"სიტყვის კაცი არც ოპოზიციაშია და არც ხელისუფლებაში" - კვირის პალიტრა

"სიტყვის კაცი არც ოპოზიციაშია და არც ხელისუფლებაში"

სახალხო დარბაზის მსჯელობის საგანი ადგილობრივი არჩევნები გახდა. რა განცდა აქვს საზოგადოებას ჩავლილი არჩევნების შემდეგ? - ამის გარკვევა "კვირის პალიტრამ" საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სცადა:

KvirisPalitra.Geვასილ მეტონიძე, 48 წლის, ადვოკატი, სამგორის რაიონის 106-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე: - 90-იანი წლებიდან ვმონაწილეობ საარჩევნო პროცედურებში და კომისიის თავმჯდომარეებისა და წევრების ასეთი გადამზადება არასდროს ყოფილა.

კვირაში სამჯერ გავდიოდით ტრენინგს. ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მოითხოვა, უბნებზე მდივნები ჩვენი უნდა იყოსო. სინამდვილეში, მდივანი არჩევნებზე არაფერს წყვეტს.

მათი წარმომადგენლები ძალიან მოუმზადებლები იყვნენ. ოქმის შევსებაც ვერ შეძლეს და იძულებული გავხდი, ოქმზე პასუხისმგებელი პირები თავად  დამესახელებინა. ჩემს უბანზე არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა, საჯარო რეესტრმა კარგად იმუშავა, საბოლოო სიიდან გარდაცვლილები ამოიღეს.

იმედი მაქვს, ამის შემდეგ გარდაცვლილები "აღარ მისცემენ" ხმას არჩევნებზე.

KvirisPalitra.Geმერაბ მამულაშვილი, 40 წლის,  ჟურნალისტი: - საქართველოში პირველი არჩევნები რომ ჩატარდა, მაშინ კომისიის წევრი ვიყავი.

არჩევნები რომ დასრულდა, მოიტანეს საჭმელ-სასმელი, ღვინო და ყველამ ერთად საქართველო დავლოცეთ. დაპირისპირება, რომელსაც დღეს ვხედავ, მიუღებელია ჩემთვის.

აკაკი ბაქრაძის ნათქვამი მახსენდება: შლისელბურგის ციხეში ოთხი ძმა ჩასვეს და ძმებმა ერთმანეთს თვალები დასთხარეს. ციხეს მხოლოდ ორი გადაურჩა.

დრო გავიდა. უსინათლო ძმები შარაგზაზე  შეხვდნენ და სუნით იგრძნეს ერთმანეთი. გადაეხვივნენ და თქვეს, ერთმანეთის დაჭმის ნაცვლად თითო-თითო აგური რომ გამოგვეღო ციხის კედლიდან, დღეს ოთხივენი ერთად ბედნიერები ვიქნებოდითო.

დათითოკაცებულ საქართველოს ძალიან ადვილად მოერევა მტერი. მინდა ჩემი ქვეყანა და თანამოძმე ამ დაპირისპირებაზე მაღლა დადგეს.

KvirisPalitra.Geნათია გიჯიაშვილი, იურისტი, 29 წლის, ისნის რაიონის მე-10 უბნის საარჩევნო კომისიის წევრი: - კომისიის წევრად "ეროვნულმა საბჭომ" წარმადგინა. რომ ამბობთ, სიები განახლებული მოვიდაო, აი, შეხედეთ, რამდენი მიწერა იყო (აჩვენებს). ჩემს უბანზე 1425 ამომრჩეველი ირიცხება და მათგან დაახლოებით ორასი კაცი მიწერილი იყო.

სასტუმრო "მეტეხის" უკან ვცხოვრობ. ჩვენს ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის თხელი ფენა დააგეს. რომ ვუთხარით, ასფალტი ტროტუარებზეც დააგეთ და უფრო სქლად-მეთქი, მეგზევეების უფროსმა გვითხრა, ამასაც ჩემი ჯიბიდან გიკეთებთო(?!).

ბიძაჩემი არაგვის ხეობაში ხრეშის საწარმოში მუშაობდა. საპრეზიდენტო არჩევნებზე მის უფროსს 200 ათასი შეაწერეს და ჩაიტანა.

აგვისტოს ომში ამ კაცს ისევ შეაწერეს ხრეში, წეროვანში უნდა ჩაიტანო დევნილთა სახლების ასაშენებლადო. დაჰპირდნენ, ფულსაც გადაგიხდითო, მაგრამ გადახდაზე რომ მივიდა საქმე, დაემუქრნენ, აქედან წადი, თორემ კასპში ცემენტის ქარხანასაც დაგიხურავთ, ხრეშის საწარმოსაც და შენც დაგიჭერთო. იმ კაცს ნერვიულობაზე გაჟონვა დაემართა და დღეს ინვალიდია, ბიძაჩემი და მისი 300 თანამშრომელი უმუშევრები დარჩნენ.

ამიტომ მინდოდა ცვლილებები და ვფიქრობდი, ადგილობრივ არჩევნებზე მაინც გაწყდებოდა უსამართლობის ჯაჭვი, მაგრამ არ მოხერხდა.

- დიდი მითქმა-მოთქმაა "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებზე. თქვენს უბნებზე რა ხდებოდა?

ნათია გიჯიაშვილი: - ქალბატონი ზინა ბეროშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ზონის უფროსი და კოორდინატორი შემოვიდა უბანზე, ხმა მისცა და გავიდა, მაგრამ სკოლის შორიახლოს იდგა გაშლილი ფურცლებით. აღრიცხული ჰყავდა ამომრჩევლები და ყველა მომსვლელს ხელს აწერინებდა. ვინც არ მოდიოდა, შინ აკითხავდნენ და აიძულებდნენ, ხმის მისაცემად წამოსულიყო. ჩვენს უბანზე "ნაციონალების" მხარდამჭერი 300 კაცი მოვიდა.

ძირითადად, არაქართველ მოსახლეობაზე, ახალგაზრდებსა და ისეთებზე მუშაობდნენ, რომელთა ინტელექტიც მაღალი არ არის. კარში ვიდექი და უბანში მოსულებს ჯიბიდან ვაცლიდი მოსაწვევებს, რომელზეც 5-იანი იყო დაბეჭდილი. ხალხს ვადანაშაულებ. არ მოვიდნენ არჩევნებზე. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 300 კაცის მოყვანა შეძლო, ოპოზიციის მხარდამჭერები კი არ მოვიდნენ.  ხალხს ჰგონია, ჩემი ხმა არაფერს წყვეტს, არჩევნები ისედაც გაყალბდებაო. ჩემს უბანზე 800 კაცი რომ მოსულიყო, ოპოზიცია მოიგებდა.

KvirisPalitra.Geაკაკი ცივაძე, 75 წლის, მათემატიკოსი: - არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან თებერვალში პირადობის მოწმობის აღება რომ მოვინდომე, დროებითი მომცეს, რითაც ხმის მიცემის უფლება არ მქონდა.

როგორ დავიჯერო, სულ დროებითი მოწმობები გაიცემოდა წინასაარჩევნოდ? რა საჭირო იყო სიების დასაზუსტებლად ოპოზიციისთვის 1 მლნ-ის მიცემა, როდესაც ერთ პატიოსან სპეციალისტს შეეძლო სიის გასწორება? მე ოპოზიციის ოპოზიციაც ვარ და ხელისუფლებისაც.

- რამდენად მოსალოდნელი იყო არჩევნების შედეგი?

ვასილ მეტონიძე: - ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ხალხი შიშის გამო, სამსახური არ დავკარგოთო, ყოველთვის ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს.

აკაკი ცივაძე: - ხელისუფლების მხარდამჭერები შეშინებული კი არა, უფრო გახარებულები არიან, როდესაც ხედავენ, 90% შიმშილით კვდება, მე კი სამსახური მაქვს, თავადაც ვჭამ და სხვებსაც ვაჭმევო. ამიტომაც ყოველთვის ხელისუფლებას მისცემენ ხმას, რადგან მათთვის პირადი კეთილდღეობაა მთავარი.

მერაბ მამულაშვილი: - ხალხმა დაინახა ორგანიზებული ხელისუფლება და არაორგანიზებული ოპოზიცია და შესაბამისი არჩევანიც გააკეთა. ოპოზიცია გათიშული და არაერთგვაროვანია და ხალხიც ფიქრობს, რატომ უნდა დავკარგო ხმა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ერთმანეთში ვერ გარკვეულანო.

ნათია გიჯიაშვილი: - მაშინ დიდი აქტივობა იყო და იმიტომ მოიგო გაჩეჩილაძემ. რადიკალურად განწყობილი ხალხი ამ არჩევნებზე აღარ მოვიდა.

- აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც ხალხი ბრძოლის პერსპექტივას ხედავს, აქტიურდება. ამჯერად ვერ დაანახა ეს პერსპექტივა ოპოზიციამ?

მერაბ მამულაშვილი: - ოპოზიცია ძალიან სუსტია, ხალხში მუხტის გაღვიძება ვერ შეძლო. ოპოზიცია მიშას იმას კი არ უნდა უყვიროდეს, რატომ დააგე ასფალტიო, უნდა ეუბნებოდეს, კარგია, რომ დააგე, მაგრამ ახლა სხვა ნაკლოვანებები გამოასწორე, გადასახადები შეამცირე და ეკონომიკა განავითარეო. კრიტიკა სიყვარულით უნდა და არა ღვარძლით.

აკაკი ცივაძე: - ოპოზიციამ ყველაფერი მიიღო ხელისუფლებისგან: ცხოვრების საშუალება, ფინანსები და იმიტომაც არ იბრძვის მის შესაცვლელად. ჩემნაირი ხალხი კი უკიდურესად გაღიზიანებულია. ოპოზიციამ თავი დაანებოს სისულელეებს და ვადამდე არჩევნების მოთხოვნას. 50 წლის წინ ვინმეზე რომ იტყოდნენ, სიტყვის კაცი არ არისო, თბილისიდან უნდა გაქცეულიყო, ახლა სიტყვის კაცი არც ოპოზიციაშია და არც ხელისუფლებაში, ხალხს არავინ უწევს ანგარიშს. გადაგიხადეს რამე, საარჩევნო კომისიის წევრად რომ იყავით?

KvirisPalitra.Geნინო მაისურაძე, 75 წლის ტექნოლოგი: - არჩევნების წინ ზვიად ძიძიგურმა იმისათვის, რომ კომისიის წევრებისთვის ფული გადაეხადა, ბინა დააგირავა.

ველოდი ამ შედეგს. არც ბიზნესი გვაქვს და არც მაღაზიები. 20 წელი დიდ გაჭირვებაში ვცხოვრობთ. თითქმის ყველა უმუშევარი ვართ. გარაჟი გვაქვს გაქირავებული და ამით ვარსებობთ. არც "ნაციონალებისაგან" ველოდები რამეს და არც ოპოზიციისაგან, მხოლოდ მშვიდი ცხოვრება მინდა.

ოპოზიციონერები გადასარევად არიან, მოსუქებულები, ჩაცმულ-დახურულები და საიდან, რითი ცხოვრობენ?

ვასილ მეტონიძე: - ხომ შემოგთავაზეს ქრისტიან-დემოკრატებმა გაზი - 10 თეთრი, დენი -  5 თეთრი და წყალი - უფასოო, რატომ არ დაუჭირეთ მხარი?

ნინო მაისურაძე: - არ მჯერა ამ დაპირების, მაგრამ მომეწონა, რომ გია ჭანტურიამ თანამშრომლობა შესთავაზა უგულავას. დასხდნენ და ერთად იანგარიშონ, რა შეიძლება გაუკეთონ ხალხს.

მერაბ მამულაშვილი: - მინდა საქართველოში ტყვიითა და რევოლუციით კი არ ცვლიდნენ ხელისუფლებას, არამედ არჩევნებით და  გამარჯვებული დამარცხებულს ხელს ართმევდეს. მინდა, ქვეყანა დაწყნარდეს.

ნათია გიჯიაშვილი: - დავწყნარდეთ და არაფერი ვთქვათ დაკარგულ 150 ქართულ სოფელზე? სანამ ქვეყანაში  განუკითხაობა და უსამართლობა იქნება, ხალხს რა დააწყნარებს?

- რა დაგანახათ ამ არჩევნებმა?

აკაკი ცივაძე: - ამ არჩევნებმა დამანახა, რომ დროა, ხმა ამოვიღო.

ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთში ინაწილებენ პროცენტებს და ხალხის აზრი არავის აინტერესებს. არჩევნები ასჯერ რომ ჩაატარონ, ვიღაც ისევ ისე დაწერს პროცენტებს, როგორც ხელს აძლევს. თუ ოპოზიციას არაფრის თავი არა აქვს, წავიდეს პოლიტიკიდან და თავი დაანებონ ხალხის მოტყუებას.

ნათია გიჯიაშვილი: - ამ არჩევნებმა დამანახა, რომ 4 წელი ისევ უსამართლობა, უკანონობა და გადატენილი ციხეები იქნება. ეს არ იყო ხალხის ნების გამომხატველი არჩევნები. ამ არჩევნებით ქვეყანა წინ არ წასულა.

ვასილ მეტონიძე: - მე კი იმედიანად ვარ.  მიშას წასვლის დრო აქვს, უგულავას კი პრეზიდენტობის დრო უდგება, ამიტომაც ხელისუფლება გაცილებით მეტს გააკეთებს. პრეზიდენტობისათვის ბრძოლა, ალბათ, გიორგი თარგამაძესა და უგულავას შორის გაიმართება. სააკაშვილი შეეცდება, მემკვიდრე დატოვოს, რათა მერე არ მოეთხოვოს პასუხი.

P.S. "სახალხო დარბაზის" ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, მიამბო, რომ უბნის კოორდინატორებს წინასწარ დაჰპირდნენ, თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მაქსიმალურ მობილიზებას შეძლებდნენ, ოღონდ მხოლოდ მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, 1 წლის განმავლობაში 200-ლარიან ხელფასს დაუნიშნავდნენ, კოორდინატორები კი თავის მხრივ, ამომრჩევლებს, რომელთაც ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს, პრემიის სახით ("ნაცმოძრაობის" სალაროდან) ერთჯერადად 200 ლარს დაჰპირდნენ.