემა - როგორია პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

3 წლამდე ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ნაცემია, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მინდობით აღზრდის ფარგლებში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება 126 -ე მუხლით დაიწყო. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მცირეწლოვანი, რამდენიმე დღის წინ დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა მიიყვანეს.

ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, ბავშვს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.

"ისეთი დაზიანებები ჰქონდა ექიმმა იფიქრა, რომ ბავშვი მსგავს დაზიანებას დაცემით ვერ მიიღებდა. ჩვენ ამის შესახებ შევატყობინეთ სოციალურ სააგენტოს და სამართალდამცველებს", - განაცხადა ჭეჟიამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოციალური დაცვის სააგენტოს იურისტმა უტა მიქაძემ განუცხადა, ბავშვი მინდობით აღზრდის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფება. "არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, ის იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობაში, მიმღებ მშობლებთან", - განაცხადა მიქაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და ის სავარაუდოდ, მამინაცვალმა სცემა.

"ინტერპრესნიუსი"