"ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული" - რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს - კვირის პალიტრა

"ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული" - რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს

"იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი"

ნელ, მშიერ და სუსხიან 90-იანებში საზოგადოების გაღიმებას გადაცემა "პა-სეანსი" და მისი გმირები მაინც ახერხებდნენ. კორუფცია, ძველბიჭობა, ეკონომიკური პრობლემები - ეს "პა-სეანსის" გადაცემების თემათა მოკლე ჩამონათვალია... გავიდა ხანი და წლებთან ერთად "პა-სეანსის" გმირებიც გაქრნენ ეკრანიდან. საინტერესოა, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ დღეს ისინი.

"ბოლო ორი წელია ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული"

ლევან ლელაშვილი: - პასეანსელები პოლიტექნიკურის სტუდენტები ვიყავით. თავდაპირველად სტუდენტთა მოყვარულ თეატრ "მოდი-ნახეში" ვთამაშობდით. "პა-სეანსის" ავტორი და რეჟისორი მამუკა ღლონტიც ჩვენთან სწავლობდა, იცოდა, ვინ რისი გამკეთებელი ვიყავით და როდესაც მე-2 არხზე პაროდიული გადაცემის გაკეთება ჩაიფიქრა, დაგვიძახა. პირველი გადაცემა 1992 წლის აპრილში გავიდა, ცოტა ხანში უკვე ყველა გვცნობდა. ცხრა წელი ვიყავით ეთერში. მერე ყველაფერი დამთავრდა და ჩვენც დავიქსაქსეთ. ერთხანს ძველ "იბერიაში" მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი, რამდენიმე გადაცემაც გავაკეთე. შემდეგში მე და ირაკლი ფრანგიშვილს "იმედის დილაში" გვქონდა იუმორისტული რუბრიკა, მერე ლოტო მიმყავდა. ბოლო ორი წელია ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული. სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩვენი მინისტრები ამბობენ, თვითდასაქმებული ვარ.

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სატელევიზიო პროექტში, მაგრამ..."

ალეკო თეთრაშვილი: - "პა-სენსში" ინსტიტუტიდან მოვხვდი. სინჯებზე მივედი და ამიყვანეს. ასე გავხდი მათე მელიავა - კაცი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა ეკონომიკის გარდა. კიდევ ბევრი როლი განვასახიერე, მაგრამ რატომღაც "მერვეკლასელო" აიტაცეს განსაკუთრებით, კარგი კლიპებიც გადავიღეთ.

ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რომელიმე სატელევიზიო პროექტში, მაგრამ... შარშან სერიალ=""მზარეულებში" ვითამაშე შეფ-მზარეულის როლი. "პა-სეანსი" ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, თქვენი იუმორი გვენატრებაო, მთხოვენ ავტოგრაფს და სამახსოვროდ სელფებს იღებენ.

"პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ..."

ირინა შაყულაშვილი: - "პა-სეანსის" მერე ავეჯის სალონ "ბელუქსში" ვმუშაობდი. მერე დედა გავხდი. შემოთავაზება ტელევიზიიდან აღარ მქონია. "პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ...

"შემოვრჩი ამერიკას ჰოლივუდის გარეშე"

ცუცა კაპანაძე: - 12 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. არც ერთმა არხმა არ ისურვა, რომ "პა-სეანსი""ეკრანს დაჰბრუნებოდა. მანამდე ამერიკაში რამდენჯერმე გასტროლებზე ვიყავი ნამყოფი თეატრ-სტუდია "მოდი-ნახესთან" ერთად. მეგობრებმა მირჩიეს, კარგი საბუთები გაქვს, დროა, რომ მწვანე ბარათის გაკეთებაზე იზრუნოო. ამერიკიდან "პა-სეანსის" ბიჭებს სულ ვუკავშირდებოდი, იქნებ რაღაც აღვადგინოთ, დაელაპარაკეთ სხვადასხვა პროექტის ხელმძღვანელებს-მეთქი. ხვდებოდნენ, მაგრამ... ბოლოს კი შემომითვალეს, ცუცა, დაივიწყე, სადაც ხარ, იქ იყავიო. ჰოდა, უდიპლომო სასიძოში რომაა, "ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო სიძედო", ისე შევრჩი ამერიკას მეც, ჯერჯერობით ჰოლივუდის გარეშე, მაგრამ ამერიკა, ხომ იცით, ოცნების ქვეყანაა და იმედია, ყველაფერი წინ მაქვს.

ჩვენი გადაცემა ძალიან პოპულარული იყო, ყველა თაობისთვის მისაღებ იუმორს ვთავაზობდით, კლასიკურ, დახვეწილ იუმორს. სხვა დონე იყო. მივესალმები დღევანდელ გადაცემებსაც, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ განსხვავება ჩვენ შორის დიდია. როდესაც იუმორისტულ გადაცემას აკეთებ, უფლება არა გაქვს, დაამცირო ადამიანი. ყველაფერი ზოგადად უნდა გააკეთო, თქვა და მაყურებელი მიხვდება. ვიღაცის ფიზიკურ ნაკლზე მითითება - მაღალი ხარ, დაბალი, მსუქანიო, იუმორი არ არის.

ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრში ვმუშაობ, ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობიც ვარ. აქ მოღვაწეობს ქართველი კინორეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე. მან გადაიღო ფილმი ემიგრანტ ქალზე "ნანა", სადაც მთავარ როლს ვასრულებ. ფილმმა ნიუ-იორკისა და ვანკუვერში კანადის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აიღო პრიზი, ბერლინალეზეც აჩვენეს კონკურსგარეშე. საქართველოშიც გაგზავნა კინოფესტივალზე ქეთიმ ფილმი და არც გამოხმაურებიან, პასუხიც არ გასცეს.

როდესაც სოცქსელში "პა-სეანსის" რომელიმე გადაცემა იდება, ყოველთვის საოცარი კომენტარები ერთვის, თქვენ გადაგვატანინეთ მძიმე წლებიო, წერენ. საოცარი ურთიერთობა იყო საზოგადოებაში, უყვარდათ, ეფერებოდნენ ერთმანეთს, იყო უფროსისა და უმცროსის გარჩევა, არ იყო ამდენი შური, ამბიცია. იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.