"ეკა უკნიდან მომეპარა, ჯერ თმაში მწვდა, მერე რამდენჯერმე ყავარჯენი ჩამარტყა თავში" - რა მოხდა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში? - კვირის პალიტრა

"ეკა უკნიდან მომეპარა, ჯერ თმაში მწვდა, მერე რამდენჯერმე ყავარჯენი ჩამარტყა თავში" - რა მოხდა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში?

რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრამ" შეიტყო, რომ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარმა თავი დაიზიანა. თინათინ ბლიაძის თქმით, მიზეზი, რის გამოც ცივი იარაღით მუცელი დაისერა, დაწესებულებაში არსებული უმძიმესი პირობები და სხვა ბენეფიციარებისგან ფიზიკური შეურაცხყოფაა. "კვირის პალიტრა"დუშეთის პანსიონატს ესტუმრა.

თინათინ ბლიაძე:

- ეზოში გავედი სიგარეტის მოსაწევად, მოვუკიდე და ასანთის ღერი გადავაგდე. იქვე იდგა ეტლით მოსარგებლე უჩა უსუფოვი და დამაბრალა, რომ ანთებული ასანთის ღერი მას ვესროლე. მას გამოესარჩლა ბენეფიციარი ეკა პეტროსიანი. სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური მოჰყვა. ეკა უკნიდან მომეპარა, ჯერ თმაში მწვდა, მერე რამდენჯერმე ყავარჯენი ჩამარტყა თავში. ერთი მხრიდან უჩა უსუფოვს ვიგერიებდი, მეორე მხრიდან - პეტროსიანს. დალურჯებული მაქვს თავი და ხელები. გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი. ვთხოვდი, ექსპერტიზაზე გადავეყვანე, თუმცა უარი მითხრეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეკა და უჩა შეურაცხყოფას მაყენებენ. სხვა ბენეფიციარებს და მომსახურე პერსონალსაც ეშინია მათი, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობენ.

- რატომ გერჩიან ეს ბენეფიციარები?

- ეკას პანსიონატში ქუჩის ძაღლები მოჰყავს. თავისი ოთახიდან საწოლი გამოიტანა და იქ ძაღლები ჰყავს. თვითონ დერეფანში სძინავს. დაწესებულებაში საშინელი სუნია, ბაღლინჯოები გაჩნდნენ, აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ძაღლები აუცრელი ჰყავს. ამას წინათ ბენეფიციარს უკბინა ერთმა და აცრეს. ოთახის კარი ვერ გამიღია, ძაღლები შემოდიან. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ძაღლებს იმ აბაზანაში ჰბანს, სადაც ჩვენ ვიბანთ... დერეფნებში ხშირად ყრია მათი განავალი... ამის გამო ამითვალწუნა პეტროსიანმა და საბაბს ეძებს, რომ შეურაცხყოფა მომაყენოს, უჩა კი აქეზებს...

- სად არიან ამ დროს თანამშრომლები?

- დაცვის თანამშრომელი მხოლოდ ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოსვლას აკონტროლებს. დაწესებულებაში თითქმის არასდროს არის ექიმი. ამბობენ, რომ ხუთ ადგილას მუშაობს და აქ მოსვლას ვერ ახერხებს. ძიძებს, დამლაგებელს, მზარეულსა თუ სხვას, ყველას ეშინია პეტროსიანის. რამდენიმე თანამშრომელი ნაცემი ჰყავს, მათ შორის, ფსიქიატრი. ეს გოგო ფსიქიკურად გაუწონასწორებელია...

ჩვენი ახალდანიშნული დირექტორი ირაკლი ძიმისტარიშვილია, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის უფროსის, კახაბერ ძიმისტარიშვილის ძმა. სულ შვებულებაშია. ერთხელ თქვა, ყოველდღე ვერ ვივლი თბილისიდანო. თუ სამსახურში სიარული არ გინდა, წადი და ვინმე სხვა მოვიდეს! სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, სად არის ომბუდსმენი?! უპატრონოდ ვართ! ჩვენი სიცოცხლე დაუცველია!..

პეტროსიანი ამბობს, რომ ბლიაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია (მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი იქ ყოფნისასაც მოხდა. - ავტ.). ადასტურებს, რომ ძაღლებს ოთახში აცხოვრებს... დერეფანში ცხოველების შემაწუხებელი სუნი მართლაც დგას. პანსიონატის შინაგანაწესის მიხედვით, დაწესებულებაში ცხოველების ყოლა რომ დაუშვებელია, ეკამაც იცის, თუმცა ამბობს, რომ მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ეკა პეტროსიანი: - იცით, რამდენჯერ წავიყვანე საკუთარი ხარჯით ძაღლები ელიზბარაშვილის თავშესაფარში? აცრებსაც ვუკეთებ და წამლებსაც ვასმევ. ბლიაძე როცა ნასვამია, აგრესიული ხდება და ყველას გვერჩის. ეზოში მიტოვებული შენობის ოთახი გავაკეთე, შემოვღობე და იქაც რამდენიმე ძაღლი მყავს. ორი ცხვარიც შევიძინე საკუთარი სახსრებით. მინდა, მატყლის ლეიბი და საბანი შევიკერო.

- თინათინი ამბობს, რომ ძაღლებს იმ აბაზანაში აბანავებ, სადაც ყველანი ბანაობთ...

- იქ მარტო ჯიშიან ძაღლებს ვაბანავებ, ყველას - არა. მერე ვასუფთავებ ოთახს და დერეფანს...

პირად საუბრებში ბენეფიციარები და თანამშრომლები ანტისანიტარიაზე ლაპარაკობენ. მიუხედავად იმისა, რომ დამლაგებლები ყოველდღე ასუფთავებენ დერეფნებს, მაინც ყველგან ყრია ცხოველის ბეწვი.

დუშეთის პანსიონატის დირექტორს ადგილზე ვერ შევხვდით... ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე ამბობს, რომ ცხოველების მიმართ პეტროსიანის დამოკიდებულებას ანგარიშს უწევენ, რასაც ბენეფიციარისადმი ჰუმანური მიდგომით ხსნიან. არც ბლიაძეს ეთანხმება, თითქოს დირექტორი სამსახურში არ დადის.

- დუშეთში ნაკლებად არის სამედიცინო დაწესებულებები, სააფთიაქო ქსელი, რომელიც პანსიონატისთვის ყოველდღიურად არის საჭირო, ამიტომ ხელმძღვანელს თითქმის ყოველდღე უწევს სიარული დუშეთიდან ბენეფიციარის გადასაყვანად სამედიცინო თუ სხვა ტიპის დაწესებულებაში. მედიკამენტებზეც დედაქალაქში უწევთ ჩამოსვლა. ამას დიდი დრო სჭირდება. დირექტორის სამსახურში არყოფნა არ ნიშნავს, რომ ის მოვალეობას არ ასრულებს.

- ადასტურებთ, რომ პანსიონატის ამჟამინდელი დირექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის უფროსის ძმაა?

- ირაკლი ძიმისტარიშვილი კონკურსის წესით შეირჩა და დაინიშნა ამ თანამდებობაზე. მე მისი ნათესაური კავშირების შესახებ არაფერი ვიცი.

თორნიკე ყაჯრიშვილი