"მეუფე შიო პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა..." - რა ამბობენ თეოლოგები პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელებაზე? - კვირის პალიტრა

"მეუფე შიო პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა..." - რა ამბობენ თეოლოგები პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელებაზე?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირი დაასახელა. ის სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.

"თანამოსაყდრე ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა ილია მეორე მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ხაზს უსვამდეს, რომ მომავალი პატრიარქის პოზიციაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა მიტროპოლიტი შიო მუჯირია", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კანონიკური სამართლის სპეციალისტმა, თეოლოგმა ლადო ნარსიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დასახელების გადაწყვეტილებაში იკითხება ის, რომ ილია მეორეს სჭირდება ადამიანი, რომელიც უფრო ენერგიულია და რომელიც მასთან ერთად შესძლებს ეკლესიის წინაში არსებულ სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავებას.

"პატრიარქი საკმაოდ ასაკშია, ჩვენ თვალს ვადევნებთ მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებს და მის მიერ მოსაყდრის დასახელება პოზიტიური ფაქტია. ჩვენ იმედით უნდა შევხედოთ, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი შეძლებს თავი გაართვას იმ პრობლემებს, რომელიც ახლავს ეკლესიის მართვის პროცესს. ჩემი დაკვირვებით, ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ნაკარნახევია სამოქალაქო საზოგადოების, თეოლოგების, სხვადახვა პირთა მიერ და მას მივესალმები. პატრიარქად არჩევის წესი ითვალისწინებს დადგენილ რეგლამენტს, თუ როგორ უნდა აირჩეს პატრიარქი, დამტკიცდეს და ასე შემდეგ", - განაცხადა ლადო ნარსიამ.

ცნობისთვის, შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილის თქმით კი, პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელება ნიშნავს, რომ სიმბოლურად ილია მეორემ მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ეს არ არის მემკვიდრე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრიარქი, მაგრამ მოსაყდრე არის ადამიანი, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოვალეა 40 დღის განმავლობაში მოიწვიოს კრება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი განაცხადი პატრიარქის მხრიდან, თუ ვის ხედავს ამ მოვალეობის შემსრულებლად. სიმბოლურად მხარდაჭერაა ნამდვილად. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პირდაპირ მემკვიდრის დასახელებას, რადგან ეს არ არის მონარქია, რომ მემკვიდრეობით გადაეცემოდეს პატრიარქობა, მაგრამ ამ ადამიანის მკვეთრი გამორჩევა სიმბოლური მხარდაჭერა ნამდვილად არის", - განაცხადა მინდიაშვილმა.