"ის საპატრიარქოში არსებული ჯგუფებიდან არცერთს არ მიეკუთვნება" - ვინ არის მიტროპოლიტი შიო მუჯირი? - კვირის პალიტრა

"ის საპატრიარქოში არსებული ჯგუფებიდან არცერთს არ მიეკუთვნება" - ვინ არის მიტროპოლიტი შიო მუჯირი?

ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

48 წლის მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

საპატრიარქოს საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. 1996 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

მეუფე შიო გიორგი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარია, მას ასევე ახლო კავშირი აქვს ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. საინტერესოა, რომ თავის დროზე მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანია სწორედ მისი ეპარქიიდან დაიწყო. წყაროთა ნაწილის თქმით, აქამდე ის საპატრიარქოში არსებული ჯგუფებიდან არცერთს არ მიეკუთვნებოდა, თუმცა არ გამორიცხვენ, რომ  მას საპატრიარქო ტახტზე მხარი დაუჭერს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფმა.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება მიტროპოლიტ შიო მუჯირის ინტერვიუ პატრიარქთან, რომელიც 2012 წლის 27 დეკემბერს ჩაიწერა და სადაც მიტროპოლიტი ილია მეორეს პატრიარქის სულიერ მოძღვარზე არქიმანდრიტ შიო ძიძავაზე ესაუბრება. იხილეთ: "მამა შიომ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... - ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქთან