ყინული დაიძრა?!
20-11-2017
ყინული დაიძრა?!
"დღეს სათამაშო ბიზნესის პროპაგანდა მიმდინარეობს შეუზღუდავად, უპასუხისმგებლო სარეკლამო კამპანიით"

გაზეთ "კვირის პალიტრაში" არ­აერთი სტატია დაიბეჭდა ლუდომანების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ტრაგედიების შესახებ. გაზეთის ფურცლებს ვუთმობდით აზარტული თამაშებით გამწარებულ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ, ხმა მთავრობისთვის მიეწვდინათ...

პატრიარქის ინიციატივით, სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში ერთმანეთს მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო და საერო პირები შეხვდნენ. ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილი, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების გამწარებული ახლობლების ხმა აღარ იყო "ხმა "მღაღადებელთა უდაბნოსა შინა..." მათ
ერი და ბერი უსმენდა და თანაუგრძნობდა. სწორედ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები და ეკლესია.

ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე:
"საგულისხმოა, რომ იქმნება ერთიან მოთამაშეთა ბაზა. ოჯახის წევრები შეძლებენ, მიმართონ სასამართლოს და თამაშზე დამოკიდებულ პირს ყველა ტიპის აზარტულ
თამაშში მონაწილეობა აეკრძალოს. კანონის ამოქმედებით ველოდებით, რომ მოხდება თამაშზე დამოკიდებულთა დისტანცირება, რომ მათ ხელი აღარ მიუწვდებოდეთ აზარტულ თამაშებზე. სამი წლის განმავლობაში ერთიანი ბაზა დაარეგულირებს პირის განრიდებას. ამავე კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული რეკლამირების შეზღუდვა. შეხვედრისას ამაზე მოგვცეს შენიშვნა და ჩვენ მზად ვართ, ეს შესწორება შევიტანოთ. დისტანცირების ვადაზეც შეიძლება მსჯელობა და ამ ვადის გაზრდაც."

გიორგი პაიჭაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "აზარტული ბიზნესის" წარმომადგენელი:
- დღეს სათამაშო ბიზნესის პროპაგანდა მიმდინარეობს შეუზღუდავად, უპასუხისმგებლო სარეკლამო კამპანიით. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ახალგაზრდებსა და მოზარდებს. საინტერესოა სათამაშო ობიექტების განლაგებაც - ბევრი ასეთი ობიექტი ფუნქციონირებს რელიგიურ დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ქართულ ინტერნეტსივრცეში იქმნება ახალ-ახალი ონლაინსათამაშო გვერდები, რომლებიც სწრაფ გამდიდრებას ჰპირდებიან ადამიანებს. მდგომარეობა სავალალოა და უფრო მძიმე სოციალურ გარემოს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შესვლა სლოტკლუბებში, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისა კი - სამორინეებში, ხშირად ეს აკრძალვა უგულებელყოფილია.

2016 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია "ესპადმა" საქართველოში ჩაატარა­ კვლევა, რომლის მიზანი იყო სკოლის ასაკის­ მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამო­კიდებულების განსაზღვრა. ირკვევა, რომ­ მამრობითი სქესის მოსწავლეთა 41%,­ და მდედრობითი სქესის მოსწავლეთა 16% თამაშობს აზარტულ თამაშებს. კითხვას: "როგორ გრძნობთ თავს, როცა ვერ თამაშობთ?" მოსწავლეთა თითქმის ნახევარმა უპასუხა: "ცუდ ხასიათზე ვდგები." ეს პასუხი"ნიშნავს, რომ ახალგაზრდა უკვე დამოკიდებულია თამაშზე. მოსწავლეთა 19% თამაშობს ინტერნეტით.

ქვეყანაში სიკვდილიანობა უსწრებს შობადობას, განქორწინება აღემატება ქორწინებას, გაზრდილია ძარცვა-ყაჩაღობის შემთხვევები. ამაში დიდია თამაშზე დამოკიდებულების წილი. როგორ ებრძვიან ამ სენს და როგორ გაუმკლავდნენ მეზობელი თუ სხვა ქვეყნები? 1998 წლიდან - თურქეთში, 2007 წლიდან კი - აზერბაიჯანში აიკრძალა აზარტული თამაშები. 2000 წლიდან სომხეთის სამ და რუსეთის მხოლოდ ოთხ რეგიონშია თამაშები დაშვებული. საქართველომ უნდა გაიზიაროს ევროპისა და აზიის გამოცდილება. უნდა იქმნებოდეს სამუშაო ადგილები და ადამიანებს ჰქონდეთ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული თამაშზე დამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია და მკურნალობა. უნდა გამარტივდეს განცხადების შეტანა სასამართლოში, ოჯახის წევრების მიერ ადამიანების შეყვანა მოთამაშეთა ერთიან სიაში და ეს უნდა გამორიცხავდეს ბიუროკრატიულ სირთულეებს.
2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში ერთობლივად შევიტანეთ პეტიცია, რომელიც გულისხმობდა აზარტული თამაშების ობიექტების მოქცევას ერთ გეოგრაფიულ არეალში, სადაც დაიშვებოდნენ საქართველოს მოქალაქე აზარტული მოთამაშეები, ინიციატივაში არც ეს არის ასახული.

მოარული აზრი, რომ სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული სოლიდური თანხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, სიმართლეს არ შეესაბამება. თუ გავითვალისწინებთ გაღატაკებული ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან გაღებულ სოციალურ დახმარებას, უსახლკაროთათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ დაქირავებული ბინების ხარჯს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ეკონომიკური დანაშაულისთვის დაპატიმრებულთათვის ასევე ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, სოლიდურ თანხას ვიღებთ. ეს გასავალია იმ შემოსავლიდან, რომელსაც ვიხდით ჩვენ - საზოგადოება და ბიზნესი.

სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე:
"იყო მოსაზრება, რომ ბიუჯეტში ამ ბიზნესიდან შემოსული შემოსავალი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ საპირისპირო დავამტკიცეთ: შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტიდან გასავალი. აზარტული თამაშები პირდაპირ დაკავშირებულია და მაპროვოცირებელი ეკონომიკური ტიპის დანაშაულის, ქურდობის, ყაჩაღობის, თაღლითობისა და ა.შ. დამატებითი პრობლემაა ამ გზით გაღატაკებული ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს სოციალურ დახმარებას იღებენ. შეგვიძლია, კანონპროექტს კიდევ გადავხედოთ, სამუშაო ჯგუფში ვიმსჯელოთ და გავითვალისწინოთ არასამთავრობო და საზოგადოებრივი სექტორის ინიციატივები".

თამარ ჯაფარიძე, მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ":
- შეხვედრა და მსჯელობა კანონპროექტზე წინ გადადგმული ნაბიჯია, აუცილებელია, კანონში აისახოს სათამაშო ობიექტებში პირის იდენტიფიცირების ვალდებულება და შემოსავლების მიხედვით ფსონების დადება. ჩვენი აზრით, თუ პირს არ აქვს წლიური შემოსავალი 50 000 ლარი მაინც, მას უნდა აეკრძალოს თამაში. მნიშვნელოვანია ყოველ ქუჩაზე სათამაშო ობიექტისა და ლომბარდის გაკონტროლება. სამწუხაროდ, ლომბარდში ნივთების ჩაბარება პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშეც შეიძლება.
კანონპროექტის მიხედვით, სამი წლის ვადით თამაშიდან განრიდება მიუღებელია. უპასუხოა კითხვა: ამ ადამიანს სამი წლის შემდეგ ჭაობში ვაბრუნებთ? თუ კანონში ეს ვადა დარჩება, მაშინ სახელმწიფომ უნდა შექმნას ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ადამიანებს უმკურნალებენ და ისინი გაჯანსაღებული დაუბრუნდებიან საზოგადოებას.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები