"ერთხელ ბატონ ედუარდს საცივი გადავასხი კოსტიუმზე" - პრეზიდენტის მზარეული
08-12-2017
"ერთხელ ბატონ ედუარდს საცივი გადავასხი კოსტიუმზე" - პრეზიდენტის მზარეული
"მახ­სოვს­, როდესაც შევარდნაძეს პირველად შევხვდი, კიკინები მეკეთა, ზედ თეთრი ბაფთებით. გადმოვიდა "ჩაიკიდან" და რომ დამინახა, როგორი პიონერი მოგიყვანიათო, თქვა. შემრცხვა და ტირილი დავიწყე. რა გატირებსო, გამიცინა..."

თბილისში დაბადებული კაროლინა ვენდტი დღეს გიდია - ტურისტებს საქა­რ­თველოს ისტორიას, ტრა­დი­ციებსა და კულტურას აცნობს. ცდილობს, მათთვის ქართული დღეები დაუვიწყარი გახადოს. გიდობამდე ბორტგამცილებლად მუშაობდა, უფრო ადრე, ედუარდ შევარდნაძის მზარეული იყო.

- 15 წლისამ კრწანისში, სამთავრობო აგარაკზე, ედუარდ შევარდნაძესთან დავიწყე მუშაობა.

- როგორ მოხვდით ამ სამსახურში?

- კულინარიულ ტექნიკუმში სწავლისას მინისტრთა საბჭოდან მოვიდა დელეგაცია და 25 სტუდენტი შეარჩია. მე, როგორ ფრიადოსანი, მათ შორის მოვხვდი. დიდი კონკურსი გავიარეთ, შემდეგ ჟიურიმ­ ხუთი სტუდენტი შეგვარჩია და დაგვტოვეს. რადგან არასრულწლოვანი ვიყავი და მუშაობის უფლება არ მქონდა, ყალბი პასპორტი მომცეს.

- იცოდით, ვისთან მიჰყავდით სამუშაოდ?

-
კონკურსის დროს გაგვაფრთხილეს, რომ მინისტრთა საბჭოში მივყავდით, შემდეგ კი გამოგვიცხადეს, რომ ცენტრალური­ კომიტეტის პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძესთან მოგვიწევდა მუშაობა. ბავშვები ვიყავით და არც კი გვქონდა გააზრებული, რა პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა.
ლამაზი ფორმები დაგვირიგეს, მახ­სოვს­, როდესაც შევარდნაძეს პირველად შევხვდი, კიკინები მეკეთა, ზედ თეთრი ბაფთებით. გადმოვიდა "ჩაიკიდან" და რომ დამინახა, როგორი პიონერი მოგიყვანიათო, თქვა. შემრცხვა და ტირილი დავიწყე. რა გატირებსო, გამიცინა... ერთხელ ბატონ ედუარდს შემთხვევით საცივი გადავასხი კოსტიუმზე. მაშინაც მოვრთე ტირილი, მან კი სიცილი დაიწყო, რა მტირალა ყოფილხარო.

დიდ ბანკეტებზე დამხმარედ რესტორნის კოლექტივი მოჰყავდათ, სხვა დროს მცირე ჯგუფი ვმუშაობდით, მზარეულებიც ჩვენ ვიყავით, მებუფეტეებიც, ოფიციანტებიც და მრეცხავებიც. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მენიუთი დაწყებული, ყველაფერს ვათანხმებდით.

ბატონ ედუარდს მუქი ჩაი უყვარდა, ლიმონისა და შაქრის გარეშე. გამჭვირვალე ჭიქას ყოველთვის ლამაზი ვერცხლის ჩასადგამით მივართმევდი ხოლმე. ქალბატონი ნანული ძალიან თავდაჭერილი ქალი იყო.
ხუთი წლის შემდეგ ბორტგამცილებლ­ად დავიწყე მუშაობა და რადგან ცნობილი გახდა, რომ ბატონ ედუარდთან ვმუშაობდი, როდესაც შევარდნაძე სადმე მიფრინავდა, მის ბორტგამცილებლად მე მიშვებდნენ. როცა დამინახავდა, მეხუმრებოდა, იმედია, აღარაფერს გადამასხამო. სალმიანი, გულისხმიერი, მოღიმარი კაცი იყო. არ მახსოვს, ვინმესთვის შენიშვნა მიეცა ან გასწყრომოდა, ან სამსახურიდან მოეხსნა.

- ბორტგამცილებლობა რატომ აღარ მოინდომეთ?

- 1991 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წამოვედი სამსახურიდან, აღარ მინდოდა ფრენა, სამჯერ კინაღამ ამოვიბუგეთ. კონდიცირების სისტემა გამოდიოდა მწყობრიდან, მაგრამ კვალიფიციური მუშაკები გვყავდა და დროულად ახერხებდნენ თვითმფრინავის დასმას. შიშები დამეწყო. თუ გეშინია, აღარ უნდა იფრინოო, მითხრეს და მეც წამოვედი.
შემდეგ უკვე ნატალია და რამაზ ჩხიკვაძეებთან სასტუმრო "ვილა ბერიკაში" მზარეულად დავიწყე მუშაობა. ერთი ოჯახივით ვიყავით.

ყველას ძალიან გვიყვარდა ეს წყვილი, გიჟური სიყვარული აკავშირებდათ. რამაზს მოხარშული კარტოფილი და ფაფა უყვარდა, ქალბატონი ნატაშა კი ჩემს გამომცხვარ ღვეზელზე ჭკუას კარგავდა.

მათი გარდაცვალების შემდეგ, საერთაშორისო ასოციაციის გიდების სკოლა დავამთავრე. ახლა ძველ თბილისში, მცხეთაში, კახეთში, ბორჯომსა და ყაზბეგში ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტები დამყავს. მიხარია, როცა მეუბნებიან, მოგვაჯადოვა საქართველომ, აქ გატარებული დღეები დაუვიწყარი იქნებაო. თუ კულინარიაში მასტერკლასებსაც ვუტარებ - ხინკალს მოვახვევინებ ან ჩურჩხელას ამოვავლებინებ, ბავშვებივით ხარობენ.

- რა არ მოსწონთ, ან პრობლემებს თუ აწყდებიან ტურისტები ჩვენთან?

- სადაც წახვალ, ყველგან პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ყრია. მტკვარი ნაგავს მიაქვს. ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობაა. რამდენიმე კაცს ხანდახან მაღაზიებში უშვებენ, მაგრამ, როცა 25-კაციანი ჯგუფი მყავს,­ სად შევიყვანო?!

კიდევ ერთი პრობლემა ტაქსისტებია,­ გიდებიც ისინი არიან... ცნობილი ამბავია: ტურისტებმა ტაქსის მძღოლს სთხოვეს სვეტიცხოველში წაყვანა, შემდეგ ბაგრატის ტაძარი და სათაფლია უნდა ენახებინა. მან კი ჯვარზე აიყვანა და უთხრა, ეს არის სვეტიცხოველიო, შემდეგ კარგა ხანს ატარა და სვეტიცხოველში მიიყვანა, ეს ბაგრატის ტაძარიაო. მათ კი, უღელტეხილი არ გაგვივლია, ქუთაისში არ ჩავსულვართ და როგორ ვართ ბაგრატის ტაძარშიო. მძღოლს უთქვამს, შემოვლითი გზით მოგიყვანეთო. ტურისტებმა პატრულს მიმართეს და მძღოლი მკაცრად დაისაჯა.

ამას წინათ "ქართვლის დედასთან" მივიყვანე ჯგუფი. ერთი ტურისტი მეკითხება, ვისი ძეგლიაო? ის იყო, პირი გავაღე და ტაქსისტმა დამასწრო, თამარ მეფეაო. ეს "ქართვლის დედაა", მტერს ხმლით ხვდება, მოყვარეს კი ღვინით სავსე თასით-მეთქი. ტაქსის მძღოლმა კი - რა სისულელეებს ამბობ, თამარ მეფეაო...

თბილისში დავიბადე. წარმოშობით პოლონელი ვარ... ბაბუა თბილისში დაფუძნდა. სახელოსნო გაუხსნია, ფორტეპიანოებს აწყობდა. მე და ჩემი ორი ძმა აქ დავიბადეთ. მიყვარს საქართველო. ჩემთვის მშობლიურია ქართული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ისტორია. მეუღლეც ქართველი მყავს. სულით ხორცამდე თბილისელი ვარ.


ეკა სალაღაია
alexandre
09 დეკემბერი 2017 22:35
ეს რა დაწერა: სალმიანი, გულისხმიერი, მოღიმარი კაცი იყო. არ მახსოვს, ვინმესთვის შენიშვნა მიეცა ან გასწყრომოდა, ან სამსახურიდან მოეხსნა.
2 ჯერ გახდა საქართველოს პირველი პირი. პირველად კომუნისტების და კომკავშირლების სისხლისღრით მოვიდა (არ იფიქროთ რომ მტრებად აღიქვამდა, პირიქით - ისინი დახვრიტა, ვინც მისი აზრით კომუნისტუუმცა 1 ნაღდია - ვისთანაც ახლოს იყო, ყველა მისი თაყვანისმცემელი ხდებოდა, ყველას ნუსხავდა - ღიმილით, შIნაგანი ძალით; მაგრამ ვაი იმას, ვინც წინ დაუდგებოდა...
კერი
09 დეკემბერი 2017 20:18
რუსოს - ნატოც ძალიან ახალგაზრდა იყო ბატონი ედუარდისაგან ინტერვიუებს რომ იღებდა.
xyz
09 დეკემბერი 2017 16:14
რატომ მდუღარე არ გადასხი თავზე, რომ ბევრი უბედურება ასცდებოდა საქართველოს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები