გურიაში გურულ "ფიშტოს" ხდიან
20-11-2017
გურიაში გურულ "ფიშტოს" ხდიან
შემოდგომა მიილია და გურიაში შინაური არყის, "ფიშტოს" გამოხდის დრო დადგა. მარტო გურიაში და სხვაგან არაო? - იკითხავთ, ალბათ, და მართალიც იქნებით, რადგან შემოდგომა მიილია და ყველა სოფელშიც მოსავალი დაბინავდა, ღვინო დაიწურა და არაყიც ყველგან გამოხადეს, თუმცა გურულების გარდა, ალბათ, აზრად არავის მოუვა, გამოხადოს ნამდვილი "ფიშტო"... კარალიოკისგან, მსხლისგან, ვაშლისგან, ჯონჯოლისგან, ლეღვისგან და ბოლოს - თაფლისგან (ე.წ. ბუზის არაყი).

საკმარისია, გამრჯე გურულის ეზოში რომელიმე მწიფე ხილი მიწაზე დაეცეს, რომ მაშინვე სახლიდან ვინმე
გამოვარდება, ხელს დასტაცებს და საარყე "ბოჭკებში" უკრავს თავს. აქედან უკვე გამოსახდელად გამზადებულ ხილს საარყე ქვაბში გადაუშვებენ, ცეცხლს მიუნთებენ და გავარვარებული მილიდან ცხელი არაყიც ჩამოწანწკარდება...

ქვაბებს გურულები ერთმანეთისაგან თხოულობენ. ამ დროს, რასაკვირველია, ერთმანეთს მკაცრადაც აფრთხილებენ, ჩემს უთქმელად ეს ქვაბი არავის გაატანოო, მაგრამ სულ ტყუილად - საარყე
პატრონის დაუკითხავად მთელ სოფელში "დადის", ზუსტად ისე, როგორც ზამთარში გურულები დადიან ერთმანეთთან "ფიშტოს" გასასინჯად.

ერთს გადაკრავ და მთელი დედამიწის დარდი "ჩამოგეწერება", მერე კი "კრიმანჭულის" დროც დგება! გურული მოხუცები ამბობენ, აბდალა კი არ იყვნენ ჩვენი წინაპრები, დილაადრიან 100 გრამ "ოტკას" რო გადაკრავდნენ და მერე ავადმყოფობა არ ეკარებოდათო.
ამ არგუმენტის გასამყარებლად და ჯანმრთელობისთვისაც არაყს ყველგან და, რა თქმა უნდა, გურიაშიც, აუცილებლად სპილენძის ან ალუმინით მოკალულ ქვაბში ხდიან, სასხვათაშორისოდ კი იმასაც მოგიყვებიან, გასულ საუკუნეში როგორ ჩაუვარდა თითბრის საარყე ქვაბების წარმოება ქუთაისის საავტომობილო ქარხანას - მაგათ ქართველი გლეხი აბდალა ეგონა, აბა, რომელი ჭკვიანი გამოხდიდა თითბერში არაყს, ხომ დეიხოცებოდა ხალხიო!

არყის კარგად მცოდნე ეთნოგრაფები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამოხდილი არაყი თითქმის ისეთივეა, როგორიც იქაური კაცი, მაგალითად, კახური არაყი დინჯად გეკიდება, გურული კი მართლა "ფიშტოსავით" გეცემა და ერთ წამში დაგარეტიანებს.
ასეთია გურული არყის ამბავი, რომელსაც ახლა გურიის სოფლებში, თითქმის ყველა ეზოში ხდიან და "კრიმანჭულსაც" აყოლებენ!

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები