"ძეგლს არავინ მიდგამს და ასე მაინც ვიქცე - დაავადებაც ასეთი უნდა" - კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის - კვირის პალიტრა

"ძეგლს არავინ მიდგამს და ასე მაინც ვიქცე - დაავადებაც ასეთი უნდა" - კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის

"ძალიან მძიმედ ვიყავი - სიცოცხლე აღარ მინდოდა"

ცნობილი პოლიტიკოსი, აქტიური ოპოზიციონერი, იურისტი კობა დავითშვილი მძიმე ავადმყოფობის გამო რამდენიმე წელი დეპრესიაში იყო. საჯაროდ აღარ ჩანდა და ჟურნალისტებთან კონტაქტზეც არ გამოდიოდა. როგორც აღმოჩნდა, დავითაშვილი უკურნებელ დაავადებას ებრძვის. პოლიტიკოსს ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი მიმდინარე წლის ითვლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. პოლიტიკოსის თქმით, ეს დაავადება კარგად აქვს შესწავლილი და დარწმუნებულია, რომ ის იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

- ბატონო კობა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საზოგადოებამ იცოდა, მაგრამ როგორ ხართ, რა დაავადება გაქვთ, რატომ არ ჩანხართ, ყველას აინტერესებს...

- ახლა უკეთესად ვარ, სიარულ შემიძლია. წელის ტკივილები რამდენიმე წელი მაწუხებდა, მაგრამ დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. ვვარაუდობდი, რომ ეს იყო ხერხემლის დაზიანება, დისკოზს რომ ეძახიან, მაგრამ უფრო რთულია, ე. წ. ბეხტერევის დაავადება აღმოჩნდა, რომელიც მთელი ხერხემლის მალების ანთებას გულისხმობს. ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი იმუნური სისტემა საკუთარ სხეულს ებრძვის. ეს იშვიათი და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებაა. დიაგნოზირება ასე გვიან იმიტომ მოხდა, რომ სანამ არ გამოიკვეთება სიმპტომები, ვერ დგინდება. საშუალოდ, 10 წელიწადში ხდება ხოლმე სიმპტომების გამოკვეთა. ზუსტად 10 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბრიდან. ივლისის ბოლოდან დამეწყო მგრძნობელობის დაქვეითება ფეხებში და ახლა ფეხებს ვერ ვგრძნობ. ნელ-ნელა ზემოთ მიწევდა და წელზემოთ ამოვიდა. მკურნალობამ ცოტა შეაჩერა ეს პროცესი და ცოტა ქვემოთ ჩაიწია. დაავადება არ იკურნება, მაგრამ მთავარია, მდგომარეობა არ გაუარესდეს და სიარული შევძლო... იყო მომენტები, საერთოდ ვეღარ ვდგებოდი. ერთი-ორჯერ წავიქეცი კიდეც, რადგან ფეხებს ვერ ვაკონტროლებდი. რევმატოლოგებთან დავიწყე მკურნალობა - ეს მათი პროფილია. მგრძნობელობა ერთია და ამას თან დაერთო გაუსაძლისი ტკივილები. შევაწუხე ოჯახი, მეზობლები… ღამე არ მეძინა (გაგრძელება).