"გვიყვარს სვანებს ფრენა..."
30-11-2017
"გვიყვარს სვანებს ფრენა..."
"პატრიარქი უშგულში წმინდა ლამარიას ეკლესიასთან ჩამოჯდა ქვაზე და უყურებდა ადგილს, სადაც ფუთა დადეშქელიანი მოკლეს - ბალსქვევითა სვანეთის ბატონი.­ პატრიარქმა დაგვიძახა, მოდით, შვილებო, გვერდში დამიდექითო. დავიწყე მოყოლა, როგორ მოკლეს სვანებმა ბატონი - ერთ სვანს რომ არ დაჰბრალებოდა, მთელმა უშგულმა­ თოფზე თოკი მიაბა და ყველამ ერთად გამოსწია ჩახმახი, მთელმა სოფელმა მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ სვანეთი უბატონო ყოფილიყო. ვიცი, შვილო, ყველაფერი ვიცი, ამიტომ ვუყურებდი იმ ადგილსო, მომიგო პატრიარქმა..."

ამ ადამიანმა 35 წელი ცაში
გაატარა... აქედან 25 წელი - ძალოვანი სტრუქტურის სამსახურში. მისი სახელი, რამდენიმე ღვაწლმოსილ ადამიანთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების შექმნა-გაძლიერებას უკავშირდება. "როცა მთელი ცხოვრება დაფრინავ, ძალზე მტკივნეულია, ფრენას რომ აგიკრძალავენ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ცას მოგვწყვიტეს და დაბლა ჩამოგვსვეს. ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა... დათხოვნილი მფრინავები
დღეს აფრიკაში დაფრინავენ... ჩემს ქვეყანას თუ დასჭირდა, სანამ პირში სული მიდგას,­ ყოველთვის მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო"
, - ამბობს ჩვენთან საუბარში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი ფრიდონ­ ფალიანი­ და თავისი პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს.

ასე დაიწყო ყველაფერი...

- ბიძები მყავდა მფრინავები და მეც მათ გზას გავყევი. მესტიის საშუალო სკოლა 1975 წელს დავამთავრე, ორი წელი ვიმუშავე და შემდეგ უკრაინაში, კრემენჩუგის საავიაციო სასწავლებელში ჩავაბარე. მისი დამთავრების შემდეგ სოხუმში გამანაწილეს,­ სადაც ცხრა წელი ვიმუშავე მფრინავად. ერთი კარგი მეგობარი მყავდა, დოსააფის უფროსი ამირან მესტვირიშვილი. მთხოვა, მხარში დავდგომოდი და შსს-ს შინაგანი ჯარების ესკადრილია ჩამოგვეყალიბებინა. 1991 წელს ჩამოვაყალიბეთ კიდეც... შს მინისტრი იმ დროს დილარ­ ხაბულიანი გახლდათ, შინაგანი ჯარების სარდალი კი პოლკოვნიკი ჭელიძე. იმხანად ჩვენს ბალანსზე იყო ერთი თვითმფრინავი და 4 შვეულმფრენი, აქედან დაიწყო ძალოვან სტრუქტურაში ჩემი სამსახური. მერე აფხაზეთის ომიც დაიწყო... დავალებული გვქონდა, მოსახლეობისთვის პროდუქტი და ჯარისთვის ტყვია-წამალი მიგვეწოდებინა, რეგულარულად დავფრინავდით თბილისიდან სოხუმამდე. ერთი თვითმფრინავი გვყავდა, დაჭრილების გამოყვანაც გვიწევდა. ომის დამთავრებამდე აფხაზეთში ვიყავი.

ტკივილიანი რეისი...

სოხუმის დაცემამდე მე და ელგუჯა დემეტრაშვილს (შინაგანი ჯარების მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი) დაგვავალეს ედუარდ შევარდნაძისთვის სოხუმში საჰაერო რაცია­ მიგვეწოდებინა. 25 სექტემბერს კეისი ჩავიტანეთ და ზღვაზე მოგვიწია ფრენამ. ზღვის ზედაპირიდან 1,5 მეტრზე მივფრინავდით. 26-ში უკან გამოვბრუნდით. 27 სექტემბერს კიდევ გვიწევდა რეისი, მაგრამ მოვიდა ცნობა, რომ სოხუმი დაეცა...

სოხუმში ბევრი მეგობარი დავკარგეთ. წლების მერე ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე დაღუპულ მფრინავთა მემორიალი დავდგით. ამის შემდეგ კოპიტნარის საავიაციო ბაზაზეც გაკეთდა ასეთი მემორიალი...ჩვენი ესკადრილია ცხინვალის ომშიც თავდაუზოგავად მონაწილეობდა.

სოხუმი როცა დაეცა, იმ საღამოს სამღვდელოება გადმოვიყვანეთ, ვერტმფრენის­ კაბინაში მამა დანიელმა სახელები გვკითხა. ფრიდონი-მეთქი, ბორტის ინჟინერი ავთანდილი მყავდა და ჩვენი სახელების გაგონებაზე გაგვეხუმრა, არ მითხრათ ახლა მესამეზე, ტარიელი ჰქვიაო. ეს რეისი ძალიან ამაღელვებელი და ტკივილიანი იყო
...

3 ბედნიერი დღე

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და საპატიო მისია 1994-95 წლებში შესრულდა, როცა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში 3 დღე ვატარე პატრიარქი. მისი უწმინდესობა უშგულშიც ავიყვანეთ... იმ სამი დღის განმავლობაში უზარმაზარი ენერგიით და სითბოთი აგვავსო. უშგულში წმინდა ლამარიას ეკლესიასთან ჩამოჯდა ქვაზე და უყურებდა ადგილს, სადაც ფუთა დადეშქელიანი მოკლეს - ბალსქვევითა სვანეთის ბატონი.­ პატრიარქმა დაგვიძახა, მოდით, შვილებო, გვერდში დამიდექითო. დავიწყე მოყოლა, როგორ მოკლეს სვანებმა ბატონი - ერთ სვანს რომ არ დაჰბრალებოდა, მთელმა უშგულმა­ თოფზე თოკი მიაბა და ყველამ ერთად გამოსწია ჩახმახი, მთელმა სოფელმა მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ სვანეთი უბატონო ყოფილიყო. ვიცი, შვილო, ყველაფერი ვიცი, ამიტომ ვუყურებდი იმ ადგილსო, მომიგო პატრიარქმა.

რისკიანი ოპერაცია
თავდაცვის სამინისტროდან მოვიდა ცნობა, რომ უკრაინელი ტურისტები დაიკარგნენ და მესტიაში უნდა გავფრენილ­იყავით. 2015 წელი იყო. ცუდი ამინდი იდგა. გავფრინდით მთებში... არაფერი ჩანდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ვნახეთ დასაფრენი ადგილი. უშბაზე დაღუპულიყვნენ ტურისტები. ნახევარი საათი ვეკიდეთ ჰაერში - ზღვის დონიდან 3900 მეტრზე, დაიწყო ჰაერის უკმარისობა, ოთხივეს ცხედარი ამოვიყვანეთ...
მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა, კოდორის ხეობაში კვირაში სამჯერ მაინც გვიწევდა ჩაფრენა, ბევრი სამუშაო ჩავატარეთ, ლტოლვილები გამოგვყავდა. დაძაბული საქმიანობის მიუხედავად, სახალისო მომენტებიც გვქონია... ერთხელაც, ღამის ფრენისას ერთი ადამიანი ვერ დაეტია ვერტმფრენში, ადგილი აღარ იყო და შევპირდი, ხვალ ჩამოვალთ და წაგიყვან-მეთქი. ავფრინდით და შვეულმფრენის ფანჯარა გავაღე, გავიხედე და რას ვხედავ, კაცი ბორბალზეა შემომჯდარი. დავუძახე, რას აკეთებ, ძია-მეთქი და მიპასუხა, რა ვქნა, შვილო, შიგნით არ იყო ჩემი ადგილი და აქ ვიჯდებიო.

"ცას მოგვწყვიტეს..."

37 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს, ასევე უამრავი მედალი და საპატიო სიგელი... ყველა საამაყოა ჩემთვის. მფრინავისთვის ფრენა მეორე სუნთქვაა, სიცოცხლის აზრი. როცა ბავშვობიდან ფრენაზე ოცნებობ, მერე მთელი ცხოვრება დაფრინავ და ახლაც შეგიძლია ქვეყანას გამოადგე, მაგრამ ფრენას გიკრძალავენ, მტკივნეულია. ცას მოგვწყვიტეს და დაბლა ჩამოგვსვეს. ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა. გასულ წელს თავდაცვის სამინისტროდან ბევრი მფრინავი დაითხოვეს, მათ შორის მეც.
პრობლემა ბევრია - არ არის საფრენი აპარატები და მფრინავის ოსტატობაც იკარგება. სამსახურიდან დათხოვნილი მფრინავები­ დღეს საზღვარგარეთ არიან, აფრიკაში ფრენენ. სოსო ოსორაულმაც ჩვენთან გაიარა კურსი. ისიც გაუშვეს, ამიტომ დაიწყო ფრენა აფრიკაში. ჩვენი მფრინავები აქ არ დააფასეს და იძულებულნი გახდნენ, ლუკმაპურის საშოვნელად, ოჯახების გადასარჩენად აფრიკაში ეფრინათ. სოსო რომ არ გაეშვათ, ეს უბედურებაც არ შეემთხვეოდა. იმედი მაქვს, ცოცხალია... მე 58 წლის ვიყავი, როცა სამსახურიდან გამიშვეს, მაგრამ ზოგი 40-ისაც არ იყო...

"სანამ პირში სული მიდგას, მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო ქვეყანას"


გვიყვარს სვანებს ფრენა... სსრკ-ის დროს, მარტო ქუთაისის ავიარაზმის მფრინავების 100%-ს მხოლოდ სვანები შეადგენდნენ. მიხარია, როცა შვილები მამების კვალს მიჰყვებიან. სამწუხაროდ, ჩემმა ვაჟებმა მფრინავობას იურისტობა არჩიეს.
დღესდღეობით პენსიაზე ვარ, მეურნეობას მივდევ. მეამაყება ჩემი განვლილი გზა და მინდა შვილებმაც იამაყონ მამით, მე კი ისინი მეამაყებოდნენ. საქართველოში დავრჩი და ჩემს ქვეყანას თუ დასჭირდა, სანამ პირში სული მიდგას, ყოველთვის მზად ვარ, თავდაუზოგავად ვემსახურო მას.

ნანა ფიცხელაური
123
01 დეკემბერი 2017 13:59
ეს ადამიანები კი არ უნდა გაუშვა,უნდა დატოვო რომ მომავალი თაობა აღზარდოს,გამოცდილება გაუზიაროს.ყველაფერში რომ უტვინოდ ვიქცევით და წინდაუხედავად,იმიტომ გვაქვს ასეთი ქვეყანაც.
malkhaz jobava
30 ნოემბერი 2017 20:32
იცით თუ არა რომ, ამ ღვაწლმოსილ ადამიანს,თადარიგის ვიცე პოლკოვნიკს,ომისა და სამხედრო ძალაბის ვეტერანს,როგორც ყველას საქართველოში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამარცხვინო 28 ლარი რომ გვაქვს სამხედრო პენსია. სირცხვილია უბრალოდ ოცდაოთხი წლის მანძილზე,სამი მთავრობის გამოცვლის მიუხედავად, 28 ლარი იყოს ჩვენი პენსია და ჩვენს მიერ,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მიერ,კბილებით მოტანილ სახელწიფოში, ჩინოვნიკები 100 000 ლარზე მეტს ირებდნენ, პრემია დანამატებს წლის განმავლობაში.
malkhaz jobava
30 ნოემბერი 2017 18:18
იცით თუ არა რომ, ამ ღვაწლმოსილ ადამიანს,თადარიგის ვიცე პოლკოვნიკს,ომისა და სამხედრო ძალაბის ვეტერანს,როგორც ყველას საქართველოში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამარცხვინო 28 ლარი რომ გვაქვს სამხედრო პენსია. სირცხვილია უბრალოდ ოცდაოთხი წლის მანძილზე,სამი მთავრობის გამოცვლის მიუხედავად, 28 ლარი იყოს ჩვენი პენსია და ჩვენს მიერ,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მიერ,კბილებით მოტანილ სახელწიფოში, ჩინოვნიკები 100 000 ლარზე მეტს ირებდნენ, პრემია დანამატებს წლის განმავლობაში.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები