"დღეს კუსტურიცა მშობლიურ სარაევოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული" - კვირის პალიტრა

"დღეს კუსტურიცა მშობლიურ სარაევოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული"

"დაე, ჩამოვიდეს კუსტურიცა თბილისში და გამართოს კონცერტი ცარიელ დარბაზში. ანანეთ ეს ნაბიჯი. არ იყიდოთ ბილეთები"

ცნობილმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, მხარი დაუჭირა აფხაზური საქველმოქმედო მოძრაობა "კეთილი ნების ელჩების" ინიციატივას, რომელიც აფხაზეთში კულტურული ძეგლების დასაცავად მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას ითხოვს. არასამთავრობო ჯგუფი აფხაზეთის კულტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობას საქართველოს აბრალებს. რა წონა აქვს კუსტურიცას სიტყვას და შეიძლება თუ არა ეს ე.წ. აფხაზური დიპლომატიის გამარჯვებად ჩაითვალოს - ამაზე ხორვატ ჟურნალისტსა და კინომცოდნეს, ბერნარდ კარაკასს ვესაუბრეთ.

- კუსტურიცა აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა. რა არის ეს - პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი თუ გულწრფელი სურვილი, აფხაზებს დაეხმაროს?

- კუსტურიცას არც აფხაზეთი ანაღვლებს და არც ე.წ. სამხრეთი ოსეთი, აგრძელებს იმას, რასაც ბოლო 25 წელია აკეთებს - ცდილობს რუსებსა და სერბებს თავი მოუქონოს. აკეთებს იმას, რასაც რუსები დაავალებენ.

იუგოსლავიის დაშლიდან 25 წელიწადი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ბალკანელებმა მშვენივრად გავიცანით, ვინ არის ის და რას წარმოადგენს... კუსტურიცა დაიბადა სარაევოში და იყო მუსლიმანი, აქტიურად ჩაება სარაევოს კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ როგორც კი სერბებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, მუსლიმანმა ბოსნიელმა კუსტურიცამ განაცხადა, რომ სერბია და სახელი შეიცვალა. ახლა ნემანია დაირქვა, სერბული სახელი. მთელი ომის განმავლობაში აცხადებდა, რომ მუსლიმანები უნდა გააძევონ სარაევოდან და საერთოდ, დედამიწის ამ კუთხეში მუსლიმანები არ უნდა არსებობდნენ. ის არის უღირსი და მორალური პრინციპების გარეშე მცხოვრები ადამიანი.

- რამდენად აქვს წონა მის განცხადებებს?

- კუსტურიცა მართავს კონცერტებს, სადაც ადიდებს სერბ სამხედრო დამნაშავეებს, გმირებს უწოდებს კარაჯიჩსა და მლადიჩს, ორ მონსტრს, რომელთაც ბოსნიაში სისხლის გუბეები დააყენეს და ახლა ჰააგის ტრიბუნალს არიან გადაცემული. ამართლებს მათ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას და რა წონაზეა ლაპარაკი?

- რეჟისორები სათქმელს ფილმებით ამბობენ, კუსტურიცა ამით არ კმაყოფილდება... რატომ?

- სერბეთში მისი ყველა პროექტი უპირობოდ ფინანსდება. ვამბობ, პროექტები-მეთქი, და არა მხოლოდ ფილმები. მას სერბებმა ორი ქალაქი გადასცეს. იქ ყველაფერი კუსტურიცასია - სასტუმროები, რესტორნები, კინოთეატრები... ამბობს, რომ ეს ქალაქები კულტურულ ცენტრად აქცია, მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა მომგებიანი ბიზნესი. ასე რომ, მან გვარიანად იხეირა.

- თბილისშიც აპირებდა კონცერტის გამართვას, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა და კონცერტი გადაიდო...

- არ უნდა მისცეთ კონცერტის გამართვის უფლება. თუ ოფიციალური თბილისი გადაწყვეტს, კონცერტი მაინც ჩაატაროს, მაშინ ქართველმა ხალხმა გამოუცხადოს ბოიკოტი. დაე, ჩამოვიდეს და გამართოს კონცერტი ცარიელ დარბაზში. ანანეთ ეს ნაბიჯი. არ იყიდოთ ბილეთები...

- ისეთებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

- პირველად კუსტურიცამ დაიწყო კულტურის პოლიტიკით გასვრა. თუ თვითონ ასე იქცევა, სხვებიც ასე უნდა მოექცნენ. პირველმა მან არ დაიწყო? ჩავიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, გააკეთა პროვოკაციული განცხადებები... დამიჯერეთ, მისი კონცერტის სანახავად 5 ევროს გადახდაც არ ღირს.

"იწყება ომი რუსეთთან და თქვენ აცხადებთ, რომ ქართველი კი არა, რუსი ხართ და ყველა ქართველი უნდა გააძევონ თბილისიდან... აი, ეს გააკეთა კუსტურიცამ"

ბერნარდ კარაკასი: - აი, შეხედეთ ამ სურათს - ემირ კუსტურიცა და ნელე კარალიჩი. 1985 წლიდან ზუსტად ომის დღემდე ორივე ბოსნიის ყველაზე პოპულარული ხელოვანები იყვნენ. როგორც კი დაიწყო ომი, კარალიჩმა განაცხადა, სერბი ვარო და ბელგრადში წავიდა. არავის არაფერი უთქვამს, რადგან ის მართლაც სერბი იყო. კუსტურიცამაც იგივე განაცხადა, მაგრამ ის ბოსნიელი მუსლიმანია, სარაევოში დაიბადა, გაიზარდა. ეს ყველამ იცოდა და ამიტომ არავინ აპატია. წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ ხართ თბილისელი, გაქვთ ქართული სახელი და გვარი, მთელი ცხოვრება თბილისში ცხოვრობთ, აქ მუშაობთ, გყავთ მეგობრები, ნათესავები და ა.შ. შემდეგ, ვთქვათ, იწყება ომი რუსეთთან და თქვენ აცხადებთ, რომ ქართველი კი არა, რუსი ხართ და ყველა ქართველი უნდა გააძევონ თბილისიდან. შეგიძლიათ რაიმე ასეთი წარმოიდგინოთ? აი, სწორედ ეს გააკეთა კუსტურიცამ. მან იფიქრა, რომ სერბები გადაუვლიდნენ ბოსნიელებსა და ხორვატებს, მაგრამ ბოსნიელებმა შეძლეს თავის დაცვა და დღეს კუსტურიცა მშობლიურ ქალაქში, სარაევოში, პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

ვაჟა თავბერიძე