"ჩემი გაცნობისთანავე ორი ნივთი იყიდა: გერმანულ - ქართული ლექსიკონი და ნიშნობის ბეჭედი" - როგორ გახდა ქართველი მევიოლინე გერმანელების რძალი?
"უჰ, ბელა, გითანაგრძნობთ, რა მაღალი ყოფილაო (ეს იმიტომ, რომ თავად ტანდაბალი ვარ). მეც არ დავიბენი და ღიმილით ვუპასუხე: არა უშავს, ლოგინში ყველა თანასწორია - მეთქი, აბა, გურულ ქალს ენაკვიმატობაში ვინ მაჯობებდა?"
სცენაზე ორნი არიან: წარმოსადეგი, ჭაღარაშეპარული სიმპათიური მამაკაცი და ჰაეროვანი, მშვენიერი ქალბატონი ხელში ვიოლინოთი. სცენიდან მუსიკის საოცარი ჰანგები იღვრება, რომელსაც სულგანაბული მსმენელი თითქოს სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადაჰყავს. როიალთან მჯდომი მამაკაცი ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერია, ქერათმიანი ქალბატონი კი ქართველი მევიოლინე ბელა მახარაძე, უფრო სწორად, ბელა ბერკემერ - მახარაძე. დიახ, სცენაზე ქართულ-გერმანული ოჯახის ორი შესანიშნავი წევრი დგას და მუსიკის ჰანგებით გვიამბობენ თავიანთი საოცარი სიყვარულის ისტორიას.
კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი თბილისს პირველად 2000 წელს ესტუმრა. პროფესიული მისიით ჩამოსული სტუმარი ვერც იფიქრებდა, თუ აქ თავის მეორე ნახევარს იპოვიდა.
- ქალბატონო ბელა, მოგვიყევით თქვენ შესახებ: სად დაიბადეთ, გაიზარდეთ, როგორ შედგით ფეხი მუსიკის სამყაროში?
- დავიბადე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, 6 წლიდან დავიწყე ფორტეპიანოს შესწავლა, ხოლო 7 წლის ასაკიდან ვიოლინოს კლასში გადავედი. ნატანებში ჩემი პირველი მასწავლებლები იყვნენ რაისა ჯავახია (ფორტეპიანო) და თემურ შალვაშვილი (ვიოლინო). შემდეგ ჩავაბარე ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც კვლავ თემურ შალვაშვილის ხელმძღვანელობით ვმეცადინეობდი. ათი წლის ასაკიდან უკვე ორკესტრთან ვუკრავდი, ასე რომ სცენას პატარაობიდანვე ვარ შეჩვეული. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შოთა შანიძის კლასში. პარალელურად ვეუფლებოდი საფორტეპიანო ხელოვნებას.
- როგორ აღმოჩნდით ლიანა ისაკაძის ორკესტრში?
- პირველი კურსიდან მოყოლებული კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტი ვიყავი. მესამე კურსიდან ჩემი ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე გახდა. რადგან წარმატებული სტუდენტი ვიყავი და კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან დაკვრის საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა, სწავლის დასრულებისთანავე ქალბატონმა ლიანამ ახლადჩამოყალიბებულ კამერულ ორკესტრში მიმიწვია.
- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე? როგორც ვიცი, თქვენი გაცნობა კურიოზულ სიტუაციაში მოხდა?
- როგორც კი დავიწყე ქალბატონ ლიანასთან მუშაობა, ჩემი დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გვქონდა უამრავი კონცერტი, გასტროლები და მიწვევები სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ დღესაც რეპეტიციის დაწყების წინ ოთახში შემოვიდა ქალბატონი ლიანა და გვამცნო, რომ გერმანელმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა უვე ბერკემერმა მოისურვა ჩვენი მიწვევა გერმანიაში, ამიტომ ორკესტრის ახლოს გასაცნობად და სარეპეტიციოდ თბილისში აპირებდა ჩამოსვლას. ოთახიდან გასვლისას ქალბატონი ლიანა შემობრუნდა და ღიმილით გვითხრა: სხვათა შორის, ქალებო, იცოდეთ, უვე უცოლოა. უცებ ორკესტრის თითქმის ყველა წევრი ჩემკენ შემოტრიალდა და ლამის ერთხმად გაიმეორა: გესმის, ბელა? გავიკვირვე - რატომ მაინცდამაინც ბელა? ორკესტრში ხომ ხუთზე მეტი ქალია გაუთხოვარი. ეს იყო მართლაც კურიოზული მომენტი, რომელსაც ახლაც ხშირად ვიხსენებთ ღიმილით. არ დამავიწყდება კიდევ ერთი რამ: როცა უვე ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა და ქალბატონმა ლიანამ ის წარგვიდგინა, აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო. ქალებმა ერთგვარი თანაგრძნობით მითხრეს: უჰ, ბელა, გითანაგრძნობთ, რა მაღალი ყოფილაო (ეს იმიტომ, რომ თავად ტანდაბალი ვარ). მეც არ დავიბენი და ღიმილით ვუპასუხე: არა უშავს, ლოგინში ყველა თანასწორია-მეთქი, აბა, გურულ ქალს ენაკვიმატობაში ვინ მაჯობებდა? თბილისში ყოფნის პერიოდში უვე ქალბატონ ლიანას სახლში ცხოვრობდა და პირველივე დღეს უთქვამს ჩემზე მისთვის: ის მევიოლინე გოგონა მომწონსო.
- ენობრივი ბარიერის გამო თქვენ ურთერთობას დასაწყისში საკმაოდ დიდი სირთულეები ჰქონდა. როგორ დაძლიეთ ეს სირთულეები? ამის გამოც ხომ არ გქონიათ კურიოზული მომენტები?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პირველი დანახვისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ენობრივი ბარიერი ხელს გვიშლიდა: უვემ არც ქართული იცოდა და არც რუსული, მე კიდევ-გერმანული. ჩვენ მუსიკის ენით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ვლაპარაკობდით ხელებით, ფეხებით, თვალებით....ურთიერთობაში მეგობრები და ახლობლები გვეხმარებოდნენ. გერმანიაში სამკვირიანი გასტროლის შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ. უვე შემდეგში მიყვებოდა, რომ ჩემი გაცნობისთანავე ორი ნივთი იყიდა: გერმანულ - ქართული ლექსიკონი და ნიშნობის ბეჭედი. თბილისში დაბრუნებისას მე გერმანულის შესასწავლად დავიწყე სიარული და უვეს თითქმის ყველა წერილი ჩემი გერმანულის მასწავლებლის ხელში გადიოდა. ერთხელაც ეს ქალბატონი მეუბნება: ბელა, გამაცანი ეს ადამიანი, ისეთ წერილებს გწერს, მეც კი შემიყვარდაო. ჩ 2000 წელს დავქორწინდით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი გერმანულად საუბარი. რა თქმა უნდა, ქართული მენტალიტეტით, ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილი ქალიშვილისათვის არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როგორც ხშირად ამბობს დედაჩემი, უვე უფრო მეტად ქართველია თავისი ქცევებით, ხასიათითა და გრძნობებით, ვიდრე მე. ალბათ ამან გამიიოლა მასთან ერთად ცხოვრება.
- არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში, უცხო სიტუაციაში, ახლობლებისაგან მოშორებით ცხოვრება?
- რა თქმა უნდა, სირთულეები იყო. ჩვენ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, სადაც თითქმის არცერთი ქართველი არ იყო. მით უმეტეს, ჩემი მეუღლე მუშაობდა და სანამ მეც იქაურ ფერხულში ჩავებმებოდი, მარტო მიწევდა სახლში ყოფნა. თუმცა უვე თავისი ყურადღებით, სიურპრიზებითა და სითბოთი მივსებდა ამ დანაკლისს. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ უვემ უფრო მალე ისწავლა ქართული, ვიდრე მე-გერმანული. უკაცრავად და საპირფარეშოშიც კი ლექსიკონით ხელში დავდიოდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამეთვისებინა გერმანული ენა.
- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი თბილისშიც გადმოხვედით საცხოვრებლად, მოგვიყევით ამის შესახებ. გაგრძელება
ესაუბრა მანანა ქოჩიაშვილი