"თქვენ თამარ მეფე გყავდათ - ქალი მეფედ და არა დედოფლად!" - კვირის პალიტრა

"თქვენ თამარ მეფე გყავდათ - ქალი მეფედ და არა დედოფლად!"

"კვირის პალიტრის" არქივიდან

"საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ვაპირებ განაცხადის შეტანას. ეს არის ქვეყანა, რომლის ხალხსაც ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე, მაგალითად, ამერიკელებს - ორ-სამ სამსახურში მუშაობენ იმისთვის, რომ როგორმე თავი გაიტანონ, ყოველდღიურად სამხედრო აგრესიის შიშით ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ახერხებენ, უფრო მხნეები, პოზიტიურები და მომავლის რწმენით აღსავსენი იყვნენ"

"კარგავთ თუ არა ქართველობას? შესაძლოა, მცირედით. უფრო, ალბათ, ახალგაზრდა თაობა, რომელიც თავგამოდებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დასავლელი გამოჩნდეს"

ამერიკელი პოეტი ლინ კოფინი პირველია, ვინც "ვეფხისტყაოსანი" ლექსად თარგმნა ინგლისურად. შემდეგ იყო გალაკტიონი, სულ ბოლოს კი კოფინმა ბარათაშვილიც აამეტყველა ინგლისურად. პრემია "საბას" ლაურეატ მთარგმნელსა და პოეტს ქართულ ლიტერატურაზე, ქართველობასა და საქართველოზე ვესაუბრეთ:

- სანამ თქვენს წიგნებსა და თარგმანებზე გადავიდოდეთ, გვიამბეთ, როგორ აღმოაჩინეთ საქართველო და ქართული ლიტერატურა...

- საქართველო რვა წლის წინ აღმოვაჩინე. პროფესორმა გია ჯოხაძემ, რომელიც რუსი პოეტის, იოსიფ ბროდსკის სპეციალისტია, წერილი მომწერა. მე ბროდსკის თანაშემწე ვიყავი ორი წლის განმავლობაში და მასზე პატარა წიგნიც გამოვეცი. ჰოდა, გიამ წაიკითხა და მომწერა, აღფრთოვანებული ვარო, ისიც მითხრა, ქართველი რომ იყო და საქართველოზეც მომიყვა. შემომთავაზა, იქნებ ქართული პოეზიის თარგმნა გეცადაო და ჭავჭავაძის პატარა ლექსი გამომიგზავნა პწკარედად. იმ ღამესვე ვუთარგმნე, გავუგზავნე, წაიკითხა და მითხრა, საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეო. გიამ გამაცნო რუსთაველიც...

- და როგორ ჩაიარა გაცნობამ?

- ქართული პოეზიის ანთოლოგიის გამოცემა გადავწყვიტეთ ინგლისურ ენაზე და გიას ვკითხე, რომელი პოეტით უნდა დავიწყოთ-მეთქი... გაეცინა, რა თქმა უნდა, რუსთაველითო. ვკითხე, რუსთაველი ვინღაა-მეთქი, არასოდეს გამეგო მის შესახებ და მითხრა, XII საუკუნეში ცხოვრობდა და ბერი იყოო. მახსოვს, ვთქვი, კი მაგრამ, რად გვინდა XII საუკუნის ბერი, ეს ხომ საშინლად მოსაწყენი იქნება-მეთქი, გიამ მიპასუხა, შენ დაიწყე და პირობას გაძლევ, მოსაწყენად არ მოგეჩვენებაო. ყველაფერი მიამბო რუსთაველზე, მეც დავიწყე კითხვა და მალევე გავიაზრე, რომ ეს იყო გენიალური ნაწარმოები, რომელზეც მსოფლიოში თითქმის არავინ არაფერი იცოდა. მოვიძიე წინა თარგმანები, რადგან მინდოდა გამერკვია, არსებობდა თუ არა ისეთ დონეზე შესრულებული ინგლისური თარგმანი, როგორსაც ეს ნაწარმოები იმსახურებდა.

- და იპოვეთ?

- ვერა. ვიცი, რომ მარჯორი უორდროპი იყო პირველი, ვინც "ვეფხისტყაოსანი" თარგმნა და ისიც ვიცი, რამდენი კარგი რამ გააკეთეს და-ძმა უორდროპებმა საქართველოსთვის, მაგრამ... მისი თარგმანი პროზაულია, ჩემი კი შაირის ფორმისაა. ვფიქრობ, პროზაში "ვეფხისტყაოსნის" ხიბლი ნაწილობრივ იკარგება. თუ რუსთაველს მოთხრობასავით წაიკითხავთ, შეიძლება ვერც გაიგოთ. თარგმანს თითქმის სამი წელი მოვანდომე. ყველაზე რთული მაინც რითმების მოძებნა იყო. ინგლისურს უფრო მეტი სიტყვები აქვს, ვიდრე ქართულს, მაგრამ გაცილებით ნაკლები რითმა. ასე რომ, გარითმვა ძალიან რთული იყო.

- შემდეგ თარგმნეთ გალაკტიონიც და სულ ახლახან, ბარათაშვილიც... როგორ შეაფასებთ მათ, როგორც პოეტებს?

- მომეწონა ბარათაშვილის ლექსები, მაგრამ ვიტყოდი, რომ გალაკტიონამდე ვერ მივა. თავისთავად, ვერც რუსთაველამდე. რუსთაველს მხოლოდ შექსპირი თუ გაუტოლდება. ბარათაშვილზე იმას დავამატებ, რომ მისი ახალგაზრდობის ფონზე, ნამდვილად ბრწყინვალე ტალანტთან გვქონდა საქმე და ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე დიდებული ლექსების დაწერა მოასწრო.

- სხვა თემებზეც გადავიდეთ. დღეს საკმაოდ ადვილია იპოვო უცხოელი ანალიტიკოსები, რომლებიც კავკასიისა და კონკრეტულად, საქართველოს ექსპერტებად თვლიან თავს. მაგრამ მეეჭვება ამ ე.წ. ექსპერტებიდან რომელიმემ დაიკვეხნოს, რომ თქვენსავით იცოდეს, რა არის საქართველო, ქართველობა, ქართველი ხალხი და ა.შ. მაინც როგორია ლინ კოფინის მიერ დანახული საქართველო?

- გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ვაპირებ განაცხადის შეტანას. ეს არის ქვეყანა, რომლის ხალხსაც ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე, მაგალითად, ამერიკელებს - ორ-სამ სამსახურში მუშაობენ იმისთვის, რომ როგორმე თავი გაიტანონ, ყოველდღიურად სამხედრო აგრესიის შიშით ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ახერხებენ, უფრო მხნეები, პოზიტიურები და მომავლის რწმენით აღსავსენი იყვნენ, ვიდრე ამერიკელები. ამას გარდა, ქართველებმა იციან, როგორ გაატარონ დრო, ეს კი, დამიჯერეთ, ყველა ერმა არ იცის - თქვენ გაქვთ სუფრა, ღვინო, სიმღერები, ცეკვები, მეგობრობა, სითბო... ერთხელ ინტერვიუში მთხოვეს, სამი სიტყვით დამეხასიათებინა ქართველები. თქვენ გაქვთ სიტყვა, რომელიც სტუმრების სიყვარულს ნიშნავს და მე ქართულად ვერ ვამბობ...

- სტუმართმოყვარე.

- კი... სტუმართმოყვარეობა ამერიკელებსაც გვაქვს, მაგრამ თქვენ ხართ არა მხოლოდ სტუმრების, არამედ კულტურის, ლიტერატურის, მუსიკის მოყვარული ერი. აიღეთ ძეგლები თბილისში - თქვენ გიდგათ არა მხოლოდ მხედართმთავრების, არამედ ბალეტის მოცეკვავეების, მუსიკოსებისა და რეჟისორების ქანდაკებები. ამას ამერიკაში ვერსად იპოვი. ჩვენთან ყველა ძეგლი სამხედროსია - ცხენებზე ამხედრებული ხალხი, შემართული ხმლებით... ქართველები საოცრად დიდსულოვანი ხალხი ხართ. ამას ყველა დაეთანხმება, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში. და მესამე - ყველგან აგვიანებთ. დროის შეგრძნების განსაკუთრებული მეთოდი გაქვთ, ცოტათი მექსიკელებს ჰგავხართ ამით. და საერთოდ არ განაღვლებთ ეს ამბავი, მეტიც, გიკვირთ ხოლმე, როდესაც ვინმე უკმაყოფილოა ამის გამო. ჯერ პარასკევს დათქვამთ რამეს, მერე შაბათისთვის გადადებთ, მერე კვირისთვის და ასე შემდეგ. ამერიკელებისთვის ეს ცოტა ნერვების ამშლელია, რადგან ჩვენთან, როგორც წესი, არავინ იგვიანებს.

- საქართველოში ეროვნული სიამაყე ხშირად პოლიტიკურ რაციონალიზმს ჯაბნის. მაგალითად, გვაქვს ასეთი გამოთქმა, რომელსაც ამერიკელებზე სახუმაროდ ვიყენებთ, ამერიკის ხნის პაპაჩემს მუხა ან მსხალი უდგას ეზოში და მაგათ რა უნდა გვასწავლონო...

- სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ, რასაც დღეს ამერიკა მსოფლიოს ასწავლის, მგონი, ჯობს, მართლაც არ ისწავლოთ. არის რაღაც, რაშიც ამერიკა საქართველოს ვერ შეედრება - ეს რაღაც კი, ეთიკური, პოლიტიკური, კულტურული და ტრადიციული იდენტობაა. შედარებაც კი უხერხულია - ამერიკა ასობით სხვადასხვა ჯგუფის ერთიანობაა. ასე რომ, ცოტათი მშურს ქართველებისა და მათი ტრადიციების. კარგავთ თუ არა ქართველობას? შესაძლოა, მცირედით. უფრო, ალბათ, ახალგაზრდა თაობა, რომელიც თავგამოდებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დასავლელი გამოჩნდეს. მაგალითად, მომისმენია ახალგაზრდების საუბარი, რომ სუფრა დრომოჭმული ტრადიციაა და რატომ უნდა გვქონდეს და ასე შემდეგ...

- კიდევ ერთი შეკითხვა მქონდა "ვეფხისტყაოსანზე" და გადამავიწყდა, მეკითხა... როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ვასწავლიდეთ "ვეფხისტყაოსანს" სკოლებში?

- "ვეფხისტყაოსანზე" უამრავი შეკითხვა დაუსვამთ, მაგრამ ეს პირველად მესმის. ძალიან კარგი შეკითხვაა. მასწავლებლებს ვურჩევდი, საკუთარ თავს ჰკითხონ, "ვეფხისტყაოსანი" რატომ უყვართ და შემდეგ ეცადონ, ეს სიყვარული მოსწავლეებს გაუზიარონ. როგორც ვიცი, დღეს "ვეფხისტყაოსნის" სწავლებისას აქცენტი დაზეპირებაზე კეთდება და ვფიქრობ, ეს არ არის სწორი მიდგომა. მოსწავლეებს წინააღმდეგობის გრძნობა უჩნდებათ, შეიძლება შესძულდეთ კიდეც წიგნი, მერე კი გაიზრდებიან და ემახსოვრებათ საზეპიროები, მაგრამ არ ეყვარებათ ნაწარმოები, "ვეფხისტყაოსანი" მათთვის, უპირველესად, ასოცირებული იქნება იმ ტანჯვა-წვალებასთან, რაც მის დაზეპირებას შეალიეს. ამიტომ ბევრს უკვირს, როცა ვეუბნები, რომ რუსთაველი მიყვარს. "ვეფხისტყაოსანი" სიყვარულით უნდა ასწავლოთ. დასავლელობაზე გამახსენდა - "ვეფხისტყაოსანში" მამაკაცები მგრძნობიარეები არიან, სენტიმენტალურები, ზოგჯერ ტირიან კიდეც, ქალები კი კაცებივით ვაჟკაცები...

- და ეს ყველაფერი ხდება შუა საუკუნეებში, ბევრად ადრე, ვიდრე რომელიმე ევროპელი ავტორი გენდერული თანასწორობის სიკეთეებზე დაიწყებდა საუბარს.

- რა გიკვირთ, თქვენ ხომ თამარ მეფე გყავდათ! ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა, ქალი მეფედ და არა დედოფლად! მოკლედ, ვფიქრობ, ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ რუსთაველი გიყვარდეს, მისი იუმორი, რომანტიზმი, აფორიზმები... დიდებული, დიდებული წიგნია.

- კი ბატონო. ვიცი, რომ დღეს ღამით შტატებში მიფრინავთ და სასიამოვნო ფრენას გისურვებთ. თქვენ რას უსურვებდით საქართველოს მორიგ ვიზიტამდე?

- ყველაფერ კარგს. ვიმედოვნებ, რომ ეკონომიკური სიტუაცია ცოტათი მაინც გამოსწორდება, რადგან იმ ტაქსის მძღოლების უმეტესობა, რომელთაც მე ვხვდები, არიან ქიმიკოსები, ინჟინრები, ფილოლოგები და ჯარისკაცებიც კი... რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ტაქსის მძღოლობა სათაკილოა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საკუთარი პროფესიით იმუშაონ. კიდევ, იმედი მაქვს, რომ როცა დავბრუნდები, საქართველოს მოქალაქეობას მომცემთ, გამონაკლისის სახით.

კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მინდა გამოსწორდეს: საქართველოში უკვე ყველგან გვხვდება ინგლისური ენა, ბიზნესმიმოწერა იქნება თუ რესტორნის მენიუ, მაგრამ ვაი, ასეთ ინგლისურს. გეხვეწებით, წააკითხეთ თქვენი ნაწერი ადამიანს, რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა. არავინ გთხოვთ, ინგლისურად უაქცენტოდ ისაუბროთ, მაგრამ როდესაც რაიმე ორგანიზაციას წარმოადგენთ და თქვენი საქმიანი წერილი გრამატიკული შეცდომებითაა სავსე, ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს, თქვენზეც და თქვენს ორგანიზაციაზეც.

ვაჟა თავბერიძე