"ამას ბარბაროსობა ჰქვია" - საუკუნოვანი ქვევრი, რომელიც ჯერ ხელით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს - კვირის პალიტრა

"ამას ბარბაროსობა ჰქვია" - საუკუნოვანი ქვევრი, რომელიც ჯერ ხელით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ დააზიანა მუშამ, სავრაუდოდ, მე-11-12 საუკუნეების ქვევრი, რომელიც ასფალტის გაჭრის შემდეგ მიწის სიღრმეში აღმოაჩინეს. მუშამ ქვევრი ჯერ ქვით დააზიანა, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს. შემთხვევა ბათუმში, თამარის დასახლებაში მოხდა.

საკანალიზაციო მილების სამუშაოებს კომპანია "ფაიფერი და გზა" ახორციელებს. დღეს ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები, კომპანიის ხელმძღვანელობა და არქეოლოგები იმყოფებოდნენ. საკანალიზაციო სისტემის სამუშაოები შეწყვეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს ან არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს.

როგორც ambebi.ge-სთან არქეოლოგმა ამირან კახიძემ განაცხადეა, ქვევრი სავარაუდოდ, მე-11-12 საუკუნეებით თარიღდება და ბათუმის იმ დროინდელ ისტორიას ასახავს.

"აღმოჩენილი ქვევრი შუასაუკუნეების უნდა იყოს. ღმერთმა საგანძურები მოგვცა მაგრამ პატრონობა არ ვიცით. წინათ ასეთი წესი არსებობდა, თუ რაიმე სამუშაოები ტარდებოდა სპეციალისტის თანამონაწილეობა აუცილებელი იყო. ჩვენ, რომ გვცოდნოდა ჩვენი წარმომადგენელი მეთვალყურეობას გაუწევდა. ასეთ ფაქტს ბარბაროსობა ჰქვია. ქვევრი ბათუმის ისტორიისათვის ძალიან ღირებულია. რაც შესაძლებელი იქნება გადავარჩენთ",- განაცხადა ამირან კახიძემ. (იხილეთ სრულად)